ორგანიზებული დანაშაული

FBI-ის შექმნილი აპლიკაციის საშუალებით ორგანიზებულ დანაშაულში ეჭვმიტანილი ასობით პირი დააკავეს

AFP

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ორგანიზებულ დანაშაულში ეჭვმიტანილი 800-მდე ადამიანი დააკავეს. ეჭვმიტანილების გამოვლენა აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ შემუშავებული მოკლე ტექსტური შეტყობინებების აპლიკაციის საშუალებით გახდა შესაძლებელი.

ავსტრალიის პოლიციისა და FBI-ის მიერ ერთობლივად დაგეგმილი ოპერაციის ფარგლებში დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული პირები ANOM-ის დაშიფრული მოკლე ტექსტური შეტყობინებების აპლიკაციაზე დაკვირვებით გამოვლინდნენ. პოლიცია აპლიკაციაში ნარკოტიკებით ვაჭრობაზე, ფულის გათეთრებაზე და ზოგ შემთხვევებში მკვლელობების დაგეგმვაზე მიმოწერას აკვირდებოდა.

გამოძიების მთავარი სამიზნე ნარკომოვაჭრეები, მაფია, აზიური კრიმინალური სინდიკატები და სხვადასხვა კრიმინალური დაჯგუფებები იყო.

​ოპერაცია ტროის ფარის ფარგლებში პოლიციამ ნარკოტიკები, იარაღი, ძვირადღირებული მანქანები და დიდი რაოდენობით ფული ამოიღო. ამოღებულ ნივთმტკიცებებს შორისაა 8 ტონა კოკაინი, 250 ცეცხლსასროლ იარაღი და 48 მილიონ დოლარზე მეტი სხვადასხვა ვალუტასა და კრიპტოვალუტაში.

ავსტრალიის პრემიერმინისტრის, სკოტ მორისონის თქმით, ოპერაციამ "მძიმე დარტყმა მიაყენა ორგანიზებულ დანაშაულს" მსოფლიოს მასშტაბით. 

ევროკავშირის პოლიციის სააგენტოს ევროპოლმა ოპერაცია ტროას ფარი დაშიფრული კომუნიკაციების წინააღმდეგ ყველაზე მსხვილ ოპერაციად შეაფასა.

სამი წლის განმავლობაში სამართალდამცველები დაშიფრული კომუნიკაციებისთვის განკუთვნილ სპეციალური ტელეფონებს კრიმინალურ წრეებში ინფორმატორების საშუალებით ავრცელებდნენ. ტელეფონებში დაშიფრული საკომუნიკაციო აპლიკაცია ANOM-ი იყო დაყენებული.

ოპერაციის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც სამართალდამცველებმა რამდენიმე დაშიფრული საკომუნიკაციო პლატფორმა დაბლოკეს და კრიმინალურ ჯგუფებში კომუნიკაციის ახალი საშუალების მოთხოვნა გაჩნდა.

ტელეფონებს თავდაპირველად კრიმინალური ჯგუფების ხელმძღვანელები იყენებდნენ, რამაც მათ მიმართ ნდობა გააჩინა. ავსტრალიის პოლიციის განმარტებით, ტელეფონის მიღება მხოლოდ ნაცნობი კრიმინალისგან იყო შესაძლებელი. ამ ტელეფონებს არ დარეკვა და არც ელექტრონული ფოსტის გამოყენება შეეძლოთ და ისინი მხოლოდ ANOM-ის აპლიკაციით საკონტაქტოდ გამოიყენებოდა.

პოლიციის თანახმად, ოპერაციაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ნარკომოვაჭრე ჰაკან აიკმა, რომელმაც აპლიკაციას კრიმინალურ წრეებში რეკომენდაცია გაუწია.

მთლიანობაში 100-ზე მეტ ქვეყანაში, 300-მდე კრიმინალურ სინდიკატში ANOM-ის აპლიკაციით 12 000-ზე მეტ ტელეფონს იყენებდნენ. 

სამართალდამცველებს დანაშაულების ამსახველ მილიონობით შეტყობინებაზე ჰქონდათ წვდომა.

"ისინი საუბრობდნენ ნარკოტიკებზე, ძალადობაზე, ერთმანეთის შეკვეთილ მკვლელობებზე, უდანაშაულო ადამიანებზე, რომლის მოკვლასაც გეგმავდნენ". – თქვა ავსტრალიის ფედერალური პოლიციის კომისარმა, რის კერშავმა.

მსოფლიოს მასშტაბით ოპერაციაში 9 000-მდე პოლიციელი იყო ჩართული.

კომენტარები