ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი

გაერო ნინოწმინდაზე: ვიმედოვნებთ, სასამართლოს გადაწყვეტილება გავრცელდება ყველა ბავშვზე

Ombudsman

გაერთიანებული ერების სააგენტოთა ჯგუფი საქართველოში ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაცია გმობს ბავშვთა მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობას და სასტიკად მოპყრობას და იმედოვნებს, რომ 5 ივნისის სასამართლო გადაწყვეტილება ბავშვთა სახლიდან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბენეფიციარების გაყვანის შესახებ იქ მყოფ ყველა ბავშვზე გავრცელდება. 

"აღსანიშნავია სასამართლოს გადაწყვეტილება ნინოწმინდის სკოლა-პანსიონატიდან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახებში, მინდობით აღზრდაში ან მცირე საოჯახო ტიპის დაწესებულებებში განთავსებასთან დაკავშირებით. ვიმედოვნებთ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება გავრცელდება დაწესებულებებში მყოფ ყველა ბავშვზე, ბავშვის უფლებათა კონვენციის შესაბამისად. დიდი ზომის ინსტიტუციებიდან ბავშვების ოჯახურ და თემზე დაფუძნებულ მზრუნველობაში გადაყვანისას მნიშვნელოვანია, ჩატარდეს შესაბამისი  მოსამზადებელი სამუშაო ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით". – ვკითხულობთ განცხადებაში. 

ორგანიზაცია გმობს ნებისმიერ მცდელობას, რომელიც ხელს უშლის სახალხო დამცველის აპარატისა და ქვეყნის სხვა შესაბამისი უწყებების მხრიდან თავიანთი მოვალეობების შესრულებას. განცხადებაში ნათქვამია, რომ საკუთარი მანდატის შესრულებაში ისეთი კონსტიტუციური ერთეულის შეზღუდვა, როგორიცაა სახალხო დამცველის აპარატი, ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ადამიანის უფლებების დაცვისა და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით ნაკისრ ვალდებულებებს.

"ვგმობთ ნებისმიერ მცდელობას, რომელიც ხელს უშლის სახალხო დამცველის აპარატისა და ქვეყნის სხვა შესაბამისი უწყებების მხრიდან თავიანთი მოვალეობების შესრულებას [გაეროს წამებისა და სხვა სახის სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ კონვენციის ფაკულტატიური ოქმის შესაბამისად]". – წერია განცხადებაში. 

გაეროს სააგენტოთა ჯგუფი აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს მხრიდან აუცილებელია მყისიერი და მკაცრი ზომების გატარება დეინსტიტუციონალიზაციის დეტალური სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და დამტკიცებისთვის, რაც ხელს შეუწყობს ბავშვთა მოვლის სერვისების გაუმჯობესებას და ოჯახისა და თემის მხარდამჭერი ალტერნატიული მომსახურებების გაძლიერებას.

"ჩვენი რეკომენდაცია იქნება, რომ შეიქმნას სათანადო მექანიზმი, რომელიც ბავშვთა კეთილდღეობისა და უფლებების უზრუნველსაყოფად ზედამხედველობას გაუწევს დეინსტიტუციონალიზაციის პროცესს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ამასთანავე, ინსტიტუციებში მოთავსებული ბავშვებისთვის უნდა შემუშავდეს ინდივიდუალური გეგმები. გეგმების შემუშავებისა და განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, სასურველია, ჩამოყალიბდეს სამუშაო ჯგუფი სოციალური მუშაკებისა და ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტებისგან (ფსიქოლოგებისა და თერაპევტების ჩათვლით), იმისათვის, რომ ბავშვებმა სრულფასოვანი დახმარება მიიღონ". – ნათქვამია განცხადებაში. ​


5 ივნისს სასამართლომ PHR-ის მოთხოვნა ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გაყვანის შესახებ დააკმაყოფილა. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ანა აბაშიძის თქმით, ბავშვების დაწესებულებიდან გაყვანა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს. გადაწყვეტილება მოსამართლე ივანე ღლონტმა მიიღო.  

PHR-ის წარმომადგენელი, ანა არგანაშვილი განმარტავს, რომ კანონმდებლობით ორგანიზაციისთვის განსაზღვრული სპეციალური მოსარჩელის სტატუსიდან გამომდინარე, განაჩენში არსებობს ტექნიკური ჩანაწერი პანსიონიდან მხოლოდ შშმ ბავშვების გაყვანის შესახებ, მაგრამ, მისივე თქმით, თუ პანსიონში საფრთხე არსებობს, რომელზეც მოსამართლეც საუბრობს, არ შეიძლება იქ რომელიმე ბავშვი დარჩეს. 

საქართველოს საპატრიარქომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით, რომელიც მის დაქვემდებარებაშია, განცხადება გაავრცელა. საპატრიარქო აღნიშნავს, რომ ისინი გაასაჩივრებენ სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას, რომლითაც PHR-ის მოთხოვნა პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივ გამოყვანის შესახებ დაკმაყოფილდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან 20 არასრულწლოვანი ალტერნატიულ სერვისებში გადაანაწილეს, მათ შორის, 7 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვია. 


4 ივნისს სხალთის ეპარქიამ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ბენეფიციარების ამსახველი ვიდეოჩანაწერი სოციალურ ქსელში გაავრცელა. ვიდეოში მონაწილე არასრულწლოვანების იდენტიფიცირება სრულად არის შესაძლებელი. 

ფაქტს გამოეხმაურა სახალხო დამცველიც და სახელმწიფო უწყებებს პანსიონში მყოფი არასრულწლოვნების უფლებადარღვევის განგრძობად ფაქტზე დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ მოუწოდა. ფაქტის შესწავლა დაიწყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმაც. 

2 ივნისს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით გამოძიება სავარაუდო გაუპატიურებაზეც არის დაწყებული. 3 ივნისს, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა განცხადება გაავრცელა და  შსს-ს შესაბამის სამსახურს მიმართა, ბავშვთა სახლთან დაკავშირებული საქმეები გაესაჯაროებინა. 

მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ ნინოწმინდის პანსიონის საქმეში დანაშაულის დასადგენად საკმარისი მტკიცებულებები არ არის. განცხადების თანახმად, 2016 წლიდან დღემდე გამოძიება სისხლის სამართლის 4 საქმეზე მიმდინარეობს, თუმცა, ამ ეტაპზე, საქმეში არ არის საკმარის მტკიცებულებათა ის სტანდარტი, რომლითაც დადგინდება შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

კომენტარები