საკონსტიტუციო სასამართლო

გვანცა კვარაცხელია: კოლექტიური სარჩელი სასამართლოს აიძულებს მოქალაქეებს მოუსმინოს

გვანცა კვარაცხელია
ტაბულა

თავისუფლების ინსტიტუტის იურისტი, გვანცა კვარაცხელია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც სასამართლომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე მთავრობის მიერ შეზღუდვების დიდი ნაწილის დაწესება კონსტიტუციურად მიიჩნია.

"სასამართლოს მიკერძოებულობის ან დაბალი კომპეტენციის გამო საქმის წაგება ცუდი პრეცედენტია, მაგრამ იგი თითქოს (და ეს ნამდვილად ასე არ არის) მხოლოდ იმ ადამიანებს ეხება, ვინც უშუალოდ მოსარჩელე იყო საქმეში. არც მედია აშუქებს ამ მნიშვნელოვან საქმეებს და იგი ყურადღების, ფართო კრიტიკის მიღმა რჩება (რომ გავიდეთ საკუთარი bubble-იდან).  

ასეთი სასამართლოს შემთხვევაშიც კი კოლექტიურ სარჩელებს მაინც აქვს აზრი – (1) სასამართლო იაზრებს, რომ საქმე 2-3 ადამიანს კი არ ეხება (არის ასეთი პრიმიტიული აღქმაც), არამედ იგი მოქალაქეების დიდი ნაწილის მოთხოვნაა საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ; (2) როცა ასობით ადამიანი ითხოვს სასამართლოსგან უფლებების დაცვას – ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში მოსარჩელეებს უჩნდებათ ინტერესი ამ ინსტიტუტის დამოუკიდებლობის/კომპეტენციის მიმართ. მხოლოდ კლანურობის საკითხი საინტერესო ინფორმაციაა, მაგრამ არასაკმარისი საზოგადოებრივი მხარდაჭერის მოპოვებაში". – წერს კვარაცხელია. 

იურისტის ცნობით, სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები საზოგადოებაში არც ისე პოპულარული ან საინტერესოა და ისინი იმ ანგარიშებით, რომლებსაც ისედაც რამდენიმე ინფორმირებული ადამიანი "გადაავლებს თვალს", ვერ გვარდება. კოლექტიური სარჩელი კი სასამართლოს აიძულებს, გამოვიდეს კომფორტის ზონიდან და  მოქალაქეებს მოუსმინოს.

"სასამართლოზე მაშინ შეიძლება ადამიანებს ეტკინოთ, როდესაც მათ უშუალოდ ეხებათ – და, სამწუხაროდ, ამას ბოლო პერიოდში გამუდმებით ვხედავთ. ისინი გაოგნებული არიან ამ სისტემით, როდესაც უშუალოდ მათ საქმეებს ეხება. როდესაც ფილიშვილმა განიხილა აქტივისტების საქმეები, მათმა უმეტესობამ მაშინვე დაინახა, რა აბსურდს შეეჯახა. ამან იმაზე მეტად გაზარდა ინტერესი სასამართლოს მიმართ, ვიდრე ცალკე აღებულმა რომელიმე ანგარიშმა.

თუ საზოგადოებრივი მხარდაჭერა გჭირდებათ, მაშინ საზოგადოებას ფართოდ უნდა შეეხოს ეს პრობლემა – კოლექტიური სარჩელები კი ამის ერთ-ერთი გზაა.

თუ საზოგადოებრივი წნეხით აიძულებთ მმართველ ძალას, მიიღოს პროპორციული არჩევნები, კოლექტიური სარჩელიც ასე შეგიძლიათ დაინახოთ – ხელისუფლების ერთ-ერთ შტოს – სასამართლოს აიძულებს, გამოვიდეს კომფორტის ზონიდან და მოუსმინოს მოქალაქეებს. საკონსტიტუციო სასამართლო ბევრმა გონიერმა ადამიანმა დატოვა, მაგრამ დარჩა მნიშვნელოვანი რესურსი, რომლის გამოყენებაც ამ მოსამართლეებს შეუძლიათ - თუ საზოგადოებრივი წნეხი მათ ამას აიძულებს.
  
ამ ცუდი სასამართლოს გამოყენებითაც შეიძლება გარკვეული მიზნების მიღწევა, თუ სტრატეგია იქნება სწორად დაგეგმილი". – წერს გვანცა კვარაცხელია. 


თავისუფლების ინსტიტუტმა საკონსტიტუციო სასამართლოში დაიწყო კოლექტიური სარჩელების შეტანა ხალხი მთავრობის წინააღმდეგ.

როგორც გვანცა კვარაცხელია ტაბულასთან საუბარში განმარტავს, მთავრობის მიერ ახალი კორონავირუსის გამო დადგენილ შეზღუდვებს არ გააჩნია კონსტიტუციური საკანონმდებლო საფუძველი, რის გამოც, ორგანიზაცია ასაჩივრებს ყველა იმ შეზღუდვას, რომელიც დღეს ქვეყანაში მოქმედებს. 


საკონსტიტუციო სასამართლომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე მთავრობის მიერ შეზღუდვების დიდი ნაწილის დაწესება კონსტიტუციურად მიიჩნია.

განსახილველი საქმე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს ეხებოდა, რომლის მიხედვითაც, მთავრობას მიეცა უფლებამოსილება, პარლამენტის მიერ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდოს ადამიანის კონსტიტუციური უფლებები. მათ შორის, ამავე ცვლილების მიხედვით, მთავრობას მიენიჭა იზოლაციისა და კარანტინის წესების განსაზღვრის უფლებაც.

კომენტარები