ვაქცინაცია

"საკუთარი მაგალითით მოვუწოდოთ მოქალაქეებს აცრისკენ" – გამყრელიძის მიმართვა მედიკოსებს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ მიმართვა გამოაქვეყნა, სადაც სამედიცინო სფეროში დასაქმებულებს მოუწოდებს, გაიკეთონ აცრა ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ.

გამყრელიძე წერს, რომ მეცნიერულად დამტკიცებული და ეფექტური გზა პანდემიის შესაჩერებლად – ვაქცინაციაა და მისი გაკეთება აუცილებელია ერთმანეთის ჯანმრთელობის დასაცავად.

"საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული სწორედ სამედიცინო საზოგადოებაა და ამ ვერაგი დაავადების გამო მისი რიგები სამწუხაროდ, დატოვა ბევრმა გამორჩეულმა და ღვაწლმოსილმა ჩვენმა კოლეგამ. მიუხედავად ინფექციის მასშტაბის გარკვეული შემცირებისა, ჯერ კიდევ საკმაოდ შორს ვართ პანდემიის დასრულებამდე. დღესდღეობით ეფექტური და მეცნიერული მტკიცებულებებით გამყარებული გზა ამ დაავადებასთან ბრძოლაში, არის ვაქცინაცია, რომელიც ყველა დროის კაცობრიობის მონაპოვარსა და უდიდეს სამედიცინო მიღწევათა შორის არის შესული. იმუნიზაცია იცავს მოსახლეობას მართვადი ინფექციებისა და მათგან გამოწვეული ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზული დარღვევებისგან, რამაც საშუალება მისცა მსოფლიოს მოსახლეობას, აღეკვეთა მრავალი შესაძლო ინფექციური დაავადებების ეპიდაფეთქება.

დღეისათვის საქართველოს მთავრობის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, გაერო-ს ბავშვთა ფონდის, "კოვაქს" პლატფორმის, ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით, ქვეყანამ შეძლო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული, მაღალი ეფექტურობის მქონე ვაქცინის პირველი პარტიის შემოტანა და ვაქცინებით მომარაგება გაგრძელდება მთელი წლის განმავლობაში, რათა მივაღწიოთ აცრილთა მოცვის წლევანდელ სამიზნეს – მოზრდილი მოსახლეობის 60 პროცენტის აცრას. ამ ეტაპზე მიღებული რაოდენობა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ეროვნული გეგმის მიხედვით, პირველ რიგში, მიმართული იქნება ჯანდაცვის სფეროში დასაქმებული პერსონალის იმუნიზაციისთვის, რათა მათი აცრით დავიცვათ მათი და დანარჩენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე.

თითოეულ თქვენგანს, ყველა ჩემს კოლეგას, მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მაღალი მოქალაქეობრივი და სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა, საკუთარი მაგალითით მოვუწოდოთ საქართველოს მოქალაქეებს აცრისკენ. პირადი ქცევით ვუჩვენოთ ჩვენს საზოგადოებას იმუნიზაციის მნიშვნელობა და მისი როლი პანდემიის დამარცხების გზაზე. ავიცრათ და დავიცვათ ჩვენი და ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობა, სიცოცხლე. იმედი მაქვს, შევძლებთ ქვეყნის კეთილდღეობისათვის ჩვენი წილი პასუხისმგებლობის გაზიარებას, მაგალითის მიცემას და ერთობლივად დავამარცხებთ 21-ე საუკუნის ამ საშიშ გამოწვევას". – ავრცელებს გამყრელიძის მიმართვას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი.

ასტრაზენეკას ვაქცინის 43 200 დოზა საქართველოში 13 მარტს შემოვიდა და დღეს, 15 მარტიდან ვაქცინაცია უკვე დაიწყო. ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით პირველ რიგში სამედიცინო სფეროში დასაქმებული ადამიანები იცრებიან.

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ცნობით, ვაქცინაციის სურვილი 3 500-მდე სამედიცინო პერსონალმა გამოთქვა და მათგან, უკვე 500 ექიმი აცრილია.

კომენტარები