მე-10 მოწვევის პარლამენტი

ჯაფარიძე: თუ ოცნება არ გადმოდგამს ნაბიჯს შეთანხმებისთვის, მანდატებს არ გამოვიყენებთ

"თუ ქართული ოცნება ვერ გვეთანხმება, არ გადმოდგამს ნაბიჯს, რომელიც სჭირდება პოლიტიკურ შეთანხმებას, ცხადია, ჩვენ მანდატებს არ გამოვიყენებთ". – ამის შესახებ პარტია ლელოს ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ, ტელეკომპანია ფორმულას ეთერში ისაუბრა. 

ჯაფარიძე ამბობს, რომ პარტია გირჩის ქართული ოცნებისადმი მიმართვას, არ დაუჭირონ მხარი ოპოზიციონერებისთვის საპარლამენტო მანდატების გაუქმებას, ვერ შეაფასებს, თუმცა ლელოს პოზიცია მანდატების გაუქმებასთან დაკავშირებით არის იგივე, რაც იყო მანდატების გაუქმებასთან დაკავშირებით განცხადების შეტანისას.

"ეს არის გირჩის მცდელობა, ამიტომ, მე, ასე ვთქვათ, ვერ შევაფასებ ამას. რაც შეეხება ლელოს, ჩვენი პოზიცია არის ის, რომ როდესაც მივმართეთ პარლამენტს მანდატების გაუქმებასთან დაკავშირებით და ჩავხსენით ჩვენი პარტიული სია, ეს გადაწყვეტილება იყო მიღებული იმ მოლოდინით, რომ ქართული ოცნება გააუქმებდა ჩვენს მანდატებს და შესაბამისად, დავრჩებოდით პარლამენტის გარეთ იმ პროტესტის გასაგრძელებლად, რომელიც ჩვენ დავიწყეთ 31 ოქტომბერს დამახინჯებული არჩევნების ჩატარების გამო.

აქედან გამომდინარე, ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ და ახლაც იმავეს ვიმეორებთ, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, პარლამენტში შევალთ და მანდატებს გამოვიყენებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ქართული ოცნება გაითავისებს, რომ სხვაგვარად ვერ მოგვარდება პოლიტიკური კრიზისი ჩვენს ქვეყანაში, ვერ შევძლებთ საზოგადოების გამთლიანებას და ერთად ვიმუშაოთ პარლამენტში იმისათვის, რომ ქვეყანა გაუმკლავდეს გამოწვევებს. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მზად ვიყავით და მზად ვართ იმისათვის, რომ მანდატები გაუქმდეს, ეს გადაწვეტილება ჩვენ მივიღეთ მაშინ, როდესაც განცხადებები შევიტანეთ. შესაბამისად, თუ ქართული ოცნება ვერ გვეთანხმება, არ გადმოდგამს ნაბიჯს, რომელიც სჭირდება პოლიტიკურ შეთანხმებას, ცხადია, ჩვენ მანდატებს არ გამოვიყენებთ". – ამბობს ბადრი ჯაფარიძე.

დღეს პარტია გირჩმა განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ქართულ ოცნებას თხოვნით მიმართავს, რომ ხვალინდელ სხდომაზე მხარი არ დაუჭირონ ოპოზიციონერებისთვის საპარლამენტო მანდატების გაუქმებას, წინააღმდეგ შემთხვევაში მსგავსი მოთხოვნით საკანონმდებლო ორგანოს გირჩის წევრებიც მიმართავენ.

ხვალ, 2 თებერვალს, პარლამენტი ოპოზიციონერი დეპუტატების მანდატების შეწყვეტას უყრის კენჭს. 

მანდატების გაუქმების მოთხოვნით საკანონმდებლო ორგანოსთვის არ მიუმართავს პარტია მოქალაქეებსა და გირჩის სამ წევრს. პარლამენტში უკვე შევიდა პატრიოტთა ალიანსის საარჩევნო სიის 4 დეპუტატი, რომლებმაც ახალი პარტია, ევროპელი სოციალისტები დააფუძნეს. ამასთან ერთად, პარტია მოქალაქეების ლიდერების თქმით, საკანონმდებლო ორგანოში შესვლა მათაც გადაწყვეტილი აქვთ.

ოპოზიცია ხელისუფლებისგან ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეფორმას, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოითხოვს და საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტს უცხადებს. ამ დროისთვის 60 ოპოზიციონერი დეპუტატიდან საპარლამენტო მანდატებზე უმრავლესობას უარი აქვს ნათქვამი.

კომენტარები