დიეგო გარიხო - MMA-ს მებრძოლი და დრაგ ქუინი

დიეგო გარიხო - MMA-ს მებრძოლი და დრაგ ქუინი

რინგზე MMA-ს მრისხანე მებრძოლი „ორი პისტოლეტის“ სახელით ასპარეზობდა, სან დიეგოს დრაგ სცენა მას ლოლას სახელით იცნობს.

დიეგო გარიხო მექსიკის ქალაქ გაუნახუატოში დაიბადა. ჯერ კიდევ ბავშვობაში მომავალი მოკრივე აშშ-ში გადასახლდა. ახალგაზრდობაში რამდენჯერმე მოხვდა ციხეში. პროფესიონალური კარიერა 2006 წელს MMA-ში დაიწყო. გარიხომ რინგზე ზედიზედ შვიდჯერ გაიმარჯვა, შემდეგ თვალის ტრავმა მიიღო, რომელმაც მხედველობა ნაწილობრივ დაუზიანა. მიუხედავად ტრავმისა, 2018 წელს კიდევ უფრო სისხლიანი სპორტის, უხელთათმანო კრივის მებრძოლი გახდა, რომელშიც ამ დროისთვის ერთი გამარჯვება აქვს მოპოვებული.


გამოცემა Vice-მა გარიხოს ინტერვიუ ჩამოართვა.


თქვენთვის სახეში დარტყმა ალბათ უკვე ჩვეულებრივი ამბავია

კი, დარტყმებს ვუძლებ. დიდი ტექნიკით ვერ დავიკვეხნი, მაგრამ ბრძოლაში ბოლომდე ვიხარჯები. როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს დარტყმა, არ ვჩერდები. სწორედ ამის ხარჯზე ხშირად ჩემზე უკეთეს მებრძოლებს ვამარცხებ.


რომელია უფრო რთული? სახეში დარტყმა თუ ფეხების ცვილით გაპარსვა?

ცვილი ცუდია, მაგრამ ნამდვილი საშინელება აკრილის ფრჩხილის მოტეხვაა. ნამდვილი კოშმარია. რაც შეეხება სახეში დარტყმას, საერთოდ არ მაწუხებს.


უხელთათმანო კრივზე რატომ გადაერთეთ?


თვალის დაზიანების შემდეგ პროფესიონალური საბრძოლო სპორტიდან წამოვედი. ექიმმა თვალი გადამირჩინა, მაგრამ მხედველობა დამიქვეითდა. მან გამაფრთხილა, რომ შესაძლოა, იგივე დამემართოს მეორე თვალზეც. ჩხუბის დათმობა არ შემიძლია, ამისთვის არ ვარ მზად. ამიტომ უხელთათმანო კრივზე გადავერთე, მაინტერესებს, როგორია ჩხუბი შიშველი ხელებით. მინდა, ბოლომდე შევიგრძნო, ჩხუბი ხომ ძალიან მიყვარს. ისიც მესმის, რომ შესაძლოა, დავბრმავდე.


დრაგ კულტურით როდის დაინტერესდით?


ღრმა ბავშვობიდან არსებობს ფოტო, რომელშიც დედის ბიუსტჰალტერი და საცვალი მაცვია, გადაღების მომენტში 6 წლის ვიყავი. დედა თავის გეი ბიძაშვილებთან ერთად მზრდიდა, შესაბამისად ტრადიციული მასკულინური სტერეოტიპებისგან დაცული ვიყავი. ალბათ ამიტომ შემიძლია ვიყო უფრო ფემინური. ხალხს აინტერესებს გეი ვარ თუ არა, უბრალოდ ვერ იაზრებენ რომ ფემინურობა და სექსუალური მისწრაფებები ორი რადიკალურად განსხვავებული რამ არის.


როგორ მოხვდით დრაგ კულტურაში?


რამდენიმე წლის წინ ემოციური ინტელექტის კურსი გავიარე. კურსის ერთ-ერთი ამოცანა კომფორტის ზონის დატოვება გახლდათ. უამრავი ადამიანის თანდასწრებით იმის კეთება დავიწყე, რისი კეთებაც ყოველთვის მინდოდა. ვისწავლე ცეკვა, ქუსლებზე სიარული, გავიხვრიტე ყურები, გავიკეთე ეპილაცია. ტანსაცმლის შერჩევაში სხვები დამეხმარნენ.


რა ენერგიას დებთ თქვენს დრაგ პერფომანსებში?


პირველი დრაგ შოუს წინ ზუსტად იგივე ემოციები მქონდა, როგორიც პირველ რინგზე გასვლის წინ. გასახდელში ჩემს ოპონენტებთან ერთად ვიჯექი და ვფიქრობდი „ნეტავ თუ შევძლებ მის დამარცხებას“. უნდა ითქვას, რომ არ შემშინებია, ზოგადად ნერვები არ გამაჩნია ან უბრალოდ ზედმეტად სულელი ვარ იმისთვის, რომ მეშინოდეს.

დრაგ თემმა კარგად მიგიღოთ?


დიდ სიყვარულს ვგრძნობ არამხოლოდ დრაგ სცენაზე მოღვაწე ხალხისგან, ტრანსგენდერი და გეი ადამიანებისგან, არამედ დიდი მებრძოლებისგანაც. შესაძლოა, ისინი ნაწილობრივ ფარავენ საკუთარი თავის იმ ნაწილს, რომლის წარმოჩენა მეტად სურთ.

რა მსგავსებაა პროფესიონალურ საბრძოლო ხელოვნებასა და დრაგ კულტურას შორის?


საბრძოლო ხელოვნება ადამიანის გამძლეობის ლამაზი მაგალითია. დრაგ კულტურა ტოქსიკური მასკულინობის დაძლევას ემსახურება. ფერადკანიანი ტრანსი ადამიანები ერთ-ერთი ყველაზე ჩაგრული ჯგუფია. მათ წრეში მაღალია თვითმკვლელობის შემთხვევები. მათ დისკრედიტაციის ნაცვლად მხარდაჭერა სჭირდებათ. 

საიდან მოდის თქვენი ექსტრემალურობისკენ მისწრაფება?


ბავშვობაში დამაჯერეს, რომ სამყარო აღსასრულისკენ მიექანება. ექვსი წლის რომ ვიყავი, მაშინ ჯერ კიდევ მექსიკაში ვცხოვრობდი, კარს მისიონერი მოგვადგა. კარი არ გავუღე, თუმცა მითხრა, რომ „სამყაროს დასასრული ახლოვდება“. ძალიან განვიცადე ეს ამბავი, როდესაც რამე სტიქიური უბედურების შესახებ ვიგებდი, მეგონა სამყაროს დასასრული დადგა. შესაძლოა, ამიტომაც ვარ იმპულსური პიროვნება.

ანუ მძაფრი შეგრძნებებისადმი ლტოლვა არაცნობიერია?


ბევრი რამ, რასაც ვაკეთებ, ბავშვობაში გადატანილ ჩაგვრას უკავშირდება. სხვების დამოკიდებულებამ თავი პატარა ადამიანად, გარიყულად მაგრძნობინა. ყოველთვის ყველაფრის მრცხვენოდა. ალბათ ამიტომ გავხდი პიროვნება, რომელსაც დღეს არაფრის რცხვენია. ბავშვობაში ძალიან დამამცირეს, საკუთარ თავს შევფიცე, რომ მსგავსი რამ არასდროს განმეორდებოდა. სწორედ ამიტომ ვერთვები ბრძოლაში მაშინ, როდესაც სხვები უკან იხევენ... მაგრამ ბავშვობის ტრავმას მუდამ თან დავატარებ და ყოველდღიურად განვიცდი.

როგორც ჩანს, პრობლემების დამარცხების გზას მიაგენით


დიახ, ხელოვნება და ჩხუბი. ყველაზე ცუდ დღესაც კი ვარჯიში და სპარინგი მაქვს ჩანიშნული. არა იმიტომ რომ ვინმეს ვცემო, არამედ მე თვითონ მინდა, მივიღო რამდენიმე დარტყმა. როდესაც ვიბრძვი, ყველა სხვა პრობლემა აზრს კარგავს.

წყარო: Vice
 

კომენტარები