მამათის მონატრება

ვუსმინე არმაზ ახვლედიანს, ეკა ბესელიას, ვანო კიღურაძეს, თამაზ თამაზაშვილს და კიდევ ბევრს. ვუსმინე ერთხელ, ორჯერ, ცხრაჯერ და ბოლოს გონივრული ეჭვი გამიჩნდა: აგარაკ „ბიზნესცენტრის" მაგივრად შემთხვევით ისევ კრწანისის ექს-რეზიდენციიდან ხომ არ ვიმართებით? შინაგან რწმენამდე ჯერ ვერ ქაჩავს, მაგრამ ეჭვი ნამდვილად არის.

საოცრება ხდება, პატივცემულებო: ციხის ძალადობის საბაბით (აქ ცხრაჯერ ვიმეორებთ „ცხადია, საშინელებები ხდებოდა", ბოლოს წრეს ვურტყავთ მაგიდას, ჰაერში ვატრიალებთ ლეპტოპს, ან რაც გაგვაჩნია, იმას, და ხუთჯერ ვაკაკუნებთ ხეზე)... ხო და, ციხის ძალადობისა და სხვა ცუდი რაღაცეების საბაბით, რაც ბოლო წლებში ხდებოდა, გვარწმუნებენ, რომ ზღარბი ჩიტია და ზღვაში დაცურავს.

რა არ გავიგე ბოლო წელიწადნახევარში. გავიგე, რომ სანამ ავბედითი ცხრა წელი დადგებოდა, პოლიცია ღირსეულად „იცავდა წესრიგს". ციხეში ძალადობა აღარ იყო. სასამართლო იყო დამოუკიდებელი. არჩევნები იყო დემოკრატიული. ქურდები არ იყვნენ, ან თუ იყვნენ, ბებოების ქუჩაზე გადაყვანითა და იურა მეჩითოვისთვის ქონების დაბრუნებით კავდებოდნენ. რუსეთთან ურთიერთობა იყო მოგვარებული. მედია, განსაკუთრებით კი პირველი არხი, იყო თავისუფალი. განათლება და მეცნიერებაც რომ დაუნგრეველი იყო და კარგი, ამაზე ორი აზრი აღარაა. ტრადიციებსაც ვინარჩუნებდით და უმცირესობების უფლებებსაც არავინ არღვევდა. ახვლედიანის სიტყვებით რომ შევაჯამოთ, „ცხრა წელი წუმპეში ვიყავით". მანამდე დინამიურად ვვითარდებოდით. კოალიციის „ლიბერალურ ფრთას" რომ ჰკითხო, რელიგიური ფანატიზმიც კი ამ ბოლო წლებში გაჩენილა.

უფრო და უფრო ცხადი ხდება, რომ „სამართლიანობის აღდგენა" მეოცნებე ლიდერებისთვის შემთხვევით დამკვიდრებული ფრაზა არ არის. ამ ადამიანებს მართლა სჯერათ, ან უნდათ დაგვაჯერონ, რომ საქართველოში სამართლიანობა იყო დამყარებული, თანაც არა ათასი, ხუთასი ან თუნდაც ორმოცდაათი, არამედ ათი-თხუთმეტი წლის წინ. შესაბამისად, სამართლიანობას კი არ უნდა ვეღირსოთ (ერთხელ და სამუდამოდ), უნდა აღდგეს, ვითარცა აფექტის მდგომარეობაში დაკარგული ქალიშვილობა. ყველა პრობლემაზე „იმ ცხრა წლის" დაყოლებაც ხომ იმას ნიშნავს, რომ პრობლემები 2003-ში დაიწყო და 2012-ში დამთავრდა.

დიდია ცდუნება რაღაც პოლიტიკური პარალელი გავავლოთ. ვთქვათ, რომ „შევარდნაძის რეჟიმის პირდაპირი თუ ირიბი ქება-დიდება იგივეა რაც...". მაგრამ ძალიან რთულია. აქ რომ ჰიტლერთან ან სტალინთან გაავლო პარალელები, თვითონ უნდა იყო კომუნისტურ ინტელიგენციასავით ნამუსგარეცხილი. გულწრფელი და სერიოზული პარალელისთვის მაგალითები ძნელი მოსაძებნია. სად გინდა ნახო რეჟიმი, რომელმაც სახელმწიფოს გახრწნილობის ისეთ წარმოუდგენელ დონეს მიაღწია, რომ მისი მაღალჩინოსნები ინტერვიუებში ღიად ამბობდნენ, ქრთამები კანონიერ ჯარიმებს ჯობიაო, „უფრო ჰუმანურიაო". ან ისეთი, რომ მომდევნო მთავრობას (თანაც დიდი ნაკლოვანებების მქონეს) ერთბაშად ასი პუნქტით მოეხერხებინა რეიტინგებში ქვეყნის აწევა.

თუ დანტეს ღვთაებრივი კომედიის ან ბოსხის ტილოების მასშტაბებზე არ ვიქაჩებით, შევარდნაძის ეპოქის ნაკლოვანებების ჩამოთვლა უიმედო საქმეა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც დეტალი იმდენად ბევრია, რომ არ იცი საიდან დაიწყო. ამიტომ სულ ერთი-ორი შტრიხით შემოვიფარგლოთ, განწყობისთვის. ჯერ გავიხსენოთ მაშინდელი პირველი არხის „დამრტყმელი" ჟურნალისტის, ირმა ინაშვილის კომკავშირული სიუჟეტ-დითირამბები ბატონი ედუარდის მისამართით. შემდეგ მოვუსმინოთ კოკა ყანდიაშვილის დიდების ზღაპარს, რომლის ღრმა იუმორიც ზურაბ ჟვანიას (ყველა მაგინებელს თურმე რომ უყვარდა, სწორედ იმის) „მყვირალა" სომხური აქცენტით გამოიხატებოდა. ამას დავაყოლოთ მინისტრ თევზაძის ბაგეებიდან მრავალმნიშვნელოვანი ღიმილის თანხლებით ამოსული უცნაური ბგერები და ბოლოს „ქართული მეცნიერების ბურჯთა" ჯიბეებში ორმოცდაათლარიანების ჩაქრთამვაც ბუნებრივ პროცედურად მოგვეჩვენება.

კომენტარები