ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი

"ჯერ ადრეა მაგაზე საუბარი" – მეუფე იაკობი ნინოწმინდის პანსიონში ომბუდსმენის შეშვებაზე 

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ახალი დირექტორის, ბოდბელი მიტროპოლიტ იაკობის თქმით, პანსიონში სახალხო დამცველის შეშვებაზე საუბარი "ჯერ ადრეა". მეუფე იაკობი ამბობს, რომ პანსიონში შესულ სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებს იქ დღეს არსებული მდგომარეობის შესახებ კითხვები არ აქვთ. 

"მე ახლა შემოსული ვარ, სიტუაციას გავეცნობი. გავეცნობი სიტუაციას, ჯერ ადრეა მაგაზე საუბარი, გავეცნობი სიტუაციას და მერე მივიღებ გადაწყვეტილებას. დღესდღეობით სოციალური მუშაკები მუშაობენ, სახელმწიფოს წარმომადგენლები არიან. ასევე, სხვადასხვა ორგანიზაციაც იყო შემოსული და კითხვები დღევანდელ მდგომარეობაზე არ აქვთ. ადრე რა იყო, არ ვიცი, თუმცა დღევანდელ მდგომარეობაზე არ აქვთ და ადრეც სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და მე ვფიქრობ, არასწორი გადაწყვეტილება მიიღო და ამაზე აუცილებლად ვიდავებთ". – თქვა მეუფე იაკობმა. 

ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობ იაკობაშვილი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ხელმძღვანელად დაინიშნა. ამ თანამდებობას აქამდე მიტროპოლიტი სპირიდონი იკავებდა. გადაწყვეტილება პანსიონატის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს მოჰყვა. ყოფილი აღსაზრდელები ხელმძღვანელობას ძალადობაში ადანაშაულებენ, საპატრიარქო კი შიგნით სახალხო დამცველს არ უშვებს. 

5 ივნისს სასამართლომ PHR-ის მოთხოვნა ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გაყვანის შესახებ დააკმაყოფილა. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ანა აბაშიძის თქმით, ბავშვების დაწესებულებიდან გაყვანა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს. გადაწყვეტილება მოსამართლე ივანე ღლონტმა მიიღო.  

PHR-ის წარმომადგენელი, ანა არგანაშვილი განმარტავს, რომ კანონმდებლობით ორგანიზაციისთვის განსაზღვრული სპეციალური მოსარჩელის სტატუსიდან გამომდინარე, განაჩენში არსებობს ტექნიკური ჩანაწერი პანსიონიდან მხოლოდ შშმ ბავშვების გაყვანის შესახებ, მაგრამ, მისივე თქმით, თუ პანსიონში საფრთხე არსებობს, რომელზეც მოსამართლეც საუბრობს, არ შეიძლება იქ რომელიმე ბავშვი დარჩეს. 

საქართველოს საპატრიარქომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით, რომელიც მის დაქვემდებარებაშია, განცხადება გაავრცელა. საპატრიარქო აღნიშნავს, რომ ისინი გაასაჩივრებენ სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას, რომლითაც PHR-ის მოთხოვნა პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივ გამოყვანის შესახებ დაკმაყოფილდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან 20 არასრულწლოვანი ალტერნატიულ სერვისებში გადაანაწილეს, მათ შორის, 7 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვია. 

გაერთიანებული ერების სააგენტოთა ჯგუფი საქართველოში ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაცია გმობს ნებისმიერ მცდელობას, რომელიც ხელს უშლის სახალხო დამცველის აპარატისა და ქვეყნის სხვა შესაბამისი უწყებების მხრიდან თავიანთი მოვალეობების შესრულებას. 

ორგანიზაცია ასევე გმობს ბავშვთა მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობას და სასტიკად მოპყრობას და იმედოვნებს, რომ 5 ივნისის სასამართლო გადაწყვეტილება ბავშვთა სახლიდან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბენეფიციარების გაყვანის შესახებ იქ მყოფ ყველა ბავშვზე გავრცელდება. 


4 ივნისს სხალთის ეპარქიამ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ბენეფიციარების ამსახველი ვიდეოჩანაწერი სოციალურ ქსელში გაავრცელა. ვიდეოში მონაწილე არასრულწლოვანების იდენტიფიცირება სრულად არის შესაძლებელი. 

ფაქტს გამოეხმაურა სახალხო დამცველიც და სახელმწიფო უწყებებს პანსიონში მყოფი არასრულწლოვნების უფლებადარღვევის განგრძობად ფაქტზე დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ მოუწოდა. ფაქტის შესწავლა დაიწყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმაც. 

2 ივნისს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით გამოძიება სავარაუდო გაუპატიურებაზეც არის დაწყებული. 3 ივნისს, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა განცხადება გაავრცელა და  შსს-ს შესაბამის სამსახურს მიმართა, ბავშვთა სახლთან დაკავშირებული საქმეები გაესაჯაროებინა. 

მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ ნინოწმინდის პანსიონის საქმეში დანაშაულის დასადგენად საკმარისი მტკიცებულებები არ არის. განცხადების თანახმად, 2016 წლიდან დღემდე გამოძიება სისხლის სამართლის 4 საქმეზე მიმდინარეობს, თუმცა, ამ ეტაპზე, საქმეში არ არის საკმარის მტკიცებულებათა ის სტანდარტი, რომლითაც დადგინდება შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

კომენტარები