აშშ-ტაივანი

პომპეომ აშშ-სა და ტაივანის დიპლომატების ურთიერთობებზე შეზღუდვები მოხსნა

მაიკ პომპეო
AP

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს გადაწყვეტილებით მოიხსნება შეზღუდვები, რომლებიც აშშ-სა და ტაივანის დიპლომატების ურთიერთობებზე იყო დაწესებული.

თავის განცხადებაში პომპეომ აღნიშნა, რომ ათწლეულების განმავლობაში სახელმწიფო დეპარტამენტს მკაცრი შინაგანი შეზღუდვები ჰქონდა ამერიკელი დიპლომატებისა და სხვა საჯარო მოხელეების ურთიერთობებზე ტაივანელ კოლეგებთან.

"ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ ეს ზომები ცალმხრივად, პეკინის კომუნისტური რეჟიმის დასაკმაყოფილებლად შემოიღო.. დღეს ვაცხადებ, რომ იხსნება ეს თვითდაკისრებული შეზღუდვები". – თქვა მაიკ პომპეომ შაბათს, 9 იანვარს.

ტაივანის მთავრობა მიესალმება აშშ-ს გადაწყვეტილებას.

"დასრულდა დისკრიმინაციის ათწლეულები. უმნიშვნელოვანესი დღეა ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში. ვაფასებ თითოეულ შესაძლებლობას". – დაწერა ჰსიაო ბი-ხიმ, ვაშინგტონში ტაივანის დე-ფაქტო ელჩმა.

ტაივანის ერთერთმა ოფიციალურმა პირმა Reuter-სთან საუბარში აღნიშნა, რომ პომპეოს მიერ ამ შეზღუდვების მოხსნა ბოლო წლებში ტაივანის მიმართ აშშ-ს პოლიტიკის ყველაზე დიდი ცვლილებაა.

მოსალოდნელია, რომ ამერიკელ და ტაივანელ დიპლომატების შორის ურთიერთობებზე შეზღუდვების მოხსნა ჩინეთისთვის გამაღიზიანებელი იქნება. ჩინეთი ტაივანს თავის კუთვნილ ტერიტორიად მიიჩნევს. აშშ-სა და ჩინეთის ურთიერთობებში ტაივანი მნიშვნელოვანი საკითხია.

ბევრი ქვეყნის მსგავსად ტაივანსა და აშშ-ს შორის ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობები დამყარებული არ არის. თუმცა, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პერიოდში გაიზარდა აშშ-ს მხრიდან ტაივანის მხარდაჭერა. ჩინეთის მხრიდან ზეწოლასთან გამკლავების მიზნით, აშშ-სა და ტაივანს შორის გააქტიურდა იარაღით ვაჭრობა.

კომენტარები