სასამართლო რეფორმა

NGO-ები: ხელისუფლების უმოქმედობა სასამართლოში კლანის მხარდაჭერის დემონსტრირებაა

ტაბულა

არასამთავრობო ორგანიზაციები 26 მაისს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 4 წლის ვადით 4 მოსამართლე წევრი არჩევას ეხმაურებიან. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კონფერენციამ სრულიად უგულებელყო საერთაშორისო პარტნიორების და არასამთავრობო ორგანიზაციების მოწოდება და ამ გადაწყვეტილებით, სასამართლოს სისტემაში გაბატონებული კლანის პოზიციები კიდევ უფრო გაამყარა. სოციალური სამართლიანობის ცენტრში მიაჩნიათ, რომ წარსული რეფორმების სისტემური გადაფასების და საფუძვლიანი ცვლილებების გარეშე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტება პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის მედიაციით მიღწეული შეთანხმების სულისკვეთებას და საფრთხეს უქმნის მისი მიზნების მიღწევას.

"26 მაისს გამართულ კონფერენციასთან დაკავშირებით, მმართველმა ძალამ პროცესების სრული იგნორირების სტრატეგია არჩია და პასუხისმგებლობის ტვირთი მთლიანად გადაიტანა კონკრეტულ მოსამართლეებსა და სასამართლოში არსებულ გავლენიან ჯგუფზე. ხელისუფლების უმოქმედობა და რეალური პასუხისმგებლობისგან გაქცევა სერიოზულ საფრთხეს უქმნის მართლმსაჯულების ფუნდამენტური რეფორმის პერსპექტივას, რაც 19 აპრილის შეთანხმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა. ეს მოცემულობა კი მიუთითებს ხელისუფლების ნების არქონაზე, გაატაროს რეალური რეფორმა და გადადგას ნაბიჯები ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად.

ცალკე შეშფოთებას იმსახურებს სასამართლო ხელისუფლებაში განსხვავებული, კრიტიკული აზრის უკიდურესი დეფიციტი. 26 მაისს ჩატარებულ კონფერენციაზე, მოსამართლეთა კორპუსს არ ჰქონდა წინასწარი ინფორმაცია, თუ ვინ იქნებოდა საბჭოს წევრობის კანდიდატი და აღნიშნული მათთვის მხოლოდ კონფერენციის დღეს გახდა ცნობილი. შესაბამისად, კონფერენციაში მონაწილე მოსამართლეებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა, რეალურად მოესმინათ კანდიდატების ხედვა და მოსაზრებები სისტემაში არსებულ ვითარებაზე. ამის მიუხედავად, მოსამართლეთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ, ყოველგვარი კითხვებისა და დაინტერესების გარეშე დაუჭირა მხარი წამოყენებულ კანდიდატებს. 26 მაისის კონფერენცია მიანიშნებს არა მარტო იმაზე, რომ სასამართლოში არსებობს გავლენიანი მოსამართლეების ჯგუფი, არამედ იმაზეც, რომ სისტემაში განსხვავებული, კრიტიკული აზრის დაფიქსირება უკიდურესად რთულია". – ნათქვამია განცხადებაში. 

არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, ხელისუფლება ცდილობს, ფასადური რეფორმებით საერთაშორისო პარტნიორები და ქართული საზოგადოება დაარწმუნოს, რომ მას სასამართლოს სისტემის რეფორმირების სურვილი აქვს. ამავდროულად, ხელისუფლება არ აღიარებს სისტემაში არსებულ მთავარ პრობლემას - მოსამართლეთა კლანის არსებობას. მმართველმა გუნდმა, პირველ რიგში, უნდა აღიაროს სასამართლო სისტემაში არსებული კლანური მმართველობის შედეგად შექმნილი მძიმე ვითარება და შემდგომი სასამართლო რეფორმები სწორედ ამ გამოწვევების გააზრებით უნდა განახორციელოს.

"დაანონსებული სასამართლოს რეფორმის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი ნამდვილი პრობლემის გადაწყვეტაზე ორიენტირებული რეფორმის განსახორციელებლად მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. შესაბამისად, ქართულმა ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, კონკრეტული საკანონმდებლო ცვლილებების მიღება, რომლის მიზანიც სასამართლოს და, მათ შორის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კლანის წევრებისგან გაწმენდას, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესის შეჩერებასა და საბჭოში მიუკერძოებელი არამოსამართლე წევრების დანიშვნას მოემსახურება". – ვკითხულობთ განცხადებაში. 

ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს:

დროულად დაიწყოს მართლმსაჯულების სისტემის ფუნდამენტურ რეფორმაზე მუშაობა და, ამ მიზნით, უზრუნველყოს ინკლუზიური, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ თანხმობაზე დაფუძნებული განხილვის პროცესი;

საერთაშორისო საზოგადოებას:

აქტიურად ჩაერთოს სასამართლოს რეფორმის მიმდინარეობის პროცესში და გადადგას კონკრეტული ნაბიჯები ყველა იმ ჯგუფის წინააღმდეგ, რომელიც ხელს უშლის დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემის ჩამოყალიბებას საქართველოში.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC)
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
  • ღია საზოგადოების ფონდი
  • უფლებების საქართველო
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება

26 მაისს მოსამართლეთა კონფერენციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 მოსამართლე წევრი აირჩია. ოთხივე მოსამართლის სახელი გახმაურებულ საქმესთან არის დაკავშირებული. 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიაციით შემდგარ შეთანხმებაში, რომელსაც ხელი ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა მოაწერეს, სასამართლო რეფორმის შესახებ ნაწილის ერთ-ერთი პუნქტია, რომ ხელისუფლებამ უზენაეს სასამართლოში არსებული წესებით დანიშვნებისგან თავი უნდა შეიკავოს.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებით დოკუმენტში ნათქვამია: 

პარლამენტს უნდა წარუდგინოს კანონპროექტი უზენაეს სასამართლოში დანიშვნებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის #949/2019 დასკვნის გათვალისწინებით, განსაკუთრებით, რაც ეხება დანიშვნებისადმი ეტაპობრივ მიდგომას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ღია კენჭისყრას და საბჭოს მიერ წარდგენების დასაბუთების საჭიროებას.


კარლ ჰარცელმა, კელი დეგნანმა და ნატალია ვუტოვამ კახა კუჭავას სასამართლო რეფორმის შესახებ წერილით მიმართეს. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მმართველ გუნდს ახსენებენ ევროკავშირის მედიაციით შემდგარი შეთანხმების დოკუმენტით აღებულ ვალდებულებებს სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით, რომელიც მოიცავს ცვლილებებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს წევრების დანიშვნის შესახებ. წერილში ყურადღება გამახვილებულია მათი წევრების შერჩევა-დანიშვნის პროცესის შეჩერების მნიშვნელობაზე. 

პარლამენტის თავმჯდომარემ ელჩებს უპასუხა და აღნიშნა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დანიშვნასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტი არ არის უფლებამოსილი, დაელოდოს 2022 წლის საგაზაფხულო სესიაზე განსახორციელებელ საკანონმდებლო ცვლილებებს. კუჭავა ამბობს, რომ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ვალდებულია, უზრუნველყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს წევრების დანიშვნის პროცესი. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების შერჩევის შეჩერებისკენ საერთო სასამართლოებს ასევე მოუწოდეს არასამთავრობო ორგანიზაციებმაც.

კომენტარები