ნიკა მელიას დაკავება

მარგველაშვილი: ნათლად ჩანს, რა მიზნები აქვს პარტიას, რომელსაც არ აქვს უმრავლესობის მხარდაჭერა

ტაბულა

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას გამოეხმაურა. მარგველაშვილის თქმით, მელიას დაკავებამ აჩვენა, რომ ქართული ოცნების რეალური მიზანი, ქვეყანაში ძალადობრივად დაამყაროს დიქტატურული მმართველობა.

"ძალიან მძიმე დღეა ქართული დემოკრატიისთვის და სახელმწიფოებრიობისთვის. დღე, რომელმაც ნათლად აჩვენა, რა მიზნები ამოძრავებს იმ პოლიტიკურ ჯგუფს, რომელსაც არ აქვს ხალხის უმრავლესობის მხარდაჭერა, რომელიც უბრალოდ აკონტროლებს რესურსს და ამ რესურსის კონტროლის შედეგად ცდილობს, ძალადობრივად მართოს ქვეყანა და ქვეყანაში დაამყაროს ავტორიტარული და დიქტატურული მმართველობა. ეს დღე არის, რომელმაც უნდა გამოაფხიზლოს ძალიან ბევრი ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. მცდელობა, რომ რამენაირად მოინათლოს ეს ლეგიტიმურ მმართველობად, სამართლებრივ სახელმწიფოდ ან დემოკრატიად არის უკვე სასაცილო". – ამბობს მარგველაშვილი


ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში სპეცრაზმი დღეს, 23 თებერვალს, დილით შევიდა და ნიკა მელია დააკავა. მანამდე, სამართალდამცველებმა პარტიის ოფისს, სადაც თავმჯდომარე ნიკა მელია ოპოზიციის წევრებთან და მხარდამჭერებთან ერთად იმყოფებოდა, ალყა შემოარტყეს და მათ 30 წუთი მისცეს. ნიკა მელიას ოფისში შეჭრისას, ადგილზე მყოფების ინფორმაციით, გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი. ასევე, იყენებდნენ წიწაკის სპრეის. ნიკა მელიას დაკავებას დასავლელი პარტნიორების კრიტიკა მოჰყვა. 

ნაციონალური მოძრაობის ოფისთან 21 ადამიანი დააკავეს. მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავებიან, რაც დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

კომენტარები