Blueberry Fields For Ever



„გოდერძის სათხილამურო ტერიტორია ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა. აქ მოდის საუკეთესო ხარისხის თოვლი და ჩერდება ივნისამდე. ხელოვნური დათოვლიანების საჭიროება არასოდეს არაა, რადგან კლიმატი სუბტროპიკულია და ნალექი ყოველთვის საკმარისი მოდის. საკმარისი კი არა და ძალიან ბევრი. აქაურობა ნამდვილი სამოთხეა ფრი რაიდერებისთვის, ხელუხლებელი „ქალწული" თოვლით დაფარული ასეთი დიდი ფართობი ალპებში არასოდეს შეგხვდებათ. ფასებიც უბრალოდ მშვენიერია, ამიტომაცაა, რომ ექსტრემალმა მოთხილამურეებმა და ბორდერებმა აქაურობა სწრაფად შეიყვარეს.

ადგილობრივი მოსახლეობა უაღრესად სტუმართმოყვარეა, მათი ნაწილი ქრისტიანია, უმეტესობა კი უაღრესად ლიბერალური შეხედულებების მქონე მუსლიმანი.

ადგილობრივები თავიანთი ნაივურობითა და კეთილშობილებით სტუმარს თავს ადვილად აყვარებენ, რასაც შემდეგ ადგილის სილამაზე, აჭარული სამზარეულოს გემოების ენით აუწერელი ბუკეტი ემატება. შედეგად თქვენ აჭარის მთების სამუდამო ტყვე ხდებით და სადაც არ უნდა იმოგზაუროთ, აქ ყოველთვის ბრუნდებით.

აჭარის მთიანეთში, ისევე როგორც საქართველოს სხვა მთიან რეგიონებში, აწარმოებენ უმეტესწილად ბიოლოგიურად სუფთა საკვებ პროდუქციას. როგორც ქართველები ამბობენ, „ბიო მათი გადამრჩენია".

გოდერძისკენ მიმავალ გზაზე სადღაც ხულოსა და შუახევს შორის გავჩერდით, ეთნო-ფუტურისტული სტილის სასტუმროსთან. სასტუმროს იისფერი ნეონის აბრა ნისლში პატარა ამოუცნობი მფრინავი ობიექტივით ლივლივებდა: "Chateau Blueberry Mikeladze". როგორც სახელიდან მიხვდით, „შატო ბლუბერი მიქელაძის" მთავარი სიამაყე ადგილობრივი ეკოლოგიურად სუფთა მოცვი და მისგან დამზადებული მრავალი გასტრონომიული საოცრებაა.

მთავარი ღირსება კი მოცვის ტორტია, რომელიც, როგორც ამბობენ, აწ განსვენებულ ინგლისის დედა დედოფალს განსაკუთრებით ჰყვარებია. მიქელაძეების შატოში დედოფლის ფოტო დღესაც მთავარ ოთახში, ყველაზე გამოსაჩენ ადგილას კიდია. დედოფლის პორტრეტს კვირაში ერთხელ მოცვის რამდენიმე მსხმოიარე ტოტით ამკობენ. როგორც მასპინძლები ამბობენ, დედა დედოფალი მათი მფარველია, რომელსაც ისინი არასოდეს დაივიწყებენ..."

ღმერთო, რას არ მივცემდი, რომ დაახლოებით 30 წელში ასეთი სტატია მენახა სადმე, ბიბისის თრეველ ბლოგზე ან ასეთი ტექსტი მომესმინა დისქავერის ან ნეიშენალ ჯეოგრაფიკის დოკუმენტურ ფილმში. ისეთი არარეალური მეჩვენება ის ყველაფერი, რაც ახლა წაიკითხეთ, რომ ჩემს თავზე მეხითხითება. თუმცა მჯერა, რომ 30 წელი სავსებით რეალური დროა იმისთვის, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობა სწორი მიმართულებით დაქოქო.

ENPARD-ის პროგარმის ფარგლებში გაშენებული ქობულეთის საცდელი მეურნეობა

„სოფლის მეურნეობაში არ არსებობს შორთქათები და სასწაულები", ამბობს ჩემი მეგობარი ხუანი. თუმცა მე ნაწილობრივ არ ვეთანხმები და ვეუბნები, რომ სასწაული იქნება ის, როცა საქართველოს მოსახლეობის 50 პროცენტზე მეტი, რომელიც სოფლის მეურნეობითაა დაკავებული და მშპ-ის 10%-ს აწარმოებს, გაერკვევა საქმეში, ძალებს ირწმუნებს და ამ პროცენტს 30-მდე მაინც ასწევს.

თუმცა შორთქათი არ არსებობს.


2013 წელს მიღებული კანონით კოოპერატივების შესახებ, მაღალმთიან რაიონებში 3 ინდივიდს შეუძლია შექმნას კოოპერაციული, მოგებაზე ორიენტირებული საწარმო, რომელიც გადასახადებისგან გათავისუფლდება. საქმის სწორად წარმართვის შემთხვევაში, შედეგად რამდენიმე წელში მივიღებთ მკვეთრად გაუმჯობესებულ სოფლის მეურნეობას. მცირემიწიან რეგიონებში, სადაც ადგილობრივი ფერმერების კუთვნილებაში მცირე ზომის ნაკვეთებია, კოოპერატივი ერთადერთ გამოსავლად მეჩვენება. სამი ადამიანის გაერთიანებული საკუთრება, შესაბამისად, უფრო დიდია და უკვე აზრი აქვს, რომ მასზე რაიმე კულტურის მოყვანაზე და შემდეგ მოგებაზე იფიქრო. სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ასევე ევროკავშირის წარმომადგენლობა ცალსახად გამორიცხავენ ხსენებული ტიპის კოოპერატივების საბჭოთა კოლმეურნეობებთან მსგავსებას. ამ შემთხვევაში გაერთიანება არის ნებაყოფლობითი, მართვა - დემოკრატიული და ეს ყველაფერი ადგილობრივების ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორებისკენაა მიმართული.

საქართველოში მცხოვრები წვრილი ფერმერების უმეტესობა ინსტინქტურ მეურნეობას ეწევა. მათ უმეტესობას არ აქვს პროფესიული განათლება და პროდუქციას აწარმოებს ტრადიციული ხერხებით, დროთა განმავლობაში დაგროვებული ცოდნით. უმეტესობა აწარმოებს იმას, რაც მის წინაპრებს მოჰყავდათ. უმეტესწილად, ქართველ ფერმერებს არ აქვთ ინფორმაცია, რისი მოთხოვნილებაა ბაზარზე, არ გააჩნიათ შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა, არ იციან რა უფრო კარგად გაიხარებს მათ ნაკვეთში, რა ახალი ჯიშები გაჩნდა, მცენარის და ცხოველების რა დაავადება გამოჩნდა ბოლო პერიოდში და როგორია მათი პრევენციის გზები. კიდევ უფრო ხშირ შემთხვევაში, მათ უბრალოდ არ აქვთ იმის ფული, რომ ახალი კულტურა გააშენონ და კარგად მოუარონ.

ყველაფერი ერთად იწვევს დაბალმოსავლიანობას, უხარისხო მოსავალს, დაბალ შემოსავალს, შემდეგ მთლიანი შიდა პროდუქტის კლებას და ბოლოს ვიღებთ ყველაზე საშიშ და მეტად სავალალო პროცესს: იცლება მთა, მოსახლეობის უკან აყვანა დროთა განმავლობაში კი შეუძლებელია.

სასიხარულოა, რომ ევროკავშირმა „ევროპის სამეზობლო პროგრამა აგროწარმოებისა და სოფლის განვითარებისათვის" (ENPARD) პროგრამის ფარგლებში საქართველოს 15 მილიონი ევრო, ცალკე აჭარას კი დამატებით 18 მილიონი გამოუყო. ეს ფული ზუსტად იმ პრობლემების აღმოფხვრას მოხმარდება, რომელიც ზემოთ ჩამოვთვალე. ფერმერს აღარ დასჭირდება ბრმა ექსპერიმენტების ტარება და შემდეგ ერთი წელი ცდა, მისცემს თუ არა ახალი კულტურა კარგ მოსავალს. ENPARD-ის სასოფლო სამეურნეო პროგრამა მას ცხოვრებას ბევრად გაუმარტივებს.

ფერმერების უნდობლობისა და მათი უკიდურესი კონსერვატიულობით გამოწვეული პრობლემის მოგვარებას ხელს შეუწყობს შუახევის რაიონში, მთავარი გზის პირად მდებარე მიქელაძეების სადემონსტრაციო ნაკვეთი, სადაც იქაურობისთვის არატრადიციული კულტურა, მოცვი გაიხარებს.

მიქელაძეების კოოპერატივს პროგრამის ფარგლებში უფასოდ გადაეცა მოცვის 1000 ძირი, რომელიც რამდენიმე წელიწადში 3 ტონამდე მოისხამს. ერთ-ერთი მფლობელის, ზვიად მიქელაძის თქმით, ამ ადგილას მხოლოდ სიმინდი ხარობდა და სამ ტომრამდე მარცვალს იძლეოდა. ნიადაგის ქიმიური ანალიზის შემდეგ გაირკვა, რომ ადგილი მჟავის მაღალი შემცველობისაა და აქ იდეალურად გაიხარებს მოცვი, რომლის ღირებულება სიმინდზე ბევრად მაღალია. მოცვის კულტივირებული სახეობის შესახებ კი მიქელაძეებს აქამდე არაფერი სმენოდათ.

გოჩა და ზვიად მიქელაძეები საკუთარ მოცვის ბაღში
პროგრამის ფარგლებში შეიქმნა საველე ლაბორატორიები, რომლებიც 30 ლარად ფერმერს ნიადაგის შესახებ დეტალურ ინფორმაციას და კომპეტენტურ რჩევებს აძლევენ.

რამდენიმე საცდელ მეურნეობას და გადამამუშავებელ საწარმოს დაემატება კიდევ ბევრი და აჭარის გარდა მთელ საქართველოს მოიცავს. როგორც პროგრამის ხელმძღვანელები ამბობენ, მთელი საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ გლეხს შეეძლება, მათი მომსახურებით ისარგებლოს. ნებისმიერი სერვისი, ასევე, ახალი ნერგები ეღირება იაფი.

ამ წამოწყების სწორად წარმართვის შემთხვევაში, რამდენიმე წელიწადში, აჭარა არამხოლოდ მანდარინის მიწოდებას შეძლებს საქართველოსა და სხვა ქვეყნებისთვის.

თავისთავად იბადება განცდა, რომ ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების თარიღის მოახლოებასთან ერთად, ევროპა იწყებს თავისი პატარა ბიომომწოდებლების გამოზრდას. საქართველოს მთიანეთს შეუძლია ევროპისთვის იმის მიცემა, რასაც ბევრი ქვეყანა ვერ მოახერხებს.

საწყენი იქნება, თუ ქართული ბიოპროდუქცია ისეთი ძვირი იქნება, რომ მხოლოდ ევროპაში გაიყიდება. თუ ვემხრობით იმ მოსაზრებას, რომ საქართველოში წარმოებულმა სასოფლო სამეურნეო პროდუქციამ უნდა ძვირიანი ნიშა დაიკავოს (რასაც მიდასტურებს სოფლის მეურნეობის მინისტრი ბატონი შალვა ფიფია), მაშინ რამეც უნდა ვქნათ, რადგან 4-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის პირობებში, საკუთარ პროდუქციას ვერ ვიყიდით და ისევ ირანიდან და თურქეთიდან შემოტანა მოგვიწევს. ეს პერსპექტივა კი მე პირადად ძალიან არ მხიბლავს.

თუ ემპარდის პროექტი წარმატებით განვითარდება, რისი იმედიც მაქვს, მალე შესაძლებელი იქნება, რომ აჭარაში ეთნო-გასტრონომიული ტურიზმიც განვითარდეს. ამასობაში, იქნებ გოდერძის სათხილამურო კურორტიც მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდეს და მერე, რომელიმე ბრიტანელმა ჟურნალისტმა ჩემი სტატიის შესავალიც დააკოპიროს უნებურად. მიქელაძეების საპრეზენტაციო ნაკვეთი კი შატო ბლუბერი გახდეს.

მოვლენების სწორი განვითარების შემთხვევაში, სახელმწიფო მივა იმ დასკვნამდე, რომ აჭარის მაღალმთიანეთი ბევრად უფრო ძვირფასია, ვიდრე აჭარის სანაპირო. შემდეგ ალბათ ბევრი რამე კარგისკენ შეიცვლება, მე კი ბეშუმში ავალ და ხულომდე ჩემი ბორდით ჩამოვსრიალდები.

კომენტარები