კრიმინალი

შსს: ჯგუფური ყაჩაღობის მომზადების გამო თეთრიწყაროში ორი არასრულწლოვანი დავაკავეთ

shutterstock

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თეთრიწყაროში ყაჩაღური თავდასხმა აღკვეთეს და 2004 წელს დაბადებული ორი არასრულწლოვანი - რ.კ. და ბ.ხ. დააკავეს. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები თეთრიწყაროში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლზე ყაჩაღურ თავდასხმას გეგმავდნენ, თუმცა, სამართალდამცველების ოპერატიული რეაგირების შედეგად, განზრახვა ვერ განახორციელეს. 

პოლიციამ ორივე მათგანი თეთრიწყაროში იმ დროს დააკავა, როდესაც ისინი სახლზე თავდასხმას აპირებდნენ. სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს: დანაშაულის ჩასადენად მომზადებული ნიღბები, ხელთათმანები, ასევე, გადაჭრილი თოფი 2 საბრძოლო ვაზნით და გადაკეთებული აირის პისტოლეტი". – წერია შსს-ს განცხადებაში. 

შსს-ს ცნობით, ბინაში უკანონო შეღწევით ყაჩაღობის ჯგუფურად მომზადებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 18-179-ე მუხლის მე-2 ნაწილის და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებითა, ასევე, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.  

დანაშაული 4-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები