პოლიტიკური კრიზისი

სენატორმა რიშმა საქართველოს პოლიტიკური კრიზისის განხილვისას 2012 წლის ვიზიტი გაიხსენა

ჯეიმს რიში

აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოს დემოკრატიის მდგომარეობის შეფასების მოსმენა გაიმართა. სხდომას სენატორი ჯინ შაჰინი უძღვებოდა. მოსმენაზე სენატორმა ჯეიმს რიშმა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები, საქართველოში ვიზიტი და არჩევნების შემდეგ მიხელ სააკაშვილთან შეხვედრა გაიხსენა.

"სენატორი შაჰინი და მე ჩავედით საქართველოში 2012 წელს. დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი, მართლა მჯეროდა, რომ ქვეყანას წინ წარმატებული დასაწყისი ჰქონდა. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, არჩევნების მეორე დილას ორივე ბანაკში მივსულიყავით, დამარცხებული მხარის და გამარჯვებულის მხარის. შევხვდით პარტიების ლიდერებს, ბატონ სააკაშვილს და ბატონ ივანიშვილს. მე 36 არჩევნებში ვყოფილვარ და უნდა გითხრათ, რომ იმ ბანაკებში გრძნობები იყო ზუსტად ისეთი, როგორც - ამერიკულ არჩევნებში. გამარჯვებულები თავს გამარჯვებულად გრძნობდნენ, დამარცხებულები - დამარცხებულად. ჩვენ გვქონდა ძალიან პირდაპირი საუბრები მათთან. იმ დროს ნაჩქარევ განცხადებებს აკეთებდნენ, რაც ხდება ხოლმე არჩევნების შემდეგ დილას, განსაკუთრებით, თუ მთელი ღამე არ გეძინა. [...] ძალიან ოპტიმისტურად ვიყავი განწყობილი, იმიტომ, რომ ორი მხარე დათანხმდა შეხვედრაზე, როგორც ვურჩევდით. [..] დროის გასვლასთან ერთად უფრო გაგვიცრუვდა იმედები, იმიტომ, რომ უფრო და უფრო მეტ პოლიტიკური დევნას ჰქონდა ადგილი". – ჰყვება სენატორი რიში.

სენატორმა აღნიშნა, რომ ბოლო წლებში საქართველოს დემოკრატია უკუსვლას განიცდის, რაც სამწუხაროა, ხოლო საქართველო "უკეთესს იმსახურებს". ჯეიმს რიშმა არჩევნების შემდეგ მიხეილ სააკაშვილთან საუბარიც გაიხსენა.

"როდესაც ჩვენ შევხდით ბატონ სააკაშვილს, ის ამბობდა, რომ ხელს არ შეუწყობდა ძალაუფლების გადაცემას. მე ვკითხე, ჯორჯ ვაშინგტონზე თუ სმენოდა. მან მითხრა, კი მსმენია, ჯორჯ ვაშინგტონზე ყველას სმენია. მაშინ მე ვუთხარი, როგორც იცი, ის ჩვენი პირველი პრეზიდენტი იყო, 200 წლის შემდეგ, როცა ეს არჩევნები ჩაითვლება პირველ ღია, თავისუფალ, სამართლიან არჩევნებად, ყველა ბავშვი საქართველოში წაიკითხავს შენზე, როგორც პრეზიდენტზე, რომელმაც გაიარა ეს არჩევნები. როგორ გინდა, რომ მათ დაამახსოვრდე? როგორც ჯორჯ ვაშინგტონი თუ როგორც ადამიანი, რომელსაც არ ჰყოფნის უნარი, შეეგუოს მარცხს, რომელიც საკუთარ თავზე უფრო მეტს ფიქრობს, ვიდრე ქვეყანაზე? მან ყურადღებით მოგვისმინა". – იხსენებს სენატორი რიში.

საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე საუბრისას სენატორმა თქვა, რომ კრიზისზე პასუხისმგებლობა ყველა პოლიტიკურ მხარეს აკისრია, თუმცა მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ "მმართველ პარტიას, ქართული ოცნებას აკისრია განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, გამოიყვანოს ქვეყანა კრიზისიდან."

კომენტარები