ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი

განათლების კომიტეტი ნინოწმინდაზე: მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში, ჩავერთოთ პროცესში

Ombudsman

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატთან დაკავშირებით ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე იმსჯელეს. კომიტეტის წევრებმა მზაობა გამოთქვეს, საჭიროების შემთხვევაში, ჩაერთონ საკითხის მოგვარების პროცესში

კომიტეტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პანსიონატში უკვე მუშაობენ სოციალური მუშაკები და სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ბავშვთა უფლებები იყოს მაქსიმალურად დაცული.

"ეს საკითხი, უპირველეს ყოვლისა, ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარების ქვეშ არის, თუმცა განათლების სამინისტროს მხრიდანაც მიმდინარეობს მონიტორინგი და ჩვენი კომიტეტი იქნება ამ საკითხში ჩართული". – თქვა შალვა პაპუაშვილმა.

"ძალიან მნიშვნელოვანია, ბავშვის ინტერესებზე მომუშავე ნებისმიერი ინსტიტუციის და ნებისმიერი ორგანიზაციის მანდატი იქნეს აღსრულებული". – თქვა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, თამარ ტალიაშვილმა.


2 ივნისს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით გამოძიება სავარაუდო გაუპატიურებაზეც არის დაწყებული. 3 ივნისს, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა განცხადება გაავრცელა და  შსს-ს შესაბამის სამსახურს მიმართა, ბავშვთა სახლთან დაკავშირებული საქმეები გაესაჯაროებინა. 

მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ ნინოწმინდის პანსიონის საქმეში დანაშაულის დასადგენად საკმარისი მტკიცებულებები არ არის. განცხადების თანახმად, 2016 წლიდან დღემდე გამოძიება სისხლის სამართლის 4 საქმეზე მიმდინარეობს, თუმცა, ამ ეტაპზე, საქმეში არ არის საკმარის მტკიცებულებათა ის სტანდარტი, რომლითაც დადგინდება შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

19 მაისს სახალხო დამცველმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგის შესაძლებლობა, გაეროს ბავშვთა კომიტეტის მიერ მიღებული დროებითი ღონისძიების მიუხედავად, კვლავ არ მიეცათ. განცხადების მიხედვით, დაწესებულების წარმომადგენლებმა გასაუბრება არ ისურვეს და ამის მიზეზად ხელმძღვანელის მითითება დაასახელეს. 

მანამდე, ომბუდსმენის რწმუნებულებს მონიტორინგის ჩატარების უფლება 15 აპრილს არ მისცეს და მიზეზად თავდაპირველადაც მეუფე სპირიდონის მითითებას ასახელებდნენ. საპასუხოდ, გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან მიმართებით დროებითი ღონისძიება გამოსცა. კერძოდ, კომიტეტის მოწოდებით, სახელმწიფო ვალდებულებაა, დაუყოვნებლივ უზრუნველყო შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოების მიერ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება. გაეროს ბავშვთა კომიტეტმა დროებითი ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის მიმართვის საფუძველზე გამოსცა. 

კომენტარები