სასამართლო რეფორმა

ჯანეზაშვილი: უზენაესის მოსამართლეთა შერჩევის მიმდინარე პროცესში მონაწილეობას აღარ მივიღებ

ნაზი ჯანეზაშვილი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი, პროტესტის ნიშნად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურების შერჩევის მიმდინარე პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს. 

ჯანეზაშვილი Facebook პოსტში აღნიშნავს, რომ ეს პროცესი "საქართველოსთვის საბოლოოდ დაასრულებს უზენაესი სასამართლოს დამოუკიდებელი მოსამართლეებით დაკომპლექტების პერსპექტივას".

ის წერს, რომ მიუხედავად იმის, რომ შარლ მიშელის შეთანხმება ითვალისწინებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესის დაპაუზებას, არც საქართველოს პარლამენტის მხრიდან და არც საბჭოს მხრიდან შესაბამისი ნაბიჯები არ გადადგმულა ამ ვალდებულების შესასრულებლად. ამაზე მიუთითებს ის, რომ დღესაც გრძელდება შერჩევის პროცესი.

ამჟამად კანდიდატების მოსმენები უკვე დასრულებულია და დღეიდან 25 მაისიდან, იუსტიციის საბჭო იწყებს კანდიდატების შეფასებას.

"მნიშვნელოვანი გარემოება, რამაც კონკურსის შემდგომ ეტაპზე გადასვლა დააჩქარა არის ის, რომ უკანასკნელ დღეებში ზედიზედ ოთხმა კანდიდატმა უკან გაიტანა განაცხადი. აღნიშნული პირები გასაუბრებაზე უნდა გამოსულიყვნენ, თუმცა მათ კანდიდატურები მოხსნეს, რაც ვფიქრობ, რომ უცნაური შემთხვევაა. ამით გზა გაეხსნა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, უფრო მოკლე ვადაში გადასულიყო დარჩენილი 38 კანდიდატის (რომლებთანაც გასაუბრება უკვე ჩატარებულია) წერილობით შეფასების ეტაპზე.

რაც შეეხება იმ პირებს, რომლებმაც განაცხადი უკან გაიტანეს ესენი არიან:

  • მოსამართლე გოგოლაური თათია
  • ერთ-ერთი იურიდიული ფირმის იურისტი და ყოფილი პროკურორი უბილავა გიზო
  • სააპელაციო სასამართლოს თანამშრომელი, ფოლადიშვილი ლეილა
  • მოსამართლე ჭიჭილეიშვილი ნანა

ნათლად ჩანს, რომ არათუ არ სრულდება შარლ მიშელის დოკუმენტის მკაფიო ჩანაწერი - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურების შერჩევის შეჩერების შესახებ, არამედ ფორსირებულად გრძელდება ეს პროცესი.

აქვე მნიშვნელოვანია ისიც აღინიშნოს, თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს ირჩევენ 4-წლიანი ვადით, ამ შემთხვევაში კი საქმე გვაქვს უზენაესი სასამართლოს უვადოდ გასამწესებელ ​მოსამართლეობის კანდიდატებთან". – აღნიშნულია პოსტში. 

ჯანეზაშვილს მიაჩნია, რომ უმნიშვნელოვანესია, შეჩერდეს უზენაესი სასამართლოს კანდიდატურების შერჩევის პროცესი, "წინააღმდეგ შემთხვევაში მომავალი 20-30 წლის განმავლობაში უზენაეს სასამართლოში იქნებიან ე.წ. ჩინჩალაძის კლანის მიერ შერჩეული მოსამართლეები".


ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიაციით შემდგარ შეთანხმებაში, რომელსაც ხელი ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა მოაწერეს, სასამართლო რეფორმის შესახებ ნაწილის ერთ-ერთი პუნქტია, რომ ხელისუფლებამ უზენაეს სასამართლოში არსებული წესებით დანიშვნებისგან თავი უნდა შეიკავოს.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებით დოკუმენტში ნათქვამია: 

პარლამენტს უნდა წარუდგინოს კანონპროექტი უზენაეს სასამართლოში დანიშვნებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის #949/2019 დასკვნის გათვალისწინებით, განსაკუთრებით, რაც ეხება დანიშვნებისადმი ეტაპობრივ მიდგომას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ღია კენჭისყრას და საბჭოს მიერ წარდგენების დასაბუთების საჭიროებას.


კარლ ჰარცელმა, კელი დეგნანმა და ნატალია ვუტოვამ კახა კუჭავას სასამართლო რეფორმის შესახებ წერილით მიმართეს. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მმართველ გუნდს ახსენებენ ევროკავშირის მედიაციით შემდგარი შეთანხმების დოკუმენტით აღებულ ვალდებულებებს სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით, რომელიც მოიცავს ცვლილებებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს წევრების დანიშვნის შესახებ. წერილში ყურადღება გამახვილებულია მათი წევრების შერჩევა-დანიშვნის პროცესის შეჩერების მნიშვნელობაზე. 

პარლამეტის თავმჯდომარემ ელჩებს უპასუხა და აღნიშნა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დანიშვნასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტი არ არის უფლებამოსილი, დაელოდოს 2022 წლის საგაზაფხულო სესიაზე განსახორციელებელ საკანონმდებლო ცვლილებებს. კუჭავა ამბობს, რომ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ვალდებულია, უზრუნველყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს წევრების დანიშვნის პროცესი. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების შერჩევის შეჩერებისკენ საერთო სასამართლოებს ასევე მოუწოდეს არასამთავრობო ორგანიზაციებმაც. XXIX რიგგარეშე კონფერენცია 26 მაისს ჩატარდება. 

კომენტარები