ტაბუ – რითი ჰგავს ევროპის კავშირი საბჭოთას?

'რაც უფრო მეტს გეგმავს სახელმწიფო, მით უფრო რთულდება ინდივიდის მიერ დაგეგმვა'.

ფრიდრიხ ფონ ჰაიეკი

ეჭვგარეშეა, რომ საქართველო ევროპისკენ უნდა წავიდეს. ის, რაც ამ მიმართულებას ამყარებს, უძველესი ევროპული კულტურაა, რომელიც ადამიანს და მის თავისუფლებას მთავარ ღირებულებად აღიარებს. აქედან გამომდინარე, ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის გასაგებია, რატომ არ მოგვწონს რუსული კოლექტივიზმი, მაგრამ მე-20 საუკუნეში ევროპის კოლექტივიზმისკენ მიდრეკილება, სულ მცირე, დამაფიქრებელია.

მაგალითად შეიძლება ავიღოთ საპენსიო სისტემა, რომელიც გერმანიაში იშვა მე-19 საუკუნის მიწურულს და დამყარებულია თაობათა სოლიდარობაზე, რაც გამორიცხავს როგორც ადამიანის პირად თავისუფლებას, ისე პასუხისმგებლობასაც. ეს სისტემა დღეს დიდი კატასტროფის წინაშე დგას და ეს ყველა ევროპელი პოლიტიკური ლიდერისთვის ცნობილია. თუმცა ისინი ამ სისტემის პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილებების მიღებას არ ჩქარობენ: ჯერ ერთი, უკვე აღებული ვალდებულებები ძალიან მძიმეა (საქმე გვაქვს ჩვეულებრივ პირამიდასთან) და მეორეც – არავის სურს, საკუთარ თავზე აიღოს ასეთი გადაწყვეტილების პოლიტიკური პასუხისმგებლობა.

სხვა მაგალითი მსოფლიოში პოპულარულ საყოველთაო განათლებას ეხება: მისი არსებობა სრულიად სცდება ადამიანის ეთიკის ნორმებს – ხალხს სწავლას აძალებენ, რადგან ეს, თითქოსდა, საზოგადოების ინტერესს (კოლექტივს) სჭირდება.

ორიგინალური არ ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ ევროპამ მკვეთრად გადაუხვია მარცხნივ, კოლექტივიზმისკენ და თავად გახდა ამის პროპაგანდისტი. კოლექტიურ აზრს ნახავთ ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორიცაა კონსტიტუციური მოწყობა – მაგალითად, პარლამენტი და კაბინეტი (რასაც ჩვენში მთავრობას ეძახიან). ეს კოლექტიური გადაწყვეტილების მიმღები ორგანოებია და მათში ინდივიდუალური პასუხისმგებლობა კოლექტიურმა ჩაანაცვლა, ამან კი უამრავი უპასუხისმგებლო გადაწყვეტილების მიღება გამოიწვია. როგორც საჯარო არჩევანის თეორეტიკოსები განმარტავენ, სარგებელი კონკრეტული პირებისაა, ხოლო პასუხისმგებლობა – ბუნდოვანი და გაფანტული. პოლიტიკოსებისთვის განსაკუთრებით მარტივია სახელმწიფო ვალების აღება: სარგებელი სწრაფია, გადახდა მომავალში იქნება საჭირო და, სავარაუდოდ, ამის გაკეთება სხვას მოუწევს, ხოლო პასუხისმგებლობა ნულოვანი გახლავთ – ყველას ხომ არ დასჯიან?

კოლექტიურობისკენ გადახრამ ევროპა ბიუროკრატიის ბატონობამდე მიიყვანა და პოლიტიკოსები ამის გარეშე უკვე უსუსურები არიან. სხვა თუ არაფერი, საკუთარი შეცდომები ვის უნდა გადააბრალონ?! რასაკვირველია, ბიუროკრატიასაც ურჩევნია ასეთი უპასუხისმგებლო „უფროსის” არსებობა. ჯამში კი, ერთსაც და მეორესაც უყვართ სახელმწიფო და მისი საქმიანობის გამართლებას ყველანაირად ცდილობენ დაგეგმვის, ორგანიზების, მართვის, ჩარევის და რეგულირების აუცილებლობით – აბა, რისი სახელმწიფო/მთავრობაა, თუ ყველაფერზე პასუხისმგებლობა არ იკისრა? ყოველივე ეს სხვანაირად ასე ჟღერს – სახელმწიფო სწორედ იმისთვისაა, რომ ჩვენ ნაცვლად იფიქროს, გადაწყვიტოს, დაგეგმოს და გააკეთოს – როგორც ფრიდრიხ ჰაიეკი ამბობდა: „რაც უფრო მეტს გეგმავს სახელმწიფო, მით უფრო რთულდება ინდივიდის მიერ დაგეგმვა”.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ერთ-ერთი პირველი სიურპრიზი ის იყო, რომ დასავლეთი დიდი ენთუზიაზმით გადაერთო ცენტრალურ სახელმწიფო დაგეგმვაზე. მეტიც, თუ ყოფილი საბჭოელებისგან არ გვიკვირს, რომ მთავრობა ეკონომიკის მარეგულირებლად, ბიუჯეტი – ეკონომიკის სინონიმად, ხოლო პრემიერი/პრეზიდენტი ეკონომიკის დირექტორად მიაჩნდეთ, დასავლეთ ევროპისა თუ ამერიკისგან, გამოვტყდები, ასეთ რამეს ნამდვილად არ ველოდი. შემდგომში კიდევ არაერთხელ დავრწმუნდი, რომ ევროპა ბევრ რამეში ძალიან ჰგავს წყეულ საბჭოთა კავშირს.

ასე მაგალითად, ჯერ კიდევ 1998 წელს, საფრანგეთის სენატში ევროს შესახებ დისკუსიაზე ვასაბუთებდი, რამდენად ცუდად მუშაობდა საერთო ვალუტა საბჭოთა კავშირში. ფულის თეორიაში გაუთვითცნობიერებელი მკითხველისთვის ვიტყვი, რომ ფული (და არა ოქრო ან ვერცხლი), თუ ის სახელმწიფოს მიერაა დაბეჭდილი, მთავრობისადმი ნდობაზე და მის პოლიტიკაზეა დამოკიდებული, რამდენად ბევრს გამოუშვებს მიმოქცევაში.

ფულის სიმყარე და კონვერტაციის უნარი სხვა უცხოურ ვალუტებში ასევე დამოკიდებულია იმაზე, თუ რა შეიძლება ამ ფულით ქვეყანაში იყიდო. ამიტომ ეკონომიკის ქცევა, მისი პროდუქციის საექსპორტო კონკურენტუნარიანობა სერიოზულ გავლენას ახდენს ქვეყნის ფულზე (ეს არ ეხება ოქროს ფულს). სწორედ ამიტომაა საერთო ვალუტა ასეთი პრობლემატური: ამ შემთხვევაში ფულს დამატებითი ფუნქცია უჩნდება – დოვლათის გადანაწილების, ანუ სუბსიდირების. მაგალითად, საბჭოთა კავშირის შემთხვევაში, საბჭოთა რუბლს ზურგს ფაქტობრივად მხოლოდ მისი ბუნებრივი რესურსები უმაგრებდა. კავშირში შემავალი ის რესპუბლიკები, რომლებიც ვერაფერს ჰმატებდნენ საექსპორტო პოტენციალს, სუბსიდირებულნი იყვნენ სხვებისგან (თუმცა, ზოგჯერ ვხვდებოდით უკუ-სუბსიდირების შემთხვევებს, მაგალითად, ფასების ხელოვნურ სისტემას).

ანალოგიურ სურათს დღევანდელ ევროკავშირშიც ადვილად შენიშნავთ. ევროს საშუალებით, წარმატებული გერმანელები სუბსიდირებას უკეთებენ ბერძნებს, პორტუგალიელებს და სხვებს. ამ შემთხვევაში ევროს გერმანიის კონკურენტუნარიანი ეკონომიკა უწევს მხარდაჭერას. საბჭოთა კავშირში სუბსიდირების მიზანი იყო ქვეყნის პოლიტიკური კავშირის შენარჩუნება – სუბსიდირების უარყოფა კი დიდ იმპულსს მისცემდა მის დაშლას. დღევანდელ ევროპაში ამას სოლიდარობის მიზეზით ამართლებენ, თუმცა ცხადია, რომ ყველას ევროპული კავშირის დაშლის შიში აქვს. ხოლო თუ ევროკავშირის დაშლა ასეთი მარტივია, ისიც ცხადი ხდება, რომ მისი ხელოვნური შენარჩუნება იქ მცხოვრებლებს ძალიან ძვირი უჯდებათ. აქ ასეთი სიტუაციაა – ან ევრო, ანუ საერთო ვალუტა და ეკონომიკური მხარდაჭერა სუსტებს, ან ყველა თავისთვის.

ჯერ კიდევ ორი წლის წინ იყო ცხადი, რომ საბერძნეთის „დახმარებას” მხოლოდ მისი პრობლემების გადაწყვეტის გადავადება მოჰყვებოდა, მაგრამ პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, პრობლემის მიზეზების მკურნალობას მისი დროებით გაუტკივარება არჩიეს. ახლა ამ პრობლემის გადაწყვეტის ერთადერთ გზად ფისკალური ცენტრალიზაციისკენ სწრაფი მოძრაობაა მიჩნეული, რაც ყოფილ საბჭოელებს ასევე კარგად გვახსოვს.

საბჭოთა კავშირი დახურული ეკონომიკური სივრცე იყო, რადგან ის მხოლოდ საკუთარ სატელიტებთან ვაჭრობდა. ეს მას (როგორც იქ ეგონათ) საკუთარი ეკონომიკის დასაცავად სჭირდებოდა და მრავალ პროპაგანდისტულ მეთოდს იყენებდა ამის გასამართლებლად – ზოგჯერ ეს ანტიბურჟუაზიული იდეოლოგიით ხდებოდა, ზოგჯერ კი დასავლეთის შეთქმულების თეორიების მომიზეზებით.

დღეს განვითარებული ქვეყნებიც ხშირად სარგებლობენ პროტექციონიზმის პოლიტიკით. ხანდახან ეს ხერხი ისეთი ქვეყნის დასასჯელადაც გამოიყენება, რომელიც საერთაშორისო წესებს არღვევს. ისიც ფაქტია, რომ ამ მეთოდებს ხშირად პოლიტიკური მიზნებით იყენებენ – ნახეთ, როგორ ექცევა დღემდე რუსეთი საქართველოს. მაგრამ თუ ეს არ გვიკვირს იმ რუსი პოლიტიკოსებისგან, რომლებიც მეგობრებს არ ეძებენ და ყველას დამორჩილებას ცდილობენ, ევროპის კავშირისგან ასეთი მოქცევა ნამდვილად გასაოცარია.

სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ ვაჭრობის სფეროში ევროპის კავშირთან დაკავშირებული ჩვენი მოლოდინი გადაჭარბებული აღმოჩნდა. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით. სრულიად მოულოდნელი იყო თუნდაც იმის აღმოჩენა, რომ მას სავაჭრო პოლიტიკაში არ ექნებოდა დაწერილი წესები და ასეთ საკითხებს ბუნდოვანი, ღია ინტერპრეტაციის მქონე მიმოწერით აგვარებდა. მის მიერ წამოყენებული მოთხოვნები ვაჭრობის პირობების გასაუმჯობესებლად, ხშირ შემთხვევაში, არანაირ კავშირში არ არის ვაჭრობასთან (პირიქით, ზოგი საკითხი, რომელიც ნამდვილად კავშირშია, საერთოდ არ განიხილება). ქვეყნებს მოეთხოვებათ, რომ ჰქონდეთ ისეთივე მარეგულირებელი სისტემა, როგორც საკუთრივ ევროკავშირს. არადა, მკაფიო და დაწერილი წესები ძალიან სასარგებლო იქნებოდა თუნდაც იმისთვის, რომ იცოდე: რა, როდის, როგორ და რატომ შეიძლება შეიცვალოს მომავალში, ან როდის და რომელი მხარე არღვევს არსებულ შეთანხმებებს.

ევროკავშირის რეგულაციები ისეთივე ბიუროკრატიულია, როგორც საბჭოთა კავშირის. მის ხელმძღვანელ ორგანოებში ისევ არ სჯერათ ადამიანის რაციონალური ბუნების და მიაჩნიათ, რომ სახელმწიფოს მამობრივი ზრუნვის გარეშე ადამიანები მრავალ სისულელეს ჩაიდენენ. კიდევ, საბჭოთა იდეოლოგიის მსგავსად მიაჩნიათ, რომ კაპიტალისტები გაუმაძღარი ადამიანები არიან და ამის გამო ადვილად გასწირავენ სხვებს, მიაწვდიან მათ მოწამლულ პროდუქტებს, სახიფათო აპარატურას, გაანადგურებენ ბუნებას, შექმნიან მონოპოლიებს, დაჩაგრავენ მშრომელებს... სწორედ ეს იყო საბჭოთა ანტიბურჟუაზიული იდეოლოგია.

ახლახან ასეთ ინფორმაციას წავაწყდი: ათენში, წიგნების მაღაზიის კაფეში კლიენტმა ყავა მოითხოვა და მიმტანი სხვა ბარში წავიდა ყავის მოსატანად, რადგან მის კაფეს ყავის მომზადების ლიცენზია არ ჰქონდა. ხოლო როდესაც ამავე კლიენტს წიგნის ყიდვა მოუნდა, მას უპასუხეს, რომ დააგვიანდა – ამ მაღაზიის ლიცენზია 18-საათამდე იძლეოდა წიგნის გაყიდვის კანონიერ უფლებას. სახელმწიფომ იზრუნა ადამიანებზე, რომ მათ მხოლოდ მის მიერ გაკონტროლებული ყავა დაელიათ და თავი არ გადაეტვირთათ წიგნების კითხვით.

მეორე მაგალითს ტურინის ცნობილ რესტორანში – კაბირიას ღამეები – მე თვითონ გადავეყარე: როდესაც ხელის დაბანის შემდეგ გამშრალება დავაპირე, ხელსაწმენდ აპარატზე (რომელიც რატომღაც არ მუშაობდა) შევნიშნე წარწერა, რომ ის დამზადებული იყო ევროპული ნორმატივის დაცვით. ასე ხდება, როდესაც ადამიანი იძულებულია ფორმალურად დაიცვას ხელოვნური და გადაჭარბებული საკანონმდებლო ნორმები.

ევროპის კავშირი(ც) სრულად პოლიტიზებულია, იქაც სახელმწიფოა ყველაფერზე პასუხისმგებელი; ადამიანი ნელნელა კარგავს საკუთარ თავისუფლებას და პასუხისმგებლობას. მთავრობა კი, პირიქით, იზრდება, შეცდომას შეცდომაზე უშვებს, მერე საკუთარი ხალხის ხარჯზე ცდილობს ამ შეცდომების გამოსწორებას, რადგან ნავთობი და გაზი არ აქვს იმდენი, რაც ყოფილ საბჭოთა კავშირს და მეტი ვალის აღების საშუალებაც აღარაა.

როდესაც ამ საკითხებზე საქართველოში ვცადე(თ) დისკუსიის გამართვა, ბევრმა შეშფოთება გამოთქვა და საუბარიც კი არასასურველად ჩათვალა. ისინი ფიქრობენ, რომ ან ეს საკითხები არ წარმოადგენს პრობლემას, ან ჩვენი გასარჩევი არაა. კრიტიკისადმი ასეთ სიფრთხილეს პირველად არ შევხვედრივარ – 2005 წელს ავსტრიაში, კონფერენციაზე გამოსვლისას, ვენის უნივერსიტეტის ერთმა პროფესორმა დაიჩივლა, რომ შეუძლებელი იყო ევროკავშირის გაკრიტიკება პრესაში, რაც ჩემთვის სერიოზული სიურპრიზი იყო.

სამაგიეროდ, ცოტა ხნის წინ ბრიტანეთის და ჩეხეთის ლიდერებმა უარი თქვეს ევროპის ახალ ფისკალურ და ეკონომიკურ შეთანხმებაზე ხელის მოწერაზე. სწორედ ეს მაფიქრებინებს, რომ ერთხელაც ევროპა დაუბრუნდება იმ საფუძვლებს, საიდანაც დაიწყო მისი გაერთიანება: ადამიანთა, სავაჭრო საქონლის, კაპიტალის და სერვისების თავისუფალი გადაადგილების პრინციპებს.

 

კომენტარები