არჩევნები 2020

თალაკვაძე: უახლოეს დღეებში ოპოზიცია დაიწყებს მონაწილეობას საპარლამენტო პროცესში

მე გარწმუნებთ და მინდა, ჩემი ოპტიმიზმი გაგიზიაროთ, რომ უახლოეს თვეებში პარლამენტი უკვე იქნება ზუსტად ისეთ ფორმაში, როგორც ის საზოგადოებამ აირჩია, მაგრამ უახლოეს დღეებში უკვე მოხდება გარდატეხა და ოპოზიცია დაიწყებს მონაწილეობას საპარლამენტო პროცესში. 

მე ვიცი, რომ ეს ზოგიერთებს ძალიან ეწყინებათ ამ ოპოზიციაში, რადიკალურ ნაწილს, მაგრამ, საბედნიეროდ, ოპოზიციას ჰყავს ისეთი ადამიანებიც, რომლებიც პატივს სცემენ საკუთარი ამომრჩევლების არჩევანს, პატივს სცემენ სახელმწიფო ინტერესებს. 

ვიცი, რომ რადიკალურ ოპოზიციას სურს, ეს იყოს ერთი ადამიანი. ისინი ამბობენ, რომ პარლამენტში არასოდეს არ შევლენ, მაგრამ მე ღრმად ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ეს იქნება პარტია და ეს იქნება არა ერთი და ორი პოლიტიკური პარტია. უახლოეს დღეებში ჩვენ გავაკეთებთ მაქსიმუმს მოლაპარაკებებით და პოლიტიკური დიალოგის საშუალებით, მათ შორის, არ გამოვრიცხავ, რომ გაგრძელდეს ინდივიდუალური კონსულტაციები პოლიტიკურ პარტიებთან. 

ეს არ არის მხოლოდ იმედები, ეს არ არის მხოლოდ მოლოდინები, გასაკვირიც იქნებოდა, პარლამენტის თავმჯდომარე მხოლოდ იმედებს რომ გამოთქვამდეს. მე მაქვს კონკრეტული საფუძვლები, რომ ეს არგუმენტები გაგიზიაროთ. პირველი არგუმენტი, რაზეც რადიკალური ოპოზიცია აფუძნებდა თავის ბრალდებებს, ისინი ამბობდნენ, რომ არჩევნები გაყალბდა და უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები. ისინი ამბობდნენ, რომ პარლამენტში არ შემოდიან იმიტომ, რომ თვლიან, რომ არჩევნები გაყალბდა. ისინი ამბობდნენ, რომ აი, აგერ არის პარალელური დათვლის შედეგები, აი, აგერ არის სადამკვირვებლო ანგარიშები, რომელიც ამტკიცებს იგივეს, რასაც ჩვენ ვფიქრობთ. დღეს ისინი იგივეს ვეღარ ამბობენ, იმიტომ, რომ ჩვენს პარტიაში არიან ადამიანები, ვინც იცნობს საარჩევნო კანონმდებლობას, ვინც კარგად იცის მათემატიკა და აქვთ სამართლიანობის შეგრძნება. ჩვენ შევძელით ის, რომ უსამართლობა, რომელიც დავინახეთ, გამოვიკვლიეთ ბოლომდე. [...] მეორე, რაც მაძლევს ამის თქმის საფუძველს ის არის, რომ ოპოზიციაში არიან პრაგმატული, კეთილსინდისიერი ადამიანები, ვინც თვლის, რომ საარჩევნო რეფორმის გაგრძელება არის დემოკრატიისთვის ძალიან პრინციპული და მნიშვნელოვანი... მესამე, მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ჩვენი პარტნიორების პოზიცია. უკვე გავიდა საკმაო დრო და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დამოკიდებულება რჩება კიდევ უფრო მეტად მკვეთრი, რომ ოპოზიცია უნდა შევიდეს პარლამენტში...

ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე იმედისთვის მიცემულ ინტერვიუში. ოპოზიცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს. საქართველოში პირველად პარლამენტი ერთპარტიულად შეიკრიბა. ოპოზიციური პარტიის წევრებმა მანდატებზე უარი თქვეს. ჯერჯერობით, მანდატებზე უარი არ უთქვამთ გირჩისა და მოქალაქეების წევრებს.

კომენტარები