თურქეთი

თურქეთში ერდოღანის "შეურაცხყოფისთვის" 13 ადამიანი დააკავეს

თურქეთის პოლიციამ 13 ადამიანი დააკავა. მათ ბრალი ქალთა საერთაშორისო დღეს, სტამბოლში გამართულ საპროტესტო გამოსვლებზე გაჟღერებული "შეურაცხმყოფელი" სლოგანების გამო წარედგინათ. 

8 მარტის აქციის ვიდეოჩანაწერის გაანალიზების შემდეგ, პროკურატურამ 18 ადამიანის დაკავების ბრძანება გასცა. ამ ეტაპზე 13 მათგანია დაკავებული, აქედან ერთი – არასრულწლოვანი. ნიშანდობლივია, რომ წინა კვირაში, პრეზიდენტმა ერდოღანმა გამოხატვის თავისუფლების წახალისების პირობა გასცა. 

ერდოღანის მიმართ არ წყდება კრიტიკა უკიდურესად ავტოკრატიული მმართველობის ფონზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. როიტერის ცნობით, ერთ-ერთი სლოგანი, რასაც დაკავებულ ქალებს ედავებიან, შემდეგია: "თაიფ, გაიქეცი, გაიქეცი, გაიქეცი, ქალები მოდიან!". 

პრეზიდენტის კრიტიკოსების თქმით, ერდოღანს სასამართლო ინსტიტუციები თავისი გავლენის ქვეშ აქვს მოქცეული. მხოლოდ 2016 წლის გადატრიალების მცდელობის შემდეგ, სასამართლო სისტემამ ათასობით ოპოზიციის წარმომადგენელი გაასამართლა. 

თურქეთის მთავრობაში კი აცხადებენ, რომ ქმედებები ეროვნული უსაფრთხოების დაცვას ემსახურება და სასამართლო დამოუკიდებელია. 

კომენტარები