საბერძნეთიზაცია

რატომ აღელვებს ბიუროკრატს ბრიუსელში ქუთაისელი მეტალურგის ბედი? ეს კითხვა მას შემდეგ გამიჩნდა, როცა საქართველოს შრომის კოდექსი და მისი შეცვლის ევროკავშირისეული სურვილი გახდა აქტუალური. 

ყველაფერი სექტემბერში, ქუთაისში დაიწყო. პოლიციამ 34 გაფიცული კერძო ქართულ-ინდური მეტალურგიული ქარხნის მუშა დააკავა. სამართალდამცავთა თქმით, ისინი ხელს უშლიდნენ ქარხანაში მომუშავე გაუფიცავ პერსონალს. კერძოდ, ე.წ. სირცხვილის კორიდორებს უწყობდნენ და (sic!) აფურთხებდნენ. გაფიცულები ითხოვდნენ ადრე გათავისუფლებული რამდენიმე მუშის სამსახურში აღდგენას, საშხაპეების დამატებას, სამუშაო ფორმების დარიგებასა და ქარხანაში სასადილოს გახსნას.

არ ჩავუღრმავდები ქუთაისის კონფლიქტის დეტალებს – არსებითი არ არის. ზოგადად კი სურათი ჩემთვის ასე გამოიყურება: ქუთაისის მეტალურგიული ქარხანა (ქუთაისში მეტალურგია აქამდე ვის გაუგია?!) არის მთლიანად კერძო ინვესტიციებით შექმნილი ჯართის გადამამუშავებელი დაბალტექნოლოგიური საწარმო, რომელიც ასაქმებს 500-მდე (შემიძლია ვივარაუდო) დაბალკვალიფიციურ მუშას, რომელთაც სხვა სამუშაოს მოძებნა, ქარხანა რომ არა, ძალიან გაუჭირდებოდათ.

გასაგებია, რომ შრომის პირობები ამ საწარმოში, ვთქვათ, ბანკის ოფისის პირობებზე უარესია. გასაგებია, რომ ანაზღაურება იქ მაღალი ვერ იქნება. გასაგებია, რომ ტანსაცმლის ჩამოკიდება მუშებს ლურსმანზე უწევთ და არა ძვირფასი ხის ჯიშისგან დამზადებულ გარდერობში. გასაგებია, რომ პროფკავშირებმა ეს სიტუაცია თითზე დაიხვიეს და საკუთარი პრივილეგიებისთვის ბრძოლაში იყენებენ, რაშიც ევროკავშირის ბიუროკრატია ეხმარება. 

ჰოდა, მე დავინტერესდი, რატომ? რატომ არის პროფკავშირების ბედი კერძოდ და შრომის კოდექსის საკითხი ზოგადად ასე მნიშვნელოვანი ევროპელებისთვის. ამის სამი სავარაუდო მიზეზი მომდის თავში.

საქართველოში დღეს არსებული შრომის კოდექსი თანაბარ უფლებებს ანიჭებს დამქირავებელსა და დაქირავებულს და მათ შორის დადებული კონტრაქტის, კანონმდებლობასთან შედარებით პრიორიტეტს ცნობს. ის აძლევს მოქალაქეებს ნებისმიერი ტიპის ასოციაციებში, მათ შორის პროფკავშირებში, გაწევრიანების უფლებას. ჩვენი შრომის კოდექსის მიხედვით, პროფკავშირებს რაიმე განსაკუთრებული უფლება არ აქვთ ჩაერიონ დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ურთიერთობაში. გასაგებია, რომ ეს არც ჩვენს პროფკავშირებს მოსწონს და არც მის პარტნიორ ევროპელ პროფკავშირულ გაერთიანებებს. ეს პირველი მიზეზია იმისა, თუ რატომ არიან ევროპული ბიუროკრატები ასე დაინტერესებული ჩვენი შრომის კოდექსით – ევროპის ბევრ ქვეყანაში (და ამერიკის შეერთებულ შტატებშიც) პროფკავშირები წარმოადგენს ელექტორატის დიდ ნაწილს და, შესაბამისად, ნებისმიერი ევროპოლიტიკოსისათვის ანგარიშგასაწევი ძალაა. თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ ეს ევროპის ყველა ქვეყანას არ ეხება. მაგალითად, შვეიცარიაში პროფკავშირები სუსტია.

მეორე მიზეზი, ჩემი აზრით, ისაა, რომ ევროკავშირი მზად არ არის დაუშვას საქართველოსთან ინტეგრაციის მნიშვნელოვანი წინსვლა, რათა ამ პოზიტიურმა სიგნალმა რუსეთი ძალიან არ გააღიზიანოს. ამიტომაა, რომ თავისუფალი ვაჭრობისა და ასოცირების შესახებ ხელშეკრულებების შესახებ მოლაპარაკებები ოფიციალურად ჯერ კიდევ არც კი დაწყებულა, ჩვენ კი უკვე გვიწევს კანონმდებლობის ბრიუსელის ყაიდაზე მორგება. მოკლედ რომ ვთქვა, უბრალოდ დროს წელავენ.

და მესამე, შეიძლება ყველაზე თამამი ვარაუდია, რომ ევროკავშირს უბრალოდ არ სურს საქართველოს სახით საკუთარ საზღვრებთან თავისუფალი, კონკურენტუნარიანი ბაზარი ჰქონდეს, რომელიც, პოტენციურად, განვითარებულ ევროპულ ქვეყნებთან ინვესტიციებისთვის კონკურენციას შეძლებს. წარმოიდგინეთ, ვინ დააბანდებს ფულს იმ ბიზნესში, მაგალითად, ბულგარეთში, რომლის საქართველოში უფრო იაფად და ადვილად გაკეთება შეიძლება? და, პირიქით, რომელი ინვესტორი შემოვა საქართველოში, თუ რეგულაციური გარემო და მუშახელის ფასი აქ იგივე იქნება, რაც ბულგარეთში?

შრომის კოდექსის შეცვლა, მისი გასოციალისტურობა მხოლოდ ნაწილია იმისა, რასაც ევროკავშირი მოითხოვს საქართველოსგან ევროინტეგრაციის გზაზე. ამის გარდა, მრავალი და მრავალი სხვა მოთხოვნაა, რომელიც, საბოლოო ჯამში, საქართველოს რეგულაციურ გარემოს ევროპულს ამსგავსებს. გასაგებია, რომ მთლიანად ჰარმონიზაციაზე უარს ვერ ვიტყვით, მაგრამ ევრობიუროკრატიის ყველა მოთხოვნა რომ შევასრულოთ, საქართველო გადაიქცევა პატარა საბერძნეთად, იმ განსხვავებით, რომ იქნება უფრო ღარიბი და, რამე რომ მოუვიდეს, ევროკავშირი არ დაეხმარება. საფრთხე კი უეჭველია: თუ სად შეიძლება მიიყვანოს ქვეყანა სოციალისტურმა სულისკვეთებამ, იგივე საბერძნეთის მაგალითზე შეგვიძლია დავინახოთ – სრულ გაკოტრებამდე. 

კომენტარები