ოკუპირებული ტერიტორიები

იმნაძე გალზე: ძალიან არ მომწონს, რომ ოკუპაციის პრობლემის კორონაზე გადატანა ხდება

"ძალიან არ მომწონს, რომ ოკუპაციის პრობლემის კორონაზე გადატანა ხდება, სუფთა რუსული ნარატივით". – ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული საქართველოს მოქალაქეებისთვის არსებული 5 დღიანი კარანტინის გაუქმებაზე. 

"აქ რუსულ ოკუპაციაზე უნდა ვილაპარაკოთ ჩვენ და იმაზე, რომ ამ ადამიანებს თავისუფალი გადაადგილება აქვთ საზღვარზე შეფერხებული და არა კორონაზე. მე მგონი, პირველ რიგში, ჩვენ ამაზე უნდა ვილაპარაკოთ, რომ ეს რუსული ოკუპაციის შედეგია". – ამბობს იმნაძე რუსთავი 2-თან საუბარში. 

გალიდან მდინარე ენგურზე გადმოსვლის დროს გარდაცვლილებზე ამბობს, რომ "ეს არის რუსული ოკუპაციის შედეგი, რომ ხალხი იძულებულია და არა კორონასი".

"საქართველოში ნებისმიერი ტერიტორია, რომელიც რისკით უფრო მაღალია ვიდრე დანარჩენი რეგიონები, იგივე კარგად გვახსოვს ჩვენ, რომ მსგავსი რეჟიმი მუშაობდა ქვემო ქართლში, მესტიაში. როდესაც ავადობა გაცილებით მეტია ერთ რეგიონში და უფრო მეტი საშიშროებაა ვიდრე მეორეში, ეს არის ძალიან ნორმალური მოვლენა ქვეყნის შიგნით. ასე რომ, ამას, ძალიან გთხოვთ, ნუ აურევთ ერთმანეთში, რუსულ ოკუპაციას და კორონას გავრცელების გამო რეგიონებში დაწესებულ გარკვეულ გადაადგილების შეზღუდვებს". – ამბობს პაატა იმნაძე. 


7 აპრილს საოკუპაციო ხაზის გადმოკვეთისას, უკანონო დაკავებისთვის თავის არიდების მიზნით, საქართველოს ოთხი მოქალაქე მდინარე ენგურის გავლით საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ცდილობდა. ენგურის გადმოკვეთისას ოთხივე მათგანი დაიღუპა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე დადგება ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს მიერ კონტოლირებად ტერიტორიებზე გადმოსვლის წესების შემსუბუქების საკითხი. 

12 აპრილს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს შენობასთან აქციაზე პოლიციამ რამდენიმე აქტივისტი დააკავა. აქციის მონაწილეები ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის მსურველებისთვის დაწესებულ 5-დღიან კარანტინს აპროტესტებენ. 

კომენტარები