ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი

მამა ანდრია: 10 წლის წინ სტანდარტი არ იყო, სახლშიც ფიზიკური ზემოქმედებით ზრდიდნენ ბავშვებს

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თქმით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით ტყუილი და მართალი ერთმანეთშია არეული. დეკანოზი ამბობს, რომ ყველაფერი გამოძიების საკითხია, თუმცა 10 წლის წინ არანაირი სტანდარტი არ არსებობდა და ბავშვებს ოჯახებშიც ფიზიკური ზემოქმედების ქვეშ ზრდიდნენ. 

"არის ტყუილი და მართალი ერთმანეთში არეული, იმის გამო კი არა, რომ ვიღაცას უნდა მოტყუება, არამედ იმიტომ, რომ იქ არის ძალიან ბევრი გარემოება. წარმოიდგინეთ, თინეიჯერი ბავშვი ნინოწმინდის პანსიონში ცხოვრობს, იყურება წინ, აქვს მას ინტერნეტი, ხედავს რა ხდება, ახალგაზრდები როგორ ცხოვრობენ და მას ეძლევა შანსი, ილაპარაკოს რაღაცაზე, რაც მას მისცემს გარანტიას, რომ თბილისში გადმოვა, დედაქალაქში და მიეცემა აქ სწავლის გაგრძელების საშუალება. 

რა თქმა უნდა, ყვება ეს ადამიანი, იქვე ამბობს, რომ 5-10 წლის წინანდელ ამბებს ყვება, მაგრამ, შეიძლება, უახლოეს წარსულშიც მეორდება რაღაცები. ეს ყველაფერი გამოძიების საკითხია, ჩვენ კარგად უნდა გამოვიძიოთ რა ხდება, როდის ხდება. 10 წლის წინ არანაირი სტანდარტი არ იყო, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, და სახლშიც ასე ზრდიდნენ ბავშვებს ძალიან ხშირად, ფიზიკური ზემოქმედების ქვეშ". – თქვა დეკანოზმა ანდრიამ TV პირველის ეთერში. 


ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობ იაკობაშვილი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ხელმძღვანელად დაინიშნა. ამ თანამდებობას აქამდე მიტროპოლიტი სპირიდონი იკავებდა. გადაწყვეტილება პანსიონატის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს მოჰყვა. ყოფილი აღსაზრდელები ხელმძღვანელობას ძალადობაში ადანაშაულებენ, საპატრიარქო კი შიგნით სახალხო დამცველს არ უშვებს. 

5 ივნისს სასამართლომ PHR-ის მოთხოვნა ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გაყვანის შესახებ დააკმაყოფილა. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ანა აბაშიძის თქმით, ბავშვების დაწესებულებიდან გაყვანა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს. გადაწყვეტილება მოსამართლე ივანე ღლონტმა მიიღო.  

PHR-ის წარმომადგენელი, ანა არგანაშვილი განმარტავს, რომ კანონმდებლობით ორგანიზაციისთვის განსაზღვრული სპეციალური მოსარჩელის სტატუსიდან გამომდინარე, განაჩენში არსებობს ტექნიკური ჩანაწერი პანსიონიდან მხოლოდ შშმ ბავშვების გაყვანის შესახებ, მაგრამ, მისივე თქმით, თუ პანსიონში საფრთხე არსებობს, რომელზეც მოსამართლეც საუბრობს, არ შეიძლება იქ რომელიმე ბავშვი დარჩეს. 

საქართველოს საპატრიარქომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით, რომელიც მის დაქვემდებარებაშია, განცხადება გაავრცელა. საპატრიარქო აღნიშნავს, რომ ისინი გაასაჩივრებენ სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას, რომლითაც PHR-ის მოთხოვნა პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივ გამოყვანის შესახებ დაკმაყოფილდა.

გაერთიანებული ერების სააგენტოთა ჯგუფი საქართველოში ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაცია გმობს ნებისმიერ მცდელობას, რომელიც ხელს უშლის სახალხო დამცველის აპარატისა და ქვეყნის სხვა შესაბამისი უწყებების მხრიდან თავიანთი მოვალეობების შესრულებას. 

ორგანიზაცია ასევე გმობს ბავშვთა მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობას და სასტიკად მოპყრობას და იმედოვნებს, რომ 5 ივნისის სასამართლო გადაწყვეტილება ბავშვთა სახლიდან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბენეფიციარების გაყვანის შესახებ იქ მყოფ ყველა ბავშვზე გავრცელდება. 


4 ივნისს სხალთის ეპარქიამ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ბენეფიციარების ამსახველი ვიდეოჩანაწერი სოციალურ ქსელში გაავრცელა. ვიდეოში მონაწილე არასრულწლოვანების იდენტიფიცირება სრულად არის შესაძლებელი. 

ფაქტს გამოეხმაურა სახალხო დამცველიც და სახელმწიფო უწყებებს პანსიონში მყოფი არასრულწლოვნების უფლებადარღვევის განგრძობად ფაქტზე დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ მოუწოდა. ფაქტის შესწავლა დაიწყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმაც. 

2 ივნისს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით გამოძიება სავარაუდო გაუპატიურებაზეც არის დაწყებული. 3 ივნისს, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა განცხადება გაავრცელა და  შსს-ს შესაბამის სამსახურს მიმართა, ბავშვთა სახლთან დაკავშირებული საქმეები გაესაჯაროებინა. 

მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ ნინოწმინდის პანსიონის საქმეში დანაშაულის დასადგენად საკმარისი მტკიცებულებები არ არის. განცხადების თანახმად, 2016 წლიდან დღემდე გამოძიება სისხლის სამართლის 4 საქმეზე მიმდინარეობს, თუმცა, ამ ეტაპზე, საქმეში არ არის საკმარის მტკიცებულებათა ის სტანდარტი, რომლითაც დადგინდება შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

კომენტარები