ნიკა მელიას დაკავება

შსს: ძალადობის, წინააღმდეგობის ამსახველ ყველა ფაქტს შევისწავლით და რეაგირებას მოვახდენთ

შსს

 შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში ჩატარებული სპეცოპერაციისას "ძალადობისა და წინააღმდეგობის ამსახველ ყველა ფაქტს" შეისწავლიან და მათ, უწყების განცხადებით, რეაგირება მოჰყვება.

"სამინისტროს მიერ ადგილზე გაკეთებული არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, პარტიის ოფისში და მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას და სამართალდამცველებს ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწიეს.

საპოლიციო ღონისძიების მსვლელობისას, სამართალდამცველებმა შეკრებილებს შენობიდან გასვლის შესაძლებლობა მისცეს და ამ მიზნით უსაფრთხო დერეფანი უზრუნველყვეს. შეკრებილების ნაწილმა ისარგებლა აღნიშნული დერეფნით და დატოვა შენობა, ნაწილმა კი განაგრძო წინააღმდეგობა და ძალადობრივი ქმედებები, რის ამსახველი კადრებიც საზოგადოებამ არაერთი ტელეკომპანიის პირდაპირ სატელევიზიო ეთერებში, ასევე, სოციალური ქსელში გავრცელებულ სხვადასხვა ვიდეოში ნათლად იხილა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალადობისა და წინააღმდეგობის ამსახველ ყველა ფაქტს შეისწავლის და მათზე შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს". – წერია განცხადებაში. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში სპეცრაზმი დღეს, 23 თებერვალს, დილით შევიდა და ნიკა მელია დააკავა. მანამდე, სამართალდამაცველებმა პარტიის ოფისს, სადაც თავმჯდომარე ნიკა მელია ოპოზიციის წევრებთან და მხარდამჭერებთან ერთად იმყოფებოდა, ალყა შემოარტყეს და მათ 30 წუთი მისცეს. ნიკა მელიას ოფისში შეჭრისას, ადგილზე მყოფების ინფორმაციით, გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი. ასევე, იყენებდნენ წიწაკის სპრეის. ნიკა მელიას დაკავებას დასავლელი პარტნიორების კრიტიკა მოჰყვა. 

ნაციონალური მოძრაობის ოფისთან 21 ადამიანი დააკავეს. მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავებიან, რაც დაუმორჩილებლობას გულიხსმობს. 

კომენტარები