ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატი

ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატზე რუსეთი-ბელრუსის მატჩს ერთადერთი გულშემატკივარი ესწრებოდა

ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატზე რუსეთის და ბელარუსის მატჩს ერთადერთი გულშემატკივარი ესწრებოდა. სპორტული კომენტატორის განმარტებით, მატჩზე სულ ორი ბილეთი გაიყიდა, მაგრამ მას ერთი გულშემატკივარი დაესწრო.

ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატი ლატვიაში ტარდება. რუსეთი-ბელარუსის მატჩი პირველ ივნისს ჩატარდა. პირველი ივნისი ჩემპიონატის პირველი დღე იყო, როცა ლატვიის მთავრობამ მატჩებზე მაყურებლების დაშვების ნებართვა გასცა. აქამდე შეხვედრები გულშემატკივრების გარეშე ტარდებოდა.

მატჩზე მოსახვედრად აუცილებელია მაყურებელმა ბილეთთან ერთად ელექტრონული ცნობა წარმოადგინოს , რომ ცოტა ხნის წინ გადაიტანა კორონავირუსი ან აცრილია. ამ ცნობის გაცემა ლატვიაში პირველი ივლისიდან დაიწყო. მედიის ინფორმაციით, სწორედ ამიტომ არ დაუშვეს მატჩზე მეორე ადამიანი, რომელმაც ბილეთი შეიძინა. ის ესტონეთიდან იყო და ცნობა არ ჰქონდა.

შეხვედრაზე დაშვებული მაყურებლების მაქსიმალური რაოდენობა 1 058 ადამიანი იყო. ბილეთი 110 ევრო ღირდა. მანამდე გულშემატკივრების გარკვეული ნაწილი ჩიოდა, რომ ასეთი ფასი კოვიდ-შეზღუდვების ფონზე და იმის გათვალისწინებით რომ ჩემპიონატში NHL-ის ვარსკვლავები მონაწილეობას არ იღებენ, ზედმეტად მაღალია.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ჩემპიონატის თანამასპინძელი ლატვიასთან ერთად ბელარუსიც უნდა ყოფილიყო. თუმცა 2020 წლიდან ბელარუსში დაწყებული საპროტესტო აქციების და ლუკაშენკოს მთავრობის მიერ ოპოზიციური მოძრაობის დევნის ფონზე ევროპულმა პარლამენტმა და ლატვიის პრემიერმინისტრმა ბელარუსის თანამასპინძლის უფლებამოვალეობების ჩამორთმევა მოითხოვა.  

2021 წლის 18 იანვარს ცნობილი გახდა, რომ უსაფრთხოების მიზნით ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩები ბელარუსში არ ჩატარდებოდა.

კომენტარები