კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: კომენდანტის საათის გაუქმება ამ ეტაპზე არ განიხილება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში კომენდანტის საათის გაუქმების საკითხი ამ ეტაპზე, არ განიხილება.

როგორც გამყრელიძემ Interpressnews-თან საუბრისას თქვა, დადებითობის მაჩვენებლის ერთჯერადი შემცირება შეზღუდვების შემსუბუქების საფუძველს არ იძლევა და ეს უნდა შენარჩუნდეს, მინიმუმ, ორი კვირის განმავლობაში. 

"დადებითობის მაჩვენებლის ერთჯერადი შემცირება შეზღუდვების შემსუბუქების საფუძველს არ იძლევა, ეს უნდა შენარჩუნდეს, მინიმუმ, ორი კვირის განმავლობაში. კომენდანტის საათის გაუქმების საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება. უნდა დავუკვირდეთ ხვალინდელი შემსუბუქების შემდეგ სიტუაციას, როგორი იქნება, როცა გაიზრდება მობილობა, როცა მუნიციპალური ტრანსპორტი და მეტრო ამუშავდება.

მოგეხსენებათ, მომავალი ორშაბათიდან ასევე სერიოზულად გაიზრდება კიდევ მობილობა, როცა სკოლებში სწავლა დაიწყება და ამის შემდეგ იმის მიხედვით, თუ შევინარჩუნებთ იმ ეპიდსიტუაციას, როგორიც დღეს გვაქვს შემდგომ ნაბიჯზე უკვე იქნება გადაწყვეტილებები მიღებული. ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ, კი, დადებითობის მაჩვენებელიც იკლებს და ინციდენტობის მაჩვენებელიც, მაგრამ აბსოლუტურ რიცხვში ის 400 შემთხვევა, რაც დღეს ჩვენ გვაქვს ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის ბევრია, ამიტომ ამ მონაპოვარს, რაც გვაქვს, ახლა სტაბილიზაციისკენ უნდა გავუფრთხილდეთ. პირბადე, დისტანცია, ხელების ხშირი დაბანა, არა - დიდ შეკრებებს, არა დიდ ნადიმებს - აი, ეს ჩვენ დაგვჭირდება კიდევ კარგა ხანს". - ამბობს გამყრელიძე. 

მისი თქმით, თუ რეგულაციებს კარგად დავიცავთ, "მაშინ, დიდი ალბათობით, შეიძლება თავი ავარიდოთ შემდგომ ეპიდაფეთქებას".

"ჩვენ საკმაოდ მძიმე მეორე ტალღა გავიარეთ და თუ დავიცავთ ყველა რეგულაციას და, განსაკუთრებით, პირბადის ტარების მაჩვენებელს თუ კიდევ უფრო გავზრდით, 95%-მდე, მაშინ დიდი ალბათობით, შეიძლება თავი ავარიდოთ შემდგომ ეპიდაფეთქებას". - ამბობს გამყრელიძე. 

გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 14 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 13 573 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 404 ახალი შემთხვევა. ვირუსისგან 799 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

კომენტარები