ვაქცინაცია

ცერცვაძე: Novavax-თან მიღწეულია წინასწარი შეთანხმება მილიონი დოზის მოწოდებაზე

მზია საგანელიძე / რადიო თავისუფლება

"Novavax-თან მიღწეულია წინასწარი შეთანხმება მილიონი დოზის მოწოდებაზე". – ამბობს რუსთავი 2-ის ეთერში ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე.

ცერცვაძის ინფორმაციით, ეს დაახლოებით, ივნისის ბოლოსთვისაა დაგეგმილი, რადგან ამ დროისთვის მიიღებს Novavax მარეგულირებლების საერთაშორისო აღიარებას.

"წინასწარი მონაცემებით, ამას წინ არაფერი უდგას, რადგან საქართველოს Novavax-თან ერთ-ერთმა პირველმა განახორციელა კომუნიკაცია, რასაც გვსაყვედურობენ ოპონენტები, რატომ დიდი ხნით არ დაიწყეთ კომუნიკაციაო, აი, დაიწყეს კომუნიკაცია Novavax-თან. ეს, პრაქტიკულად გადაწყვეტს პირველი წლის იმუნიზაციის საკითხს". – ამბობს ცერცვაძე.

Novavax-ი მერილენდის შტატში დაფუძნებული კომპანიაა. ვაქცინა ჯერ კიდევ სატესტო ფაზის დასრულების პროცესშია, თუმცა იანვარში გამოქვეყნებული კლინიკური ცდები 89%-იან ეფექტიანობას აჩვენებს. თებერვლის მდგომარეობით, ვაქცინა არცერთ ქვეყანაში არ გამოიყენება. მისი ფასი $16 დოლარის ფარგლებში იმერყევებს.

3 მარტის მდგომარეობით, ნოვავაქსის ვაქცინას FDA–ის საგანგებო ავტორიზაცია აქვს. კომპანიის CEO იმედოვნებს, რომ ვაქცინა WHO–ს ავტორიზაციას მაისისთვის მიიღებს. 

Novavax-ში განაცხადეს, რომ კლინიკური ცდის მესამე ფაზაში 15 000-ზე  მეტმა 18-დან 84 წლამდე ასაკის ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, მათი 27% 65 წელს გადაცილებული პირები იყვნენ. 

Novavax-​​​​​​​ის ვაქცინა ორ ეტაპად, 21-დღიანი დაშორებით კეთდება. სამწუხაროდ, ვაქცინის დროში გამოუცდელობის გამო, ჯერჯერობით უცნობია, რამდენ ხანს გასტანს გამომუშავებული იმუნიტეტი. 

აღსანიშნავია, რომ გაერთიანებულ სამეფოში ჩატარებული ცდის პირველადი მონაცემებით, ვაქცინა 85.6%-ით ეფექტიანია ბრიტანეთში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი შტამის წინააღმდეგ. 

სამხრეთ აფრიკაში ჩატარებული შუალედური ეტაპის ცდით, სადაც კორონავირუსის ახალი შტამია გავრცელებული, Novavax-ის ვაქცინა 60%-ით ეფექტიანია იმ ადამიანებში რომლებსაც HIV არ აქვთ.

აღსანიშნავია, რომ Novavax-ის ვაქცინის შენახვა შესაძლებელია მაცივარში 2-დან 8 გრადუსამდე.

კომენტარები