ნიკა მელიას დაკავება

კალაძე: აყვანის ღონისძიების დროს არავინ დაშავებულა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია

პირველი, რაც მინდა ვთქვა, საბედნიეროდ, აყვანის ღონისძიების დროს არავინ დაშავებულა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, დღევანდელმა დღემ აჩვენა, რომ ოკუპაციის 100 წლისთავზეც კი, ჯერ კიდევ არ ვართ შეთანხმებული ელემენტარულ სახელმწიფოებრივ პრინციპებზე. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ გვაქვს გაჯერებული კანონის პატივისცემა, რაც ავტომატურად იწვევს ერთმანეთის და სახელმწიფოს უპატივცემულობას. ზოგადად, ახლაც და მომავალშიც დიალოგს და ნორმალურ, ცივილიზებულ ურთიერთობას არ აქვს ალტერნატივა. ერთადერთი, რაც ყველაზე დიდი პრობლემაა პოლიტიკური პარტიებისთვის, სახელმწიფოსთვის, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, წინსვლისთვის, მომავალზე ფიქრისთვის, ეს არის რადიკალიზმი და რადიკალიზაცია, რაც უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში. 

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი გუნდის მთავარი ამოცანა, მიზანი არის, რაც შეიძლება სწრაფად გავხდეთ იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა ქვია, ეს არის არასწორი, რომ ჩვენ გადავუხვიეთ ამ გზას, რეფორმები, რომელიც განსახორციელებელია, აუცილებლად განხორციელდება...

ასე ეხმაურება თბილისის მერი კახი კალაძე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას. ნიკა მელია სპეციალური დანიშნულების რაზმმა პარტიის ოფისიდან გაიყვანა, სადაც შეკრებილები იყვნენ სხვა ოპოზიციური ლიდერები და მხარდამჭერები. შსს-მ ძალის გამოყენებით დაატოვებინა შენობა მხარდამჭერებს და გაუშვა წიწაკის გაზი, რასაც დასავლელი პარტნიორების მხრიდან მკაცრი შეფასებები მოჰყვა. 

კომენტარები