ვიაზროვნოთ და ვიმოქმედოთ უკეთესი განათლებისთვის

დაახლოებით ასი წელია, რაც დასავლეთში პოპულარულია გამოთქმა „იაზროვნე გლობალურად, იმოქმედე ლოკალურად”. განათლების სფეროში მომუშავე ადამიანი ხშირად გაიგებს ამ ფრაზას. ბევრისთვის ეს ნიშნავს, რომ ის უნდა გასცდეს ადგილობრივ კონტექსტს, ყოველდღიურობაში ნანახ დეტალებს, იხელმძღვანელოს ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებით და იაზროვნოს მასშტაბურად. ცხადია, ამგვარ ხედვას მრავალი სიკეთის მოტანა შეუძლია, თუმცა ისიც უნდა გავაცნობიეროთ, რომ ამ კონცეფციის არასათანადოდ გააზრებამ ზიანიც შეიძლება მოგვაყენოს.

პრობლემების გადაჭრისას უნდა გავაცნობიეროთ ის, რომ დღევანდელი სამყარო გამოუყენებელი შესაძლებლობების სიმრავლეს უფრო გულისხმობს, ვიდრე რესურსების სიმწირეს. ამგვარი ხედვა ეწინააღმდეგება გავრცელებულ მსჯელობას: „სად გვაქვს ისეთი შესაძლებლობები, რომ დასავლური ხარისხის განათლების შედეგები გვქონდეს?”, „ჩვენ ხომ იმ მასშტაბის დაფინანსება, ადამიანური რესურსები და გამოცდილება არ გვაქვს, რაც სხვებს?”. უეცრად აღმოჩნდება ხოლმე, რომ ჩვენი სტანდარტები ძალიან დაბალია და მოლოდინების გაზრდა შესაძლებელი იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც რესურსების მოცულობა (მაგალითად, განათლების სფეროს დაფინანსება) მნიშვნელოვნად გაიზრდება.

ცხადია, საქართველოში გარკვეული ტიპის რესურსები არაადეკვატურად შეზღუდულია. მაგალითად, დაბალია სახელმწიფოს მხრიდან განათლების დაფინანსება ეკონომიკის განვითარების დონესთან მიმართებით. გაეროს მონაცემებით, დაფინანსების მოცულობის სიდიდით მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით, საქართველო 123-ე ადგილზეა. პრობლემა რეიტინგულ ადგილში არ არის. ამ რეიტინგით ლესოტო და ვანუატუ განათლებაზე პროცენტულად გაცილებით მეტს ხარჯავენ, ვიდრე, ვთქვათ, ფინეთი და იაპონია, მაგრამ განათლების სისტემის შედეგებით მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან. საქმე ის არის, რომ როგორც საერთაშორისო გამოცდილება გვაჩვენებს, საქართველოს მსგავსი დაფინანსების მოცულობით, ვერცერთი ქვეყანა ვერ აღწევს მნიშვნელოვან წარმატებას შედეგების გამოსწორების თვალსაზრისით.

ამ ვითარების გასაუმჯობესებლად ერთი გზა სახელმწიფოს მიერ განათლების სისტემისთვის მეტი ფინანსური რესურსების უზრუნველყოფაზე გადის. თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია იმ მდიდარი შესაძლებლობების დანახვაც, რაც ჩვენს ქვეყანაში გაცილებით მეტია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. უკვე არსებული ინფრასტრუქტურის პირობებშიც კი, დაბალი დანახარჯებით თვისობრივად ახალი მასშტაბების სიახლეების დანერგვა უნდა მოხდეს. სამწუხაროდ, ამ მოცემულობას იშვიათად ვაცნობიერებთ.

ამის საილუსტრაციოდ პირად გამოცდილებას მოგიყვანთ. ბევრ უნივერსიტეტში, მათ შორის საქართველოს ფარგლებს გარეთაც, ონლაინკურსების შემოღებაზე რომ მიდგება საუბარი, გადაწყვეტილების მიღება არა იმდენად შესაძლებლობების განხილვის საფუძველზე ხდება, არამედ შეზღუდვების გრძელი სიის შედგენით. გადაწყვეტილების მიმღებები ხშირად პედაგოგიური სირთულეების, ან სათანადო ინფრასტრუქტურის გამო ამ მიდგომაზე უარს ამბობენ. მაგრამ, მოდი ვნახოთ, რამდენად დასაბუთებულია ეს მიდგომა.

სწორედ გუშინ, ილიაუნის მაგისტრატურის სტუდენტები ინტერნეტის მეშვეობით პრეზენტაციებს აკეთებდნენ. მათ უკვე ოთხი თვეა, რამდენიმე უფასოდ ხელმისაწვდომი ინტერნეტპროგრამის მეშვეობით ნიუ იორკიდან თბილისში ვასწავლი. ერთ-ერთი ჯგუფი პრეზენტაციას საკმაოდ საინტერესო სივრციდან, სტუდენტის ავტომობილიდან აკეთებდა. შეზღუდული შესაძლებლობების პირობებში, მათ ჩათვალეს, რომ ეს საუკეთესო ალტერნატივა იყო სიწყნარის და ინტერნეტის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. მათ მანქანა უნივერსიტეტის წინ ისე ეყენათ, რომ უკაბელო ინტერნეტი ლეპტოპით დაეჭირათ. პრეზენტაციისას მათ საკუთარი ნამუშევრების ელექტრონული მასალები მაჩვენეს, უპასუხეს ჩემს კითხვებს და მიიღეს საჭირო რჩევები. მეორე ჯგუფის წევრები, ყველა სხვადასხვა ადგილიდან ერთვებოდა. მათ შორის იყო ერთ-ერთი, რომელიც ონლაინპრეზენტაციას საკუთარი სამუშაო ადგილიდან აკეთებდა. პროცესმა წარმატებულად ჩაიარა.

ეს მაგალითი ცხადყოფს რამდენიმე სიახლეს. პირველი, განათლება დღეს, არცთუ შორეულ წარსულში არსებულისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება, როგორც ფორმით, ისე ტექნიკური თვალსაზრისით. თუ ადრე განათლების მისაღებად აუცილებელი იყო კონკრეტულ სასწავლო დანიშნულების მქონე ფიზიკურ სივრცეში ყოფნა, დღეს ფიზიკური სივრცის გარდა არსებობს ვირტუალური სივრცეც. ტექნოლოგიები ცვლის პედაგოგიურ მიდგომებსაც. ინტერაქცია სტუდენტებს, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის სულ უფრო ინტენსიური ხდება.

მეორე. როდესაც პროცესის მონაწილეებს საკუთარ განათლებაზე პასუხისმგებლობა გააზრებული აქვთ, ისინი ისეთ შესაძლებლობებს პოულობენ, რაც გადაწყვეტილებების მიმღებებს, შესაძლოა, ვერც წარმოედგინოთ. ამის შანსები იზრდება, როდესაც საკომუნიკაციო ტექნოლოგიები ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი სულ უფრო მეტად ხდება. მაგალითად, ქართველი სტუდენტებისთვის და სკოლის მოსწავლეებისთვის ინტერნეტში თავისუფლად ხელმისაწვდომი აკადემიური პუბლიკაციების რაოდენობა მნიშვნელოვნად უფრო მეტია, ვიდრე ფიზიკურად ან ფინანსურად ხელმისაწვდომი წიგნების.

მესამე. არსებული ტექნოლოგიები იძლევა შესაძლებლობებს, რომ გამოვიყენოთ ის ადამიანური რესურსები, რომლებიც, ერთი შეხედვით, ხელმისაწვდომად არ მიგვაჩნია. დღეს შეგვიძლია საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი თუ უცხოელი სპეციალისტები ჩავრთოთ ქართველი სტუდენტების განათლებაში. ასევე შესაძლებელია, რომ საქართველოში მყოფმა ერთმა პროფესორმა, ან თუნდაც სკოლის მასწავლებელმა, სხვადასხვა გეოგრაფიულ წერტილში მოსწავლეების დიდი ჯგუფების განათლებას უხელმძღვანელოს.

გლობალური სააზროვნო სივრცის ნაწილად გადაქცევა სიფრთხილეს მოითხოვს. საფრთხე ლოკალურად აზროვნების სიმცირეშიც შეიძლება იმალებოდეს. პრობლემურია, როდესაც გადაწყვეტილების მიმღებებისთვის, განათლების სპეციალისტების ნაწილისთვის, მეცნიერებისთვის, მასწავლებლებისთვის ან მშობლებისთვის საზღვარგარეთ შემუშავებული, მაგრამ საეჭვო ხარისხის საგანმანათლებლო პროდუქტი ან პროცესი უფრო მისაღებია, ვიდრე ადგილობრივად ნაწარმოები მაღალი ხარისხის მიდგომები. ზედაპირულად სესხების ან გარეშე საზომით აპელირების ტენდენციას მრავალი გამოვლინება აქვს. მხოლოდ სამს ჩამოვთვლი.

პირველი – ეს მიდგომა ეფუძნება და ამყარებს რწმენას, რომ საქართველოს კონტექსტის საფუძველზე და საქართველოში არსებული ინტელექტუალური რესურსებით შექმნილი საგანმანათლებლო პროდუქტი ან მიდგომა ნაკლებად ღირებულია, ვიდრე რომელიმე სხვა, დასავლურ ქვეყანაში შექმნილი. ხშირად გაიგებთ განათლების პოლიტიკაში ჩართულებისგან, რომ მათ მიერ შემოთავაზებული მიდგომა მსოფლიო სტანდარტების შესაბამისია. მრავალი პოპულარული კერძო სკოლა კი საკუთარ უპირატესობას საერთაშორისო საგანმანათლებლო ქსელების ნაწილად ყოფნით ასაბუთებს. ამერიკული, ევროპული, საერთაშორისო და სხვა მსგავსი ტერმინი კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებების დასახელებებში საქართველოში უკვე სტანდარტად იქცა

ამგვარი გულუბრყვილო წარმოდგენები ამცირებს ადგილობრივი ბიზნესის ან ხელისუფლების მიერ საქართველოში რელევანტური და ხარისხიანი პროდუქტების შექმნის დაფინანსების მოტივაციას. მეორე მხრივ, იზრდება საერთაშორისო სისტემებიდან გარკვეული ეკლექტური ელემენტების დასესხების ინტენსივობა. ჩემმა სტუდენტებმა თავიანთი სახელმძღვანელოდან იციან, რომ ავტომობილი, რომელიც სხვადასხვა, თუნდაც საუკეთესო მანქანებიდან უსისტემოდ აღებული თუნდაც საუკეთესო ნაწილებისგან აიწყობა, სულაც არ იქნება საუკეთესო ხარისხის.

მეორე – საერთაშორისო სტანდარტები განათლებაში რეალურად არ არსებობს. სამაგიეროდ, არსებობს შეფასების სხვადასხვა ინსტრუმენტები, რომლებიც სულაც არ არის რაიმე საერთაშორისო შეთანხმების შედეგი, მაგრამ მნიშვნელოვნად განაპირობებს სხვადასხვა ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემებში ზოგჯერ არაადეკვატური სტანდარტების დამკვიდრებას. მაგალითად, შეფასებამ, რომელიც ქვეყნების საგანმანათლებლო შედეგებს ერთმანეთს კითხვისა და მათემატიკის მიხედვით აჯიბრებს, შესაძლოა, რეიტინგის გაუმჯობესების სურვილით, პოლიტიკოსები არსებული რესურსების ძირითადად ამ მიმართულებებით წარმართვის აუცილებლობაში დაარწმუნოს. ამან კი, შესაძლოა, აზარალოს ისეთი მიმართულებები, რაც ჰოლისტურ, ესთეტიკურ, ფიზიკურ აღზრდას ან იდენტობის შექმნას ემსახურება.

მესამე – საერთაშორისო სისტემებთან დაახლოება არ მოითხოვს მათზე დამოკიდებულებას. საქართველოს აქვს უნიკალური საჭიროებები და გამოწვევები. შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება იმ გზის შერჩევა და განვითარება, რომელიც ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი. მაგალითისთვის, ჩვენ ბევრის სწავლა შეგვიძლია ევროპული საგანმანათლებლო სისტემისგან, მაგრამ ამ სისტემაში ჩართვა სულაც არ გულისხმობს იმას, რომ საქართველო უნდა დაელოდოს ევროპას, სანამ ის განათლების მიმართ ინოვაციური მეთოდების დანერგვას დაიწყებს. ამის გაკეთება ჩვენ მათგან დამოუკიდებლად ან მათთან ერთად შეგვიძლია.

სწორი მიდგომა ჩვენს რაციონალურ გამბედაობაშია, არასწორი კი ექსპერიმენტისა და ინოვაციების შიშს გულისხმობს. გლობალურად, აზროვნება ნიშნავს, რომ ვიფიქროთ არა იმდენად იმაზე, თუ როგორ დავეწიოთ წარმოსახვით საერთაშორისო სტანდარტებს, არამედ – როგორ გავხდეთ წარმატებულები საკუთარი თავისთვის მაღალი მოთხოვნების დაყენებით. ლოკალურად მოქმედება კი ნიშნავს იმას, რომ გავაცნობიეროთ – ჩვენი ადგილობრივი პრობლემები ჩვენზე უკეთ არავინ იცის და შესაძლებლობები გაცილებით მეტი გვაქვს, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. ვიაზროვნოთ და ვიმოქმედოთ, როგორც გლობალურად, ისე ლოკალურად.

კომენტარები