სამთავრობო ტროლები

იონათამიშვილი კაპანაძეს: ორსაათიანი ერთად იწერება, შენნაირ "პრადვინუტს" არ უნდა შეგშლოდა

რატი იონათამიშვილი

შენნაირ "განათლებულ" და "პრადვინუტ" ადამიანს ასეთი შეცდომები არ უნდა მოსდიოდეს, მაგრამ, ეტყობა, მხილებამ მართლა ძალიან აგჭრა! – ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების დეპუტატი რატი იონათამიშვილი, ევროპული საქართველოს ერთ-ერთ ლიდერს სერგი კაპანაძეს Facebook პოსტს, სადაც კაპანაძემ მისივე დაწერილი პოსტის კომენტარებში 300-ზე მეტი ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული თანამდებობის პირი ამხილა.

"
მხოლოდ ამ, ერთ აბზაცში, სადაც დაბრალების გარდა, შენი ჭკუით, მამუკა მდინარაძის შეურაცხყოფა გადაწყვიტე:

1. "დებილი" არის სამედიცინო ტერმინი, ნოზოლოგია, როდესაც ადამიანს გონებრივი განვითარების თანდაყოლილი შეფერხება, ან ჩამორჩენა აქვს და ეს შეიძლება, შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველი გახდეს. დებილიზმი ოლიგოფრენიის მსუბუქი ფორმაა. ვინც ეს არ იცის, ის სამწუხაროდ, ამ ტერმინს სალანძღავად იყენებს. ისევე, როგორც აკო მინაშვილი - “კოჭლს”.

2. "ორსაათიანი" ერთად იწერება. თუ ცალ-ცალკე დაწერ, ორი ერთსაათიანი მონაკვეთი გამოვა 
 
შენნაირ "განათლებულ" და "პრადვინუტ" ადამიანს ასეთი შეცდომები არ უნდა მოსდიოდეს, მაგრამ, ეტყობა, მხილებამ მართლა ძალიან აგჭრა!..
 
აი, შენი პირველი პოსტი კი შეცდომა ნამდვილად არა, - გაცილებით მძიმე იყო და რეაქციაც შესაბამისი მიიღე. ახლა, ზიხარ და გამწარებული ერთმანეთზე უარეს სტატუსებს აცხობ. ასეა, როცა სამშობლოს გაყიდვის "გაპრავებას" მოინდომებ..." – წერს იონათამიშვილი
 

6 აპრილს ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ Facebook-ზე სტატუსი დაწერა, სადაც კაპანაძის თქმით, ქართული ოცნება მაქსიმალურად ცდილობს ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს ათქმევინოს, რომ 2008 წლის ომი საქართველოს დაწყებულია, ამისთვის კი, სახელისუფლებო ტელევიზიიდან, POSTV-დან პოლიტიკოსებს სხვა გამოცემის სახელით უკავშირდებიან და  სხვადასხვა დროს გაკეთებული განცხადებებიდან ამოჭრილ ციტატებზე, ავტორების შეცვლით, აზრს ეკითხებიან. 

კაპანაძემ შემდეგ ვრცელი პოსტი მიუძღვნა რუსეთ-საქართველოს ომის საკითხს და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2008 წლის რეზოლუცია 1633-ს, რასაც ქართული ოცნების წარმომადგენლები წინა ხელისუფლებაზე თავდასხმისთვის ხშირად იყენებენ.

აგვისტოს ომის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მითი სწორედ ისაა, რომ ქართულმა მხარემ ხელი მოაწერა რეზოლუციას, რომლის მიხედვითაც, ომი საქართველომ დაიწყო. ამ მითის შესახებ არაერთხელ უსაუბრიათ წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებს.

ტაბულამ შარშან ვიდეოები გაავრცელა, სადაც საუბარია აგვისტოს ომის შესახებ არსებულ 7 მითზე. ერთ-ერთ ვიდეოში სერგი კაპანაძე საუბრობს მითზე, რომლის მიხედვითაც 2008 წელს საქართველომ ევროსაბჭოში მხარი დაუჭირა რეზოლუციას, სადაც წერია, რომ საქართველომ დაიწყო ომი.

კაპანაძის თქმით, მან შეამოწმა, ვინ იყო მის პოსტზე დაწერილი 300-ზე მეტი ნეგატიური კომენტარის ავტორი. მისი ინფორმაციით, მათ შორის ქართული ოცნების კოორდინატორები, მასწავლებლები და საჯარო მოხელეები აღმოჩნდნენ.

კომენტარები