გურამ კაშია

კაშია, როგორც LGBT ადამიანების მხარდამჭერი UEFA-ს მიერ გადაღებულ ფილმში მოხვდა

ფილმის ერთ-ერთ გმირი, კაშია იხსენებს იმ რეაქციას, რომელიც მის მიერ LGBTQ ადამიანებისადმი მხარდამჭერი სამკლავურის გაკეთებას მოჰყვა

Tabula

UEFA-მ გადაიღო 54-წუთიანი ფილმი "განრისხებულები", რომელიც ძალადობის სხვადასხვა გზით გამოვლინებას ეხება.

პოლ პოგბა, ნადია ნადიმი, მეგან რაპინო, მოიზე კინი, დეიან ლოვრენი, ოლივიე ჟირუ, შანის ვან დე სანდენი, ტაირონ მინგსი, ხუან მატა, კალიდუ კულიბალი და გურამ კაშია საუბრობენ დისკრიმინაციაზე რომელიც გამოწვეულია რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური, სექსუალური ორიენტაციისა და სხვა მიზეზებით.

ფილმის ერთ-ერთ გმირი, კაშია იხსენებს იმ რეაქციას, რომელიც მის მიერ LGBTQ ადამიანებისადმი მხარდამჭერი სამკლავურის გაკეთებას მოჰყვა. სურათში ასევე ჩანს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტი ნიკოლოზ ჯღარკავა.

"ჩემს ქვეყანაში ამას დიდი უკმაყოფილება მოჰყვა. ნაკრებთან ერთად უნდა მეთამაშა, მატჩის დაწყების წინ სტადიონთან საპროტესტო აქცია გაიმართა, უამრავი ნეგატიური კომენტარი მოვისმინე. ამდენ ზიზღს არ მოველოდი. ასეთი რაღაცები დიდ გავლენას ახდენს ადამიანზე და ზოგჯერ მტკივნეულია. წარმომიდგენია, რამდენად რთულია, როცა ასეთი ბულინგის მსხვერპლი ხარ. ეს თავადაც გამოვცადე. უფრო მეტად ჩემს ოჯახზე ვდარდობდი. ვდარდობდი, მაგრამ მშობლებმა მითხრეს, რომ ვიცოდი, რა იყო სწორი, მათ მე თავდაჯერებულობის გრძნობა გამიჩინეს". – ამბობს ფილმში კაშია.

"განრისხებულების" ინგლისურ ენაზე ნახვა ამ ბმულზეა შესაძლებელი.

 

 

კომენტარები