14 წლის გოგოს გარდაცვალების საქმე

14 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე პოლიციამ ბაბუა დააკავა

კადრი ვიდეოდან
TV პირველი

14 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე პოლიციამ ბაბუა დააკავა. ინფორმაცია ტაბულას შსს-ში დაუდასტურეს. პოლიციამ ბაბუა არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ოჯახში ძალადობის და მუქარის ბრალდებით დააკავა. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების ცნობით, ოჯახური ნიშნით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ მუქარის და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" და "დ" ქვეპუნქტებით, ასევე, 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

გარდაცვლილი გოგოს დედა, მერი რომანაძე 14 თებერვალს ბაბუასთან მომხდარ სავარაუდო კონფლიქტზე საუბრობდა.

"სანამ გარდაიცვლებოდა, ერთი კვირით ადრე მითხრა ჩემმა შვილმა, რომ ბაბუამისი იყო ნასვამ მდგომარეობაში, საწოლში რომ მეძინა, მოვიდა და სულ თავში მირტყა რომ ვიწექიო. ძლივს ვიხსენი თავი, ვყვიროდი, ვერავის ვერ გავაგებინეო, გავიქეცი მამიდასთან დავრჩიო". – თქვა გარდაცვლილის დედამ. 

დედის თქმით, მას შემდეგ, რაც მის შვილი გააუპატიურეს, მოზარდს ბიძებმა უმოწყალოდ სცემეს.


14 წლის გოგოზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული 23 წლის კაცი შინაგან საქმეთა სამინისტრომ მხოლოდ მას შემდეგ დააკავა, რაც 10 თებერვალს მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ არასრულწლოვანმა საკუთარ სახლში თავი მოიკლა. თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველ არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის დამყარებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებულ, 1997 წელს დაბადებულ მამაკაცს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

მოზარდი გარდაცვლილი პირველად ბაბუამ ნახა, რომელმაც ჟურნალისტებთან საუბრისას დეტალები გაიხსენა და თქვა, რომ მის შვილიშვილზე ორჯერ იძალადეს — თავდაპირველად, 2020 წლის ზაფხულში, შემდეგ კი აქედან 6 თვეში, 2020 წლის დეკემბერში. კაცი ამბობს, რომ განმეორებითი ძალადობის შემდეგ პოლიციაში დარეკეს და მომხდარზე გამოძიება დაიწყო, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოებული ექსპერტიზის მეორე ცნობა მათთან არ მისულა, რამაც, მისივე თქმით, მოზარდი თვითმკვლელობამდე მიიყვანა.

კომენტარები