გიორგი გახარია

ზვიად რატიანი, კლუბები, 20 ივნისი – გიორგი გახარიას მემკვიდრეობა

გიორგი გახარია

ზვიად რატიანი, კლუბები, 20 ივნისი – გიორგი გახარიას მემკვიდრეობა

ზვიად რატიანი, პანკისი, ბასიანი, გავრილოვის ღამე, მუქარის წერილი - ეს გიორგი გახარიას, ქართული ოცნების რიგით მე-5 პრემიერმინისტრის, მემკვიდრეობაა. 

1994-1999 წლებში გახარია მოსკოვში, ლომონოსოვის უნივერსიტეტში სწავლობდა. 2000 წელს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ბრძანებით, მიიღო რუსეთის მოქალაქეობა, რომელიც 2016 წელს, ეკონომიკის მინისტრად დანიშვნამდე მხოლოდ 8 დღით ადრე დატოვა. 

2013 წელს გიორგი გახარია საქართველოს ბიზნესომბუდსმენად დაინიშნა. 2016 წლის ნოემბრიდან 2017 წლის ნოემბრამდე ის ეკონომიკის მინისტრი იყო, 2017 წლის ნოემბრიდან 2019 წლის სექტემბრამდე კი შინაგან საქმეთა მინისტრი. გიორგი გახარია საქართველოს პრემიერმინისტრად 2019 წლის 8 სექტემბერს დაინიშნა.  

ზვიად რატიანი 

პირველი გახმაურებული საქმე, რომელიც გიორგი გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდს უკავშირდება, პოეტ ზვიად რატიანის ცემაა. თანამდებობაზე მოსვლიდან 9 დღეში გახარიას ინიციატივით საპოლიციო რეიდები დაიწყო. როგორც მოგვიანებით თვითონვე ახსნა, საპოლიციო კონტროლი ჩატარდა იმიტომ, რომ "სტატისტიკა ფუჭდებოდა."

ზვიად რატიანი პოლიციელებმა 23 დეკემბერს დააკავეს. როგორც თავად პოეტი ჰყვებოდა, სამართალდამცავებს მისი ქურთუკის ფერი არ მოეწონათ. ეკითხებოდნენ, რატომ ეცვა ნარინჯისფერი ქურთუკი, მანქანაში ჩატენეს, ხელებსა და ფეხებზე ბორკილები დაადეს და სცემეს. მისივე თქმით, რამდენჯერმე სცემეს განყოფილებაში გადაყვანის შემდეგაც. 

Liberali

მოგვიანებით, უწყებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რატიანმა სამართალდამცავებს წინააღმდეგობა გაუწია და უცენზურო სიტყვებით მიმართა. მას  წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ. შემდეგ კი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პოლიციელის მიერ გადაღებული არასრული ვიდეო გაავრცელა, სადაც მისი გინება ისმის. მოსამართლემ რატიანი სამართალდამრღვევად ცნო - მას 2 000 ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრეს. ვიდეოს გასაჯაროებასთან დაკავშირებით, 2018 წელს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა შსს სამართალდამრღვევად ცნო და 2 000 ლარით დააჯარიმა. 

ზვიად რატიანი დაზარალებულად ცნობას და პოლიციელების მიერ მისი ცემის გამოძიებას რამდენიმე თვის განმავლობაში ითხოვდა. მან ქვეყანა 2018 წლის სექტემბერში დატოვა. 

არც ერთი წუთით იმაზე, რაც მოხდა მაშინ, არ ვნანობ“. – თქვა გახარიამ 2018 წლის მარტში ზვიად რატიანის საქმეზე საუბრისას. მიუხედავად დაზიანებებისა, რომლებიც რატიანმა ფიზიკური ძალადობის შედეგად თავისა და სახის არეში მიიღო, შინაგან საქმეთა მინისტრი მის ცემას უარყოფდა. 

პანკისი

გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრობას უკავშირდება 2019 წლის 21 აპრილს პანკისში განვითარებული მოვლენებიც. სიტუაცია პანკისის ხეობაში მას შემდეგ დაიძაბა, რაც ადგილზე ხადორი-3 ჰესის მშენებლობა დაიწყო - ამას ადგილობრივი მოსახლეობა ეწინააღმდეგებოდა. ადგილობრივების პროტესტის საპასუხოდ გიორგი გახარიამ ხეობაში სპეციალური დანიშნულების რაზმები შეიყვანა. ისინი აქციის მონაწილეების დაშლას რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით შეეცადნენ, მოსახლეობა კი მათ ქვებს ესროდა. 

პანკისის სათემო რადიო 

სპეცრაზმელებსა და ადგილობრივებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. ხალხმა პოლიციის 2 მანქანა და ტრაქტორი დაწვა, რომელიც ჰესის მშენებლობაზე მუშაობდა. სიტუაციის დაძაბვისა და დაპირისპირების შემდეგ ადგილზე გახარია ჩავიდა. მან ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ 21  აპრილს, დილით პანკისის ხეობაში მშენებლობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად "წყნარად, მშვიდად“ კახეთის სამხარეო პოლიციის 35 თანამშრომელი იყო, მისივე თქმით, მშენებლობის უსაფრთხოების დაცვის თხოვნით შსს-ს ეკონომიკის სამინისტრომ მიმართა. გიორგი გახარიამ ასევე თქვა, რომ დამატებითი ძალების მობილიზება მოხდა მას შემდეგ, რაც „განხორციელდა მათზე თავდასხმა“. 

გიორგი გახარიამ პანკისის მოსახლეობასთან პირობა დადო, რომ ჰესი მას შემდეგ აშენდებოდა, რაც მოსახლების 90%-ის თანხმობას მიიღებდნენ, მისივე თქმით, ხეობის უხუცეს წევრებთან შეთანხმდა, რომ ყველა მოქალაქე, ვინც პოლიციელებს თავს დაესხა, დაისჯებოდა. 

სპეცოპერაციის დღეს გახარია ამბობდა, რომ "გარკვეული ექსცესი მოხდა" და, მისივე სიტყვებით, მიხედავდნენ ისე, "როგორც საჭიროა". თუმცა 2019 წლის 2 მაისს აღიარა, პანკისის სპეცოპერაცია შეცდომა იყო და "ჩემ მიერაც არასრულად იყო დასკვნები გაკეთებული იმ რისკების შეფასებისთვის, რაც შეიძლება იქ ყოფილიყო".

პანკისი ხეობაში დაპირისპირების დროს სულ 55 ადამიანი დაშავდა - 38 სამართალდამცავი და 17 მოქალაქე. 

ბასიანსა და გალერიში შეჭრა 

2018 წლის მაისში საქართველოში ახალი ნარკოტიკული საშუალებით, მეფედრონით, რამდენიმე ახალგაზრდა გარდაიცვალა. მაშინ ნაციონალური მოძრაობა ბიძინა ივანიშვილის შვილს, ბერა ივანიშვილს, კლუბური ნარკოტიკების "დაკრიშვაში" ადანაშაულებდა. 

ბასიანსა და გალერიში სპეცრაზმი 2018 წლის 12 მაისს, ღამით შეიჭრა. მათ ყველა სტუმარს კლუბები ძალის გამოყენებით დაატოვებინეს, ისე, რომ პირადი ნივთების გამოტანის საშუალებაც არ მისცეს.  შინაგან საქმეთა სამინისტრო სპეცოპერაციაზე ინფორმაციას გვიან ღამემდე არ ავრცელებდა. სამართალდამცავები ძალას ამეტებდნენ და მოქალაქეებზე ძალადობდნენ. აკავებდნენ აქტივისტებს, რომლებიც კლუბებთან იყვნენ შეკრებილები და უზღუდავდნენ თავისუფალ გადაადგილებას. თუმცა, მოგვიანებით გახარია ამტკიცებდა, რომ ვერ აჩვენებდნენ ადამიანს, "ვისაც თმის ერთი ღერი ჩამოუვარდა."  

მოგვიანებით, უწყებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სპეცოპერაცია 8 ნარკორეალიზატორის დასაკავებლად ჩაატარეს. თუმცა, გაირკვა ისიც, რომ ეს ადამიანები შსს-მ არა კლუბის ტერიტორიაზე, არამედ გარეთ დააკავა. ამას გახარია იმით ხსნიდა, რომ მათი მიზანი იყო, ნარკორეალიზატორები კლუბის გარეთ დაეკავებინათ, თუმცა "ერთ-ერთმა მიგვასწრო".

ომბუდსმენი ნინო ლომჯარია ამბობდა, რომ რვავე ადამიანი კლუბებში სპეცოპერაციამდე დააკავეს. ასევე, აღსანიშნავია ისიც, რომ რვავე დაკავებულს მხოლოდ ნივთიერება მდმა ჰქონდა - მათ არ აღმოაჩნდათ ნარკოტიკული ნივთიერება, რომლითაც, შსს-ს ინფორმაციით, სავარაუდოდ, იმ პერიოდში 4 ახალგაზრდა გარდაიცვალა. 

იმავე ღამეს კლუბებში სპეცოპერაციის გასაპროტესტებლად მოქალაქეებმა პარლამენტთან გადაინაცვლეს. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიასა და პრემიერმინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის გადადგომა იყო. აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს, სოლიდარობის ნიშნად კლუბების ნაწილი დაიხურა. გაშალეს კარვებიც, რომლებიც პოლიციამ 13 მაისს, დილით დაშალა. საღამოს პარლამენტთან ხელკეტებითა და ფარებით აღჭურვილი სპეცრაზმი გამოჩნდა, მიიყვანეს წყლის ჭავლის მანქანაც. 

სწორედ 13 მაისს, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის პარალელურად,  გამოვიდა ბერას ახალი სიმღერაც - Legalize.  სიმღერაში ივანიშვილი მხარდაჭერას უცხადებდა ყველას, ვინც "ეწევა შრეკისფერს", ასევე "უყვარს და არ ასაღებს". ბერა აღნიშნავდა, რომ წარმოადგენდა თაობას, რომელსაც "აღარ ეშინია მთავრობის."

მხოლოდ ამის შემდეგ მივიდა გახარია პარლამენტთან, აქციის მონაწილეებთან შესახვედრად. ის მოვლენებს 2 დღის განმავლობაში არ გამოეხმაურა. აქციის ორგანიზატორებს  პარლამენტში 1 საათის განმავლობაში ხვდებოდა, შემდეგ კი შეკრებილებს სიტყვით მიმართა. "მოდი, დავიწყოთ ბოდიშით". – თქვა გახარიამ მიმართვისას. 

გახარიამ აქციის მონაწილეებს დაპირებები მისცა, რომელთა შორის "ნარკოპოლიტიკის მიმართულებით კონკრეტული შედეგების მიღწევა" იყო. პირობის დადებიდან 2 წელზე მეტი დრო გავიდა - ის არ შესრულებულა. გახარიას მისვლის შემდეგ აქციის მონაწილეებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია ავტობუსებით დატოვეს. 

მუქარის წერილი 

თიბისი ბანკის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ, 2019 წლის 4 მარტს პარლამენტში თქვა, რომ შს მინისტრისგან, გიორგი გახარიასგან, შუამავლის ხელით წერილი მიიღო. გახარია ხაზარაძეს ემუქრებოდა, თუ კონკრეტულ დავალებებს არ შეასრულებდა, თიბისი ბანკს რეპუტაციული ზიანი მიადგებოდა. 

ხაზარაძის განცხადებას წინ  პროკურატურის ბანკში შესვლა და ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ 10 წლის წინანდელ, 2007-2008 წლის ტრანზაქციებზე გამოძიების დაწყება უძღოდა. ამის გამო თიბისი ბანკმა ლონდონის ბირჟაზე რამდენიმე მილიონი დოლარით იზარალა. 

გამოძიების დაწყების შემდეგ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის სამეთვალყურეო საბჭოდან გადადგომა მოითხოვა. მათ თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭო 21 თებერვალს დატოვეს. 

მუქარის წერილი 3 პუნქტისგან შედგებოდა. პირველი პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის, მხარდასაჭერი განცხადების გაკეთება იყო, რომელში „რევანში“ უნდა ყოფილიყო ხსენებული. აღსანიშნავია, რომ ხაზარაძემ მსგავსი განცხადება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მართლაც გამოაქვეყნა. დანარჩენი ორი პუნქტის მიხედვით კი ტელეკომპანია პირველი იმედის ტრენდზე უნდა დამჯდარიყო და მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზე გადასულიყო, არტარეას კი უნდა დატყობოდა „ობიექტურობის მაღალი ხარისხი.“ 

შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია წერილის ავტორობას უარყოფდა და  ხაზარაძის სიტყვებს "პრივილეგირებული ბიზნესმენის ჭორაობას" უწოდებდა. ასევე, მინისტრი აღნიშნავდა, რომ "თუ არ დადასტურდა, ცილისწამებაც კრიმინალია."

მუქარის წერილზე გაკეთებული განცხადების გამო მამუკა ხაზარაძე 5 მარტს საქალაქო სასამართლოში დაიკითხა. როგორც თავად ამბობდა, გამოძიების იმედი არ ჰქონდა, ამიტომ წერილის დედანი ექსპერტიზაზე ლონდონში გააგზავნა, საქალაქო სასამართლოში კი მისი ასლი მიიტანა. 

ლონდონში ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა, რომ მუქარის წერილზე 120 თითის ანაბეჭდი იყო. ხაზარაძემ წერილი პროკურატურაში მიიტანა, მოგვიანებით კი პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ ის დაულუქავი იყო. პარალელურად, ცნობილი გახდა ისიც, რომ გახარიამ შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს ბელორუსულ კომპანია Todes-სთან ხელშეკრულება გააფორმა. კომპანიას საქართველოს მოქალაქეების თითის ანაბეჭდების ბაზის განახლება დაევალა. 

გავრილოვის ღამე 

2019 წლის 20 ივნისის მშვიდობიანი ანტისაოკუპაციო აქციის, გავრილოვის ღამის, დარბევის დროს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს გიორგი გახარია იკავებდა. სპეციალური დანიშნულების რაზმმა პარლამენტის წინ შეკრებილი მოქალაქეები რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით დაარბია, რა დროსაც 240 ადამიანი დაშავდა - 80 პოლიციელი, 38 ჟურნალისტი და 122 მშვიდობიანი მომიტინგე. 3-მა ადამიანმა სპეცრაზმელის ნასროლი რეზინის ტყვიით ცალი თვალი დაკარგა - მათ შორის 18 წლის მაკო გომურმაც. 

19-23 ივნისს საქართველოში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა უნდა ჩატარებულიყო. ასამბლეაზე ქართულმა მხარემ რუსი დეპუტატები, მათ შორის, სერგეი გავრილოვი მოიწვია. სწორედ გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სკამში აღმოჩენამ გამოიწვია ჯერ ოპოზიციის პროტესტი, შემდეგ კი საპროტესტო აქციები საკანონმდებლო ორგანოს წინ. 

საპროტესტო აქცია პარლამენტის წინ 20 ივნისს, 19:00 საათზე ჩანიშნა, თუმცა ამ დროისთვის ადგილზე უკვე რამდენიმე ათასი მოქალაქე იყო მისული. აქციის დაწყებიდან მალევე პარლამენტის ეზოში სპეცტექნიკა ყვითელი ავტობუსებით შეიტანეს. სპეცრაზმელები პირველად ნაციონალური მოძრაობის წევრის, ნიკა მელიას სიტყვით მიმართვის შემდეგ გამოჩნდნენ. 

„ჩვენ უნდა შევიდეთ მშვიდობიანად, ხელებაწეული პარლამენტის შენობაში და აი, რომ გადადგებიან, მერე გამოვალთ გარეთ“. – მიმართა მელიამ შეკრებილ ხალხს. 

მელიას სიტყვების შემდეგ სპეციალური დანიშნულების რაზმი პარლამენტის სცენასთან, კიბეზე, მომიტინგეებთან ახლოს გამოჩნდა. ასევე, აღსანიშნავია ისიც, რომ სპეცრაზმელები არა პარლამენტის ეზოში, არამედ ეზოს გარეთ, აქტივისტებთან ახლოს იდგნენ, მიუხედავად იმისა, რომ აქციის მონაწილეებსა და სპეცრაზმელებს შორის ფიზიკური შეხება დაუშვებელია. სწორედ ამან გამოიწვია მოქალაქეთა პროტესტი და პირველი დაპირისპირება. სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. თუმცა, ხალხის სიმრავლის გამო უკანა რიგებში მდგომმა ადამიანებმა არ იცოდნენ, რა ხდებოდა წინ. 

ტბელ აბუსერიძე

დაპირისპირების პარალელურად, იმდროინდელმა პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტში ჟურნალისტებს უთხრა, რომ „რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი ქართული ოცნების ხელწერა არ არის“. საკანონმდებლო ორგანოში იყო შს მინისტრი გიორგი გახარიაც. მამუკა ბახტაძის მიერ გაკეთებული განცხადებიდან 14 წუთში სპეცრაზმმა მშვიდობიანი აქციის ძალადობრივი დაშლა დაიწყო. 

მოქალაქეები დაშლის შესახებ წინასწარ არ გაუფრთხილებიათ. თბილისის მერიაში ამბობდნენ, რომ აქციის შესახებ 5 დღით ადრე არ შეატყობინეს, შესაბამისად, მათივე თქმით, ამის ვალდებულება არ ჰქონდათ. 

აქციის მონაწილეების დასაშლელად ჯერ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, შემდეგ დამიზნებით რეზინის ტყვიები, ბოლოს კი – წყლის ჭავლი. ხალხი გაიფანტა, თუმცა სპეცრაზმელებს ძალადობრივი დაშლა ამით არ დაუსრულებიათ - ისინი მომიტინგეებს ქუჩებში მისდევდნენ და ძალადობრივად აკავებდნენ. 

ტბელ აბუსერიძე

მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეები შიშველი ხელებით პარლამენტში მრავალი მიზეზით ვერ შეაღწევდნენ, მათ შორის, შესასვლელი ჭიშკრისა და სამართალდამცავთა სიმრავლის გამო, გახარია 20 ივნისის ღამეს მაინც "პარლამენტის შტურმის ღამეს" უწოდებს. გახარიამ ასევე თქვა, რომ გავრილოვის ღამესთან დაკავშირებით თავს დამნაშავედ არ გრძნობს და "თითოეულ კეთილსინდისიერ პოლიციელს, ვინც ამ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა", მადლობა გადაუხადა. 

მიუხედავად იმისა, რომ გიორგი გახარიას სახელს მისი შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს მრავალი გახმაურებული საქმე უკავშირდებოდა, საზოგადოება კი მის გადადგომას მოითხოვდა,  ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გახარია დააწინაურა - მას შემდეგ, რაც მამუკა ბახტაძემ თანამდებობა facebook-პოსტით დატოვა, პრემიერმინისტრი გიორგი გახარია გახდა. ივანიშვილის სიტყვებით, გახარიამ "ღირსეულად დაიმსახურა პრემიერმინისტრის პოსტზე წარდგენა." 

კორონავირუსი

ახალი კორონავირუსის პირობებში, როდესაც მმართველი გუნდი ცდილობს, გიორგი გახარიასგან "ეფექტური კრიზის-მენეჯერის" ხატი შექმნას, სხვადასხვა საზოგადოებრივი აზრის კვლევაში მისი რეიტინგი მკვეთრად გაიზარდა. თუმცა, ოპოზიციის წევრები და სამედიცინო სფეროს სპეციალისტები ხშირად აღნიშნავენ, რომ ქვეყანამ კორონავირუსი, რეალურად, ეფექტურად ვერ მართა. ამის დასადასტურებლად მრავალი მაგალითი  შეგვიძლია, მოვიყვანოთ - ინფიცირების 100 შემთხვევაზე ქვეყნის მკაცრად ჩაკეტვა, გეგმის არარსებობა და მკაცრი ჩაკეტვის გამო ეკონომიკის მნიშვნელოვნად გაუარესება. „ეფექტურად მართვას“ ეჭვქვეშ აყენებს ვაქცინაციის გეგმაც - იმის ფონზე, რომ მსოფლიოში უკვე თვეზე მეტია, კორონავირუსზე აცრა დაიწყო, საქართველოს ვაქცინის პირველი დოზები ამ დრომდე არ მიუღია. 

მიუხედავად იმისა, რომ მედია მმართველ გუნდში დაპირისპირებაზე დიდი ხანია, საუბრობდა, გიორგი გახარიამ გადადგომის მიზეზად ნიკა მელიას დაკავებაზე ქართულ ოცნებაში აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა. აღსანიშნავია ისიც, რომ 6 დღის წინ, 12 თებერვალს, გახარია გადადგომაზე დასმულ კითხვებს სიცილით პასუხობდა და ამბობდა, რომ "ჯერჯერობით, მოდიოდა."

„ოცნების“ მიერ წარდგენილი შემდეგი პრემიერმინისტრიც ცნობილია - მმართველმა პარტიამ პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა, უკვე მეორედ.

კომენტარები