საქართველოს გასაბჭოება

100 წელი საქართველოს გასაბჭოებიდან

საქართველოს გასაბჭოება

100 წელი საქართველოს გასაბჭოებიდან

100 წლის წინ, 1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მე-11 არმია თბილისში შემოიჭრა და პირველი რესპუბლიკის მთავრობა დაამხო, რის შედეგადაც საქართველომ დამოუკიდებლობა დაკარგა, ხოლო მთავრობამ ქვეყანა დატოვა და ემიგრაციაში წავიდა. შემდეგი 70 წელი საქართველომ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში გაატარა, რასაც ასიათასობით ქართველის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო საბჭოთა მემკვიდრეობასთან ბრძოლა სხვადასხვა ფორმით დღესაც გვიწევს.

1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ერთხმად მიიღო და დაამტკიცა "საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი", რომელიც 1919 წლის 21 მარტს ოფიციალურად დადასტურდა დამფუძნებელი კრების მიერ. თუმცა, საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობამ დიდხანს ვერ გასტანა. მას შემდეგ, რაც რუსეთის სახელმწიფოს სათავეში ბოლშევიკები მოვიდნენ, კრემლმა ყურადღება გადაიტანა რუსეთის ყოფილ იმპერიაში შემავალი სახელმწიფოების გასაბჭოებაზე.

ეს პროცესი პირველად აზერბაიჯანის გასაბჭოებით დაიწყო 1920 წლის აპრილში, ხოლო სულ მალე, იმავე წლის ნოემბერში სომხეთმაც იგივე ბედი გაიზიარა. ლოგიკურია, რომ ამის შემდეგ, საქართველოს ჯერიც დადგებოდა. იმის მიუხედავად, რომ 1920 წლის 7 მაისს საბჭოთა რუსეთსა და საქართველოს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის მიხედვით რუსეთი აღიარებდა საქართველოს დამოუკიდებლობას და იღებდა ვალდებულებას, არ ჩარეულიყო საქართველოს საშინაო საქმეებში, რამდენიმე თვეში აღმოჩნდა, რომ ეს ხელშეკრულება რუსეთს მხოლოდ და მხოლოდ დროის მოსაგებად სჭირდებოდა და საქართველოზე თავდასხმისთვის მოსამზადებლად.

საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო მოქმედებები რუსულმა ჯარმა 1921 წლის 11 თებერვალს დაიწყო. ლორეს ნეიტრალური ზონის საზღვრებზე მდგომ რუსეთის მეთერთმეტე არმიის შენაერთებს მიეცათ უკანასკნელი დირექტივები, რა მიმართულებებზე უნდა შეეტიათ ქართული სამხედრო შენაერთებისათვის და დახმარებოდნენ წინასწარ მომზადებულ აჯანყებულთა ადგილობრივ სამხედრო დაჯგუფებებს.

11-12
თებერვალს ღამით ბორჩალოს მაზრის ნეიტრალურ ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსახლეობის მიერ დაიწყო ადრევე დაგეგმილი აჯანყება, რომელსაც "საქართველოს მშრომელთა აჯანყება" უწოდეს. ამის შემდეგ ბორჩალოს მაზრაში შემოვიდა რუსეთის მე-11 არმია და ტერიტორიაზე დაიწყო განლაგებულ ქართულ შენაერთებზე თავდასხმა. მალევე რუსებმა შეძლეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პუნქტების დაკავება. საქართველოს გასაბჭოების ოპერაციას ხელმძღვანელობდნენ სერგო ორჯონიკიძე და სერგეი კიროვი.
საქართველოს ახალგაზრდობა დაირაზმა შემოსეული მტრის წინააღმდეგ საბრძოლველად. იქმნდებოდა მოხალისეთა რაზმები. უნივერსიტეტის ეზოში გამართულ მიტინგზე სტუდენტებს სიტყვით მიმართა ივანე ჯავახიშვილმა:

"შვილებო, ჩემი მოვალეობაა, თქვენ წიგნისა და კალმისაკენ მოგიწოდოთ, მაგრამ ერის ცხოვრებაში არის ისეთი მომენტები, როცა საჭიროა, ყველაფერი განზე გადასდო და იარაღით ხელში მტერს მიეგებო. და მე თქვენ დღეს იარაღისკენ მოგიწოდებთ".

14 თებერვალს მოსკოვში მიიღეს გადაწყვეტილება რუსეთის მე-11 არმია ოფიციალურად ჩაბმაზე და თბილისის აღებაზე. 15 თებერვალს გადაწყვეტილება აცნობეს მე-11 არმიის რევოლიციურ საბჭოს.

სტალინის დეპეშაში სერგო ორჯონიკიძის მიმართ ეწერა შემდეგი: "წინადადებას გაძლევ, ეხლავე შეუტიო, დასტურია, აიღე ქალაქი". ორჯონიკიძემ სტალინს 7 წუთის შემდეგ უპასუხა: "საჭირო იყო უფრო ადრე".

16 თებერვალს საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრილი საბჭოთა რუსეთის ჯარები გადამწყვეტ შეტევაზე გადავიდნენ. შეტევა ამჯერად აზერბაიჯანიდან განახორციელეს და მე-11 არმიამ წითელი ხიდის გადმოკვეთით სოფელი შულავერი დაიკავა. წითელი ხიდის მარტივად აღების შემდეგ, რუსებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ფოლიოს სარკინიგზო ხიდის გადაკვეთა. რუსები ცდილობდნენ, ხიდი დაეკავებინათ და ქართველებისთვის მისი აფეთქების საშუალება არ მიეცათ, თუმცა, ხიდის ნაწილი ქართველების მიერ უკვე დანაღმული იყო და იერიშის დაწყებისთანავე ააფეთქეს. შესაბამისად, რუსებმა ვერ შეძლეს მდინარის გადმოკვეთა. ქართულმა სამხედრო ნაწილებმა პოზიციები დატოვეს და თბილისისკენ დაიხიეს.

ამავე დღეს მე-11 არმის ნაწილებმა საქართველოს საზღვარი ზაქათალის ოლქშიც გადმოლახეს.

ნოე ჟორდანიას მიმართვა.
​​​​​​ფოტო: საქართველოს ეროვნული არქივი



ნაწყვეტი მთავრობის თავმჯდომარის, ნოე ჟორდანიას 1921 წლის 16 თებერლის მიმართვიდან. საქართველოს ქალაქებს, ერობებს, თემებს, გვარდიის საოლქო შტაბებს, ბატონ საგანგებო რწმუნებულს [ბათომის ოლქში], აფხაზეთის კომისარიატს, საქართველოს ყველა მოქალაქეს:

"საქართველოს არაერთხელ განუცდია უცხო ლაშქართა შემოსევა, მაგრამ ისინი უკვე გაურეკია. აიღეთ ხმალი ხელში, აამუშავეთ ქალი და კაცი, შექმენით ახალ-ახალი რაზმები, დაიცავით შიგნით სასტიკი წესიერება. ალაგმეთ მოღალატეები და ორგულნი. იცოდეთ, რომ გამარჯვებული ბალშევიკები გაგძარცვავენ და გაგჟლეტენ. მათ გასტეხს მხოლოდ თქვენი მხნეობა და თავის დადება. შეაჩერეთ ჩვეულებრივი სახელმწიფო და საზოგადოებრივი მუშაობა და მოკიდეთ ხელი მარტოთ-მარტო თავის დაცვას. მეტი მეომარი, მეტი იარაღი, მეტი სურსათი - აი, რას ითხოვს თქვენგან სამშობლო და ეს უნდა მოგვაწოდოთ ყოველ დღე გამარჯვებამდე. ამ ბრძოლაში მარტო არ დავრჩებით. შევქმნათ ერთი მთლიანი თავგანწირული ძალა და ჩვენს ირგვლივ შემოიკრიბებიან მშველელნი. ქართველო ხალხო, "ხელი ხმალს იკართ, მტერთა ისმიან ხმიანი“"საქართველო მოკვდება, მაგრამ მტერს არ დანებდება".

17 თებერვალს გენერალ ილია ოდიშელიძის ნაცვლად მთავარსარდლად გენერალი გიორგი კვინიტაძე დაინიშნა, ხოლო ოდიშელიძე გახდა მთავრობის თავმჯდომარის სამხედრო მრჩეველი.

გენერალი გიორგი კვინიტაძე ქართველ და გერმანელ სამხედროებთან ერთად, 1918 წელი. ფოტო დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში.

გენერალმა კვინიტაძემ ჯარები სამად დაყო: მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ორხევის მიმართულება სახალხო გვარდიას ეკავა გენერალ ჯიჯიხიას მეთაურობით.

მარჯვენა სანაპიროზე, სოღანლუღის ფრონტზე, გენერალ მაზნიაშვილის სარდლობით ძირითადი ძალები განლაგდა, ტაბახმელა-კოჯრის მონაკვეთზესამხედრო სკოლის 160 იუნკერი და 300-მდე კადეტი გვარდიელებთან და ჯარისკაცებთან ერთად გენერალ ანდრონიკაშვილის მეთაურობით.

18 თებერვლის საღამოს წითელმა არმიამ სოღანლუღის მიმართულებიდან თბილისზე პირველი შტურმი მიიტანა. სოღანლუღის ფრონტზე ქართველებს გიორგი მაზნიაშვილი მეთაურობდა. ბრძოლა მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა. გამთენიისას მაზნიაშვილის სამხედრო ნაწილებმა კონტრშეტევა მოაწყვეს და მოწინააღმდეგე უკუაქციეს. ქართველებმა 1000-დან 1600-მდე წითელარმიელი ტყვედ ჩაიგდეს.

19 თებერვალს ბრძოლები გაიმართა კოჯორ-ტაბახმელის ფრონტზე. იუნკრებმა შეტევა მოიგერიეს და რამდენიმესაათიანი ბრძოლის შემდეგ მოწინააღმდეგის 530 ჯარისკაცი გაანადგურეს და 1600-მდე ტყვედ ჩაიგდეს.

რუსი ტყვეების შემოყვანა საქართველოში
​ფოტო: კინოქრონიკა

წითელარმიელებმა კოჯორს შეუტიეს და ქართველთა სამხედრო ნაწილები დაამარცხეს. გაჩნდა რუსების თბილისში შეჭრის საშიშროება.

კოჯრის დასაბრუნებლად მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ბრძოლა , რომელიც ქართველთა გამარჯვებით დასრულდა. ქართველებს ხელში ჩაუვარდათ მოწინააღმდეგის 4 ზარბაზანბი, ტყვიამფრქვევი და 200-ზე მეტი ტყვე.

1921 წლის 19 თებერვალი, გაზეთი საქართველოს რესპუბლიკა.
​​​​ფოტო: საქართველოს ეროვნული არქივი

21 თებერვალს თბილისის თავდაცვის მარცხენა ფლანგზე სახალხო გვარდიამ და კავალერიის ბრიგადამ რუსები უკუაგდეს და 10 კილომეტრით უკან დაახევინეს. მოწინააღმდეგის მარჯვენა ფლანგზე კი ქართველთა შენაერთებმა დაიკავეს კუმისი და წალასყური, ხელთ იგდეს 8 ტყვიამფრქვევი, 3 ოფიცერი და 53 წითელარმიელი.

თბილისისკენ დამატებითი ძალები რუსებმა 23 თებერვალს გადმოისროლეს და მთელი დღის განმავლობაში აჯგუფებდნენ ჯარებს, რათა გადამწყვეტი შეტევა განეხორციელებინათ. ამავე დღეს ართვინსა და არდაგანში თურქები შევიდნენ, მაგრამ ქართულ მხარეს ორ ფრონტზე ბრძოლის შეუძლებლობის გამო წინააღმდეგობა არ გაუწევია.

მტერთან ბრძოლაში დაიღუპა 9 და დაიჭრა 43 იუნკერი. მათ შორის, სტუდენტი მარო მაყაშვილი.
ფოტო: საქართველოს ეროვნული არქივი

თბილისის ასაღებად შეტევები რუსებმა ფოილოს სარკინიგზო ხიდის შეკეთების შემდეგ, 24 თებერვლის დილიდანვე მთელ ფრონტზე დაიწყეს და საქმეში ტანკები, ჯავშანმანქანები, ჯავშანმატარებლები, არტილერია, ქვეითი და ცხენოსანი ნაწილები ჩართეს.

თბილისის დაცვის მარცხენა სექტორის გარღვევას რუსები პირდაპირი დარტყმებით და ლილოს მხრიდან კავალერისტების შემოვლითი მანევრით შეეცადნენ. ქართველებმა პირდაპირი დარტყმები მოიგერიეს, ცხენოსნების ერთმა ნაწილმა კი ავჭალის სადგურს მიაღწია, თუმცა ქართულმა ჯავშანმატარებელმა ისინი შეაჩერა.

ბრძოლები გაიმართა კოჯორ-ტაბახმელის სტრატეგიული სიმაღლეებისთვის, სადაც შეტევას კონტრშეტევა ცლიდა. რუსული მონაცემებით, დღის ბოლოსთვის მათ ხელში იყო ერთი სტრატეგიული სიმაღლე .

გადამწყვეტი მომენტი დღის ბოლოსთვის დადგა. გენერალმა გიორგი კვინიტაძემ თბილისის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ფრონტზე არსებული სიცარიელეების შესავსებად რეზერვები არ ჰყავდა, იყო ალყაში მოქცევის რეალური საფრთხე. ის იმედოვნებდა, რომ ჯარის დარჩენილი ნაწილით მცხეთის ხაზზე გამაგრდებოდა, მოწინააღმდეგეს დაამარცხებდა და შემდეგ თბილისის დასაბრუნებლად გაიბრძოლებდა, თუმცა ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. დაიწყო თბილისის ევაკუაცია, მთავრობამ და შეიარაღებულმა ძალებმა დედაქალაქი დატოვეს.

"მეტად ვრცელი, მეტად ძნელი და ზეადამიანურია ის განცდა, რომელიც ჩვენ ვიგრძენით იმ დროს, როდესაც ხიდი ააფეთქეს და ჩვენ საბოლოოდ გავიგეთ, რომ ვიხევდით, ამიტომ დეე, მკითხველმა წარმოიდგინოს, თუ რას განიცდიდა იგი ჩვენ ადგილას: ამდენი მსხვერპლი, ამდენი აღფრთოვანება, ამდენი ენერგია. ყველაფერი გაჰქრა, ჩაქრა, წავიდა... თბილისს დამშვიდებით ეძინა, მას ჯერ არ გაეგო თავისი სიკვდილი..." - წერს 18 წლის მოხალისე ჯარისკაცი, გივი ღამბაშიძე, რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის შესახებ მოგონებებში.

25 თებერვალს თბილისში საბჭოთა რუსეთის მეთერთმეტე წითელი არმიის ნაწილები შემოვიდნენ.

წითელი არმიის აღლუმი თავისუფლების მოედნაზე, 1921 წლის 25 თებერვალი.
ფოტო: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა

სერგო ორჯონიკიძემ მოსკოვს ახარა: "თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს, გაუმარჯოს საბჭოთა საქართველოს!"

კომენტარები