Nord Stream 2

აშშ Nord Stream 2-ის მშენებლობაში ჩართულ რუსულ გემს სანქციების უწესებს

გერმანიის ეკონომიკის სამინისტროში განაცხადეს, რომ აშშ-მა მათ მიაწოდა ინფორმაცია Nord Stream 2-ის გაზსადენის მშენებლობაში ჩართული რუსული ხომალდისათვის სანქციების დაწესების გეგმის თაობაზე.

"ჩვენ სინანულით მივიღეთ ეს ინფორმაცია". – თქვა სამინისტროს სპიკერმა.

სანქციები უწესდება რუსულ გემ ფორტუნას, რომელიც გაზსადენის გაყვანაში მონაწილეობს და მის მფლობელ კომპანია  KVT-RUS-ს.

ბერლინში აშშ-ს საელჩოს სპიკერმა გერმანულ მედიას განუცხადა, რომ აშშ გააგრძელებს ყველა ზომის მიღებას Nord Stream 2-ის პროექტის წინააღმდეგ.

გამოცემა Bloomberg-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ მილების გაყვანა და ძირითადი სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის ივნისში დასრულდება.

გამოცემის მიერ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, მილგამყვანი გემი ფორტუნა დანიის ტერიტორიულ წყლებში მუშაობას მაისის ბოლო კვირაში დაასრულებს, რის შემდეგაც იგი გაემართება გერმანიაში გაზსადენის დარჩენილი მონაკვეთის დასასრულებლად, რაც ივნისამდე გაგრძელდება.

გაზპრომის გაზსადენი Nord Stream 2 ბალტიის ზღვის ფსკერზე გაზსადენის ორი ჯაჭვის მშენებლობას ითვალისწინებს, რომლის ჯამური სიგრძეც 1 200 კილომეტრს, ხოლო სიმძლავრე წელიწადში 55 მილიარდ კუბურ მეტრს აღემატება. ამ გაზსადენით გერმანია მიიღებს რუსულ გაზს ფინეთის, შვედეთისა და დანიის ტერიტორიული წყლების გავლით. 

თავდაპირველი გეგმის მიხედვით, გაზსადენი ექსპლუატაციაში 2019 წელს უნდა შესულიყო, თუმცა ამას ხელი შეუშალა ამერიკულმა სანქციებმა, რის შემდეგაც სამუშაოების წარმმართველმა შვეიცარიულმა კომპანია AllSeas-მა პროექტში მონაწილეობაზე უარი თქვა. 

აქედან ერთი წლის შემდეგ პროექტზე მუშაობა რუსულმა ხომალდებმა გააგრძელეს, ამ დროისთვის რამდენიმე რუსული სპეციალური გემის მეშვეობით უკვე გაყვანილია 2.6 კილომეტრი სიგრძის გაზსადენი. ამ დროისთვის გაყვანილია გაზსადენის 90%. 

კვლავინდებურად აშშ გაზსადენის წინააღმდეგია. პირველ იანვარს კონგრესმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და 2021 წლის თავდაცვის ბიუჯეტი მიიღო, რომელიც გაზსადენის მშენებლობისა და ექსპლოატაციაში ჩაშვების ყველა ეტაპზე მონაწილე ნებისმიერი კომპანიისთვის მკაცრ სანქციებს ითვალისწინებს. მათ შორის ამერიკული სანქციები ემუქრება კომპანიებს, რომლებიც პროექტის დაზღვევასა და სერტიფიცირებას მოინდომებენ, აქედან გამომდინარე, პროექტის ბედი კვლავაც ბუნდოვანია.

კომენტარები