კორონავირუსი საქართველოში

თეგეტა ჰოლდინგი ცერცვაძეს: მზად ვართ, ქვეყანას შევთავაზოთ სამაცივრე სატრანსპორტო საშუალება

თეგეტა ჰოლდინგი ეხმაურება ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს Pfizer-ის ვაქცინის დიდი რაოდენობით შესანახად ინფრასტრუქტული ბაზა არ ეყოფა. 

ჰოლდინგის განცხადებით, ისინი მზად არიან, რომ "თანადგომა აღმოუჩინონ სახელმწიფოს" და შესთავაზონ მაღალი ხარისხის სამაცივრე სატრანსპორტო საშუალება, რომელიც, მათივე ცნობით, სრულად შეესაბამება, როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ისე Pfizer-ის მოთხოვნებს და ვაქცინის -80⁰ ტემპერატურაზე შენახვის შესაძლებლობას იძლევა. 

"აღნიშნული სამაცივრე სატრანსპორტო საშუალება გადაჭრის Pfizer-ის ვაქცინის ქვეყანაში შემოტანისა და ტრანსპორტირების ლოგისტიკურ პრობლემას. გარდა ამისა, სამაცივრე საშუალება შესაძლებელია, გამოყენებული იქნას, როგორც ვაქცინაციის მობილური პუნქტი. ვინაიდან, დღეის მდგომარეობით, საქართველოში ვაქცინაციის ტექნიკური რესურსი მხოლოდ რამდენიმე დიდ ქალაქში არსებობს, თეგეტა ჰოლდინგის მიერ შეთავაზებული დანადგარი შესაძლებელს გახდის, დააჩქაროს რეგიონებში მოსახლეობის ვაქცინაცია". – წერია განცხადებაში. 

თეგეტა ჰოლდინგის განცხადებითვე, ისინი მზად არიან, უმოკლეს დროში შეძლონ შესაბამისი რესურსების მობილიზება და პროფესიონალური გუნდის დახმარებით მაქსიმალურად სწრაფად ჩაერთონ ვაქცინაციის ინფრასტრუქტურული მხარის გამართვის პროცესში. 

საქართველოში ახალი კორონავირუსის მართვის პროტოკოლის ავტორმა, თენგიზ ცერცვაძემ, არაერთხელ თქვა, რომ ქვეყნისთვის Pfizer-ის ვაქცინის შემოტანა ვერ მოხერხდება, ვინაიდან ქვეყანას არ გააჩნია მისი შესანახი ვაქცინების საკმარისი რაოდენობა. როგორც თენგიზ ცერცვაძემ თქვა, ყველაზე რეალური AstraZeneca-სა და "ერთ-ერთი ჩინური ვაქცინის" შემოტანა ჩანს, რადგან ისინი არ საჭიროებენ შენახვისა და ტრანსპორტირებისათვის -80⁰ ან -20⁰ რეჟიმს და ინახება ჩვეულებრივი მაცივრის ტემპერატურაზე. თუმცა, მოგვიანებით განმარტა, რომ ჩინური ვაქცინის შემოტანის რეკომენდაცია არ გაუცია. 

თენგიზ ცერცვაძისგან განსხვავებულად საუბრობენ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე, ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე და მისი მოადგილე, თამარ გაბუნია

პაატა იმნაძემ 11 იანვარს თქვა, რომ ქვეყნის სამ ქალაქში არსებობს -80⁰-იანი მაცივრები, "ამის პრობლემა საერთოდ არ არსებობს და დღესვე მივიღებთ 200 000 დოზას". 

12 იანვარს ეკატერინე ტიკარაძემ თქვა, რომ "უახლოეს მომავალში მოსახლეობის აცრა Pfizer-ის ვაქცინით გახდება შესაძლებელი". 

კომენტარები