კორონავირუსი საქართველოში

გახარია: თუ 1 კვირას მსგავს ტენდეციას შევინარჩუნებთ, ეტაპობრივ გახსნას უფრო ადრე დავიწყებთ

"ჩვენ დღეს უნდა დავიწყოთ მსჯელობა იმაზე, რომ, თუ მსგავსი ტენდეცია შევინარჩუნეთ უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში, ეტაპობრივ გახსნას ცოტა უფრო ადრე დავიწყებთ". - თქვა საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე . 

მისი თქმით, ეს პირველ რიგში შეეხება საგანმანათლებლო დაწესებულებებს და მუნიციპალურ ტრანსპორტს. 

"ეს ეხება, პირველ რიგში, თბილისს, ქუთაისსა და რუსთავს და, პირველ რიგში, ეს ეხება, რა თქმა უნდა, საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომ მივცეთ ჩვენს ბავშვებს შესაძლებლობა, კლასებში დაიწყონ სწავლა. რა თქმა უნდა, ამას თან ერთვის მუნიციპალური ტრანსპორტის ამოქმედებაც და ამაზე უნდა ვიმსჯელოთ ეტაპობრივად ისე, რომ რისკის ქვეშ არ დავაყენოთ ის მიღწევა, რომელიც ჩვენ გვაქვს ერთობლივი შრომის შედეგად და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს მიღწევა შევინარჩუნოთ, სანამ არ დაიწყება ეტაპობრივად ტურიზმის გახსნა". - ამბობს გახარია. 

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 19 ადამიანი გარდაიცვალა. ჩატარდა 17 850 ტესტი დ დადასტურდა ინფიცირების 723 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 931 პაციენტი. 

28 იანვრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 256 287 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 246 459 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 127 კი გარდაიცვალა. 

21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. დიდ ქალაქებში არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. ასევე, არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები.  რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე არიან გადასული. დაკეტილია ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

კომენტარები