კორონავირუსი საქართველოში

ხოშტარია მთავრობას: გააუქმეთ გალიდან გადმოსულებისთვის 5-დღიანი კარანტინი

ელენე ხოშტარია
კადრი ვიდეოდან

პოლიტიკური მოძრაობა დროას დამფუძნებელი, ელენე ხოშტარია, მიმართავს საქართველოს მთავრობას, მოხსნას ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული მოსახლეობისთვის 5-დღიანი სავალდებულო კარანტინი, რომლის გავლაც ოკუპირებული გალიდან ზუგდიდში გადმოსულ ადამიანებს უწევთ პენსიის, სოციალური დახმარების მისაღებად, თუ სხვა საჭიროებების გამო.

"შემოსვლა საოკუპაციო ხაზზე რეგულირდება 5-დღიანი სავალდებულო კარანტინით, პრაქტიკულად, ერთსაათიან საქმეზე გადმოსულ ადამიანებს უწევთ 5-დღიანი კარანტინი, რაც, უბრალოდ, ვერ ფუნქციონირებს, აქედან გამომდინარე, მათ უწევთ „შავი“ გზებით გადმოსვლა". - თქვა ხოშტარიამ.

ელენე ხოშტარიას თქმით, გალელებისთვის რეგულაციების შემსუბუქების მოთხოვნით მან პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსაც მიმართა, თუმცა, პერმიერმინისტრმა მოთხოვნას არ უპასუხა.

"მივმართავ მთავრობას, საკოორდინაციო საბჭოს, რომ არ შეიძლება ასე იგნორირებას უკეთებდე საკუთარი მოქალაქეების ამ მდგომარეობას". - ამბობს ხოშტარია.

ხოშტარიას თქმით, რადგან ოკუპირებულ ტერიტორიებზე სიტუაციას ეფექტურად ვერ ვაკონტროლებთ, მიმოსვლის გარკვეული რეგულაცია უნდა არსებობდეს, თუმცა, ეს შეიძლება იყოს სწრაფი ტესტი ან მოინახოს ისეთი გამოსავალი, რომელიც მძიმე მდგომარეობაში არ ჩააგდებს მოქალაქეებს.

კომენტარები