ირანის ბირთვული პროგრამა

ირანი არ აპირებს, ბირთვული პროგრამა შეამციროს, თუ აშშ მისთვის დაწესებულ სანქციებს არ მოხსნის

მუჰამედ ჯავად ზარიფი
AFP

ირანი არ აპირებს, შეასრულოს აშშ-ს მოთხოვნები და შეაჩეროს ბირთვული პროგრამის გაფართოება, თუ ვაშინგტონი ირანისთვის დაწესებულ სანქციებს არ მოხსნის. თქვა ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მუჰამედ ჯავად ზარიფმა.

სტამბოლში გამართულ პრესკონფერენციაზე ზარიფმა აღნიშნა, რომ აშშ-ს მოთხოვნა ბირთვული პრგრამის შემცირების შესახებ "არაპრაქტიკულია" და არ შესრულდება.

აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ინფორმაციით, თეირანი უნდა დაუბრუნდეს 2015 წლის ბირთვული შეთანხმების პირობების შესრულებას მანამდე, სანამ აშშ შეთანხმებას დაუბრუნდება. ირანმა შეთანხმების პირობების დარღვევა მას შემდეგ დაიწყო, რაც დონალდ ტრამპის ინიციატივით აშშ-მ ბირთვული შეთანხმება 2018 წელს დატოვა და ირანს სანქციები დაუწესა.

მიმდინარე თვეში ირანმა ფორდოს კომპლექსში 20%-ით გამდიდრებული ურანის წარმოება დაიწყო, თუმცა ირანი აღნიშნავს, რომ, თუ აშშ-ს დაწესებულ სანქციებს მოხსნის, ის ხელშეკრულების პირობების შესრულებას დაუბრუნდება.

"თუ ამერიკის შეერთებული შტატები შეასრულებს თავის ვალდებულებებს, ჩვენც სრულად შევასრულებთ ჩვენს ვალდებულებებს". – თქვა მუჰამედ ჯავად ზარიფმა.

2020 წლის დეკემბერში პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც ქვეყნის მთავრობას ურანის გამდიდრების პროგრამის გაგრძელებას ავალდებულებს და, ამასთანავე, ბლოკავს ბირთვულ პროგრამაზე მომუშავე დაწესებულებებში გაეროს ინსპექტორების შეშვებას.

საერთაშორისო ატომური სააგენტოს ინსპექტორების დაშვება ირანის 2015 წლის ბირთვული შეთანხმების ნაწილი იყო. მას შემდეგ, რაც აშშ-მ შეთანხმება დატოვა და ირანს მოხსნილი სანქციები ხელახლა დაუწესა, ირანმა თანდათანობით შეთანხმების პუნქტების დარღვევა დაიწყო.

გასულ წელს ირანმა ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ინსპექტორს აკრედიტაცია გაუუქმა. მას ნატანზის ლაბორატორიაში, სადაც ურანის გამდიდრება ხდება, შესვლის უფლება არ მისცეს.

მანამდე ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ გამოაცხადა, რომ თეირანი ბირთვული შეთანხმების პირობებიდან გამოსვლას გააგრძელებდა და 6 ნოემბერს ფორდოს ბირთვულ ლაბორატორიაში 1,044 ცენტრიფუგაში ურანის გაზის შეყვანას დაიწყებდა, ირანის ბირთვული პროგრამის დირექტორმა კი თქვა, რომ IR-6 ცენტრიფუგების რაოდენობა გააორმაგეს. ამ ტიპის ცენტრიფუგებს ურანის ათჯერ უფრო სწრაფად გამდიდრება შეუძლია, ვიდრე IR-1 ტიპის ცენტრიფუგებს. ირანელი მეცნიერები, ასევე, მუშაობენ IR-9 ტიპის ცენტრიფუგებზე, რომლებიც, მათი თქმით, 50-ჯერ სწრაფად იმუშავებს.

კომენტარები