ილონ მასკი

TESLA-მ ვერ შეძლო ილონ მასკის ტვიტების გაკონტროლება, თაღლითობა გრძელდება – აშშ-ს მარეგულირებელი 

ილონ მასკი
ფოტო: MarketWatch.com

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, აშშ-ის საქმიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟების მარეგულირებელმა კომისიამ [SEC] კომპანია Tesla-ს არაერთხელ მიმართა საჩივრით, სადაც ნათქვამი იყო, რომ აღმასრულებელი დირექტორი, ილონ მასკი არღვევდა 2018 წლის სასამართლო ბრძანებას ტვიტებისა და განცხადებების მეთვალყურეობისა და კონტროლის შესახებ.

შიდა მიმოწერებიდან ირკვევა, რომ მარეგულირებელი ორგანო მასკს თაღლითობასა და ბაზრის მანიპულირებაში ადანაშაულებს, რის გამოც, ის 2018 წელს ერთხელ უკვე დააჯარიმეს. 

შეგახსენებთ, რომ 2018 წელს სასამართლომ მარეგულირებელი ორგანოს საჩივარი დააკმაყოფილა და კომპანია Tesla გაამტყუნა. 

სასამართლო დავა ილონ მასკის ცნობილ ტვიტს ეხებოდა, სადაც მასკი წერდა, რომ ის კომპანიის კერძო საკუთრებაში გადაყვანას აპირებდა. ტვიტის გავრცელებას საფონდო ბირჟაზე პანიკური ვაჭრობა და კომპანიის აქციების ფასის მკვეთრად ვარდნა მოჰყვა. 

მიუხედავად ინფორმაციის გავრცელებისა, მასკის გეგმები არ შეესაბამებოდა სიმართლეს და Tesla კერძო საკუთრებაში არ გადასულა, რაც იმას ნიშნავს, რომ მან ცრუ ინფორმაცია გაავრცელა, რითაც ინვესტორები დააზარალა. 

აშშ-ის კანონმდებლობით, კომპანიის წარმომადგენლების მიერ ცრუ ინფორმაციის საჯაროდ გავრცელება აკრძალულია.

სასამართლომ მასკის ქმედება თაღლითობად და ბაზრის მანიპულირებად სცნო. შედეგად, მასკიცა და Tesla-ც 20-20 მილიონი დოლარით დაჯარიმდა. 

გარდა ამისა, Tesla-ს სამეთვალყურეო საბჭოს დაევალა მაკის ტვიტების, განცხადებებისა და საჯარო წერილების გაკონტროლება, ანუ ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც უშუალოდ კომპანიას ეხება, მასკს სპეციალური ნებართვის გარეშე აეკრძალა. 

WSJ-ის ცნობით, მასკი სასამართლოს გადაწყვეტილებას არღვევს და ტვიტებს Tesla-ს ნებართვის გარეშე ავრცელებს, რასაც კომპანიის წარმომადგენლობა იმით ამართლებს, რომ ეს ტვიტები მხოლოდ მასკის პირადი აზრებია და სერიოზულად არ უნდა იყოს აღქმული. 

ბაზრის მანიპულირებაში მასკს არაერთი ინვესტორი ადანაშაულებს. მის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება კი განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც მან ბიტკოინის კრიტიკა და ე.წ. მიმკოინის, Dogecoin-ის მხარდაჭერა დაიწყო. 

ექსპერტების ნაწილის შეფასებით, უკანასკნელ პერიოდში Tesla-ს აქციების ფასის შემცირება, გარკვეულწილად, მასკის Twitter-ზე აქტივობას და მისი განცხადებების არასერიოზულობას უკავშირდება.  


კომპანია Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკის ქონება 2021 წელს თითქმის 9.1 მილიარდი დოლარით შემცირდა, რის გამოც, მან მსოფლიოს რიგით მეორე უმდიდრესი ადამიანის სტატუსი დაკარგა.

ექსპერტების შეფასებით, Tesla-ს აქციების ვარდნის ერთ-ერთი მიზეზი მასკის ბიტკოინისადმი დამოკიდებულების მკვეთრი ცვლილება და ხუმრობის სახით შექმნილი ე.წ. მიმკოინის, Dogecoin-ის მხარდაჭერაა, რასაც ინვესტორების დიდი ნაწილი ნეგატიურად აფასებს. 

მასკი მიზნად ისახავს, Dogecoin-ი გლობალურ ვალუტად აქციოს, თუმცა თავადვე აღნიშნა, რომ, ამჟამინდელი მდგომარეობით, მიმკოინი ამ მიზანს ვერ შეასრულებს და მისი 100-ჯერ ასწრაფება და გაიაფებაა საჭირო, რაც დიდი ტექნიკურ გამოწვევას წარმოადგენს. 

მასკის ნეგატიურ ტვიტებს ბიტკოინის ენერგომოხმარების შესახებ კრიპტოვალუტის ფასის შემცირება მოჰყვა. 

ანალიტიკოსების მეორე ნაწილის აზრით, აქციების ფასის ვარდნა კომპანიის არარეალისტური და სპეკულაციური შეფასებითაა გამოწვეული. 

შეგახსენებთ, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში Tesla-ს აქციების ფასი თითქმის 750%-ით გაიზარდა და იანვარში რეკორდულ ნიშნულს, 883 დოლარს მიაღწია. სავარაუდოდ, კომპანიის მკვეთრი გაძვირება არა ფუნდამენტური ფაქტორებით, არამედ სპეკულაციური შეფასებით იყო გამოწვეული. 

კომპანიისადმი კრიტიკულ დამოკიდებულებას იზიარებს ლეგენდარული ინვესტორი მაიკლ ბურიც, რომელმაც $534-მილიონიანი Short პოზიცია დააფიქსირა Tesla-ს წინააღმდეგ, ანუ ერთგვარი ფსონი დადო, რომ Tesla-ს აქციების ფასი კიდევ უფრო მეტად დაეცემოდა. 

კომენტარები