დონალდ ტრამპი

YouTube-მა დონალდ ტრამპს არხზე წვდომა შეუჩერა

დონალდ ტრამპი

YouTube-მა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს არხზე წვდომა შეუჩერა. მედიამ პრეზიდენტის ანგარიშს ახალი ვიდეოების განთავსების და პირდაპირი ჩართვების შესაძლებლობა 7 დღით შეუზღუდა, კომპანიის თანახმად, ეს პერიოდი შეიძლება გახანგრძლივდეს.

YouTube-ის თანახმად, პრეზიდენტის არხმა ძალადობის წახალისების საწინააღმდეგო წესები დაარღვია. სამშაბათს ღამით არხზე რამდენიმე ვიდეო დაიპოსტა, ზოგიერთის ნახვაც ჯერჯერობით შესაძლებელია. მნახველებისთვის ხელმისაწვდომია პრეზიდენტის არხიც და მასზე აქამდე განთავსებული ვიდეოებიც.

YouTube-ის მფლობელმა კომპანია Google-მა აღნიშნა, რომ პრეზიდენტის არხიდან წაშალეს ახალი ვიდეო, რომელსაც შეიძლება ძალადობის წახალისება გამოეწვია. ეს პრეზიდენტის არხის პირველ დარღვევად ჩაითვალა და კომპანიის პოლიტიკის შესაბამისად, არხს 7 დღის მანძილზე ახალი ვიდეოების განთავსება შეეზღუდა. გარდა ამისა, პრეზიდენტის არხზე ატვირთულ ვიდეოებზე კომენტარის დატოვების ფუნქცია გამოირთო.

მას შემდეგ რაც დონალდ ტრამპმა კაპიტოლიუმში შეჭრილ თავის მხარდამჭერებს მიმართა და მიმართვის ვიდეო სოციალურ მედიაში გაავრცელა, პრეზიდენტის ანგარიშები სხვადასხვა სოცმედიასაიტებმა შეზღუდეს.

Facebook-მა მიმართვის ვიდეო წაშალა და Facebook-სა და Instagram-ზე პრეზიდენტს წვდომა ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე შეუზღუდა. Twitter-მა კი დონალდ ტრამპს ანგარიში სამუდამოდ გაუუქმა.

კომენტარები