დავითგარეჯის საქმე

"მეძახდნენ – მოღალატე, მიწების გადამცემო, მაგინებდნენ" – მელაშვილი ინციდენტს იხსენებს

ივერი მელაშვილი
დიმა ჩიკვაიძე/ტაბულა

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საბჭოს ყოფილი უფროსი, ივერი მელაშვილი დავითგარეჯაში სასულიერო პირების მხრიდან მასზე და მთავარი არხის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის დეტალებს იხსენებს. მელაშვილის თქმით, ის ჟურნალისტთან და ოპერატორთან ერთად მონასტერთან ახლოს არ ყოფილა, სიუჟეტს მოშორებით, ავტოსადგომზე წერდნენ. მელაშვილი იხსენებს, რომ სასულიერო პირები თავად ჩავიდნენ და მის მიმართ შეძახილები და გინება დაიწყეს – "სამშობლოს მოღალატე, მიწების გადამცემო...". ამის შესახებ მელაშვილი TV პირველის ეთერში საუბრობს.

"მოშორებით ვიყავით, მონასტერთან ახლოს არ მივსულვართ, ავტოსადგომია დაბლა მოწყობილი და იქ კითხვა-პასუხის რეჟიმში მიდიოდა რეპორტაჟის გადაღება. სასულიერო პირები ჩამოვიდნენ, რომ მოგვიახლოვდნენ შემოგვძახეს, შენ აქ რა გინდა?!  სამშობლოს მოღალატე, მიწების გადამცემო... შევეცადე, ძალიან წყნარად ამეხსნა მათთვის, რომ შეცდომაში არიან შეყვანილები და ეს სიმართლეს რომ არ შეესაბამება. დაახლოებით ოთხი სასულიერო პირი იყო, 2-3 კი რიგითი მოქალაქე, ესენი იღებდნენ მონაწილეობას. ძირითადად სასულიერო პირები გამოხატავდნენ ასეთ მიმართვებს: წაეთრიეთ აქედან, შემდეგ ლანძღვა-გინებასაც არ მორიდებიან. პირდაპირი მნიშვნელობით იგინებოდნენ". – განმარტავს ივერი მელაშვილი.

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საბჭოს ყოფილი უფროსს, ივერი მელაშვილსა და მთავარი არხის გადამღებ ჯგუფს სასულიერო პირები დავითგარეჯაში თავს 4 მაისს დაესხნენ. მათ ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და კამერა დაუზიანეს. ივერი მელაშვილი ამბობს, რომ ხალხი, სასულიერო პირები შეცდომაში არიან შეყვანილი და ეს ხელისუფლების ბრალია. შსს-მ გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.


სასამართლომ 28 იანვარს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე და წევრი, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა  20-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მათი გირაოს თანხა 2 საათში შეგროვდა. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ივერი მელაშვილი თანამდებობიდან გადააყენა. მოსამართლე ლელა კალოჩენკომ მიიჩნია, რომ  თანამდებობაზე ყოფნა საქმეში არსებულ ინფორმაციას უკავშირდება და არა მხოლოდ ანაზღაურებას.   

პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს ყოფილი უფროსი ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად "უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება" ედებათ. მათ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.  

20 აპრილს ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმე GDI-მ სტრასბურგში გაგზავნა

კომენტარები