უმუშევრობა

საქსტატი: 2020 წლის ბოლო კვარტალში უმუშევრობამ 20.4% შეადგინა

speakerstones

2020 წლის ბოლო კვარტალში უმუშევრობა 3.8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 20.4% შეადგინა.

წინასწარ მონაცემებს საქართველოს სტატისტიკის სამსახური ავრცელებს. უმუშევრობის დონე 2018 წლის პირველი კვარტლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა:

საქსტატი

2020 წლის მეოთხე კვარტალში სამუშაო ძალამ(15+ ასაკის, შრომისუნარიანი მოსახლეობა, რომელიც მუშაობის სურვილს გამოთქვამს) ზრდასრული მოსახლეობის 50% შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ ორიდან ერთი ზრდასრული, შრომისუნარიანი ადამიანი არც მუშაობს და არც სამსახურს ეძებს. საქსტატის მონაცემებით, სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე(50%) ბოლო 2 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალია.

დასაქმებულთა სტატუსის მიხედვით, განაწილებაში კვლავ ჭარბობენ დაქირავებით მომუშავეები – 2020 წლის ბოლო კვარტალში დასაქმებულთა 67.3% დაქირავებით მუშაობდა, 32.7% კი თავს თვითდასაქმებულად მიიჩნევდა.

არათანაბრადაა გაზრდილი უმუშევრობა სოფლებსა და ქალაქებში. კერძოდ, საანგარიშო პერიოდში, საქალაქო დასახლებებში უმუშევრობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5.6 პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი, ხოლო სასოფლო დასახლებებში – 1 პპ-ით.

საქსტატი

სამუშაო ძალაში მონაწილეობა, ანუ მუშაობის სურვილის მქონე ზრდასრული მოსახლეობის წილი, ტრადიციულად განსხვავებულია სქესის მიხედვით. 2020 წლის მეოთხე კვარტალში, მუშაობის სურვილი გამოკითხული ქალების 39.5%-მა გამოთქვა, კაცებში იგივე მაჩვენებელი 62%-ია.

საქსტატი

 

კომენტარები