ამერიკის გასაჭირი

ფოტო: REUTERS
თუ აშშ-ის კონგრესი 2 აგვისტომდე არ გაზრდის დასაშვები სახელმწიფო ვალის ლიმიტს, მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანა, შესაძლოა, დეფოლტის საფრთხის წინაშე დადგეს. დღეისათვის არსებული ზღვარი 14.3 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს, თუმცა ობამას ადმინისტრაცია, რომელიც არ გამოირჩევა სახელმწიფო ხარჯებთან მიმართებაში განსაკუთრებული მომჭირნეობით, ცდილობს ეს ზღვარი მაღლა ასწიოს, რათა შეძლოს დაგეგმილი, გაზრდილი საჯარო ხარჯების დაფინანსება.

როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, თუ ობამა ვერ შეძლებს კონგრესთან შეთანხმების მიღწევას (პრეზიდენტი ითხოვს გადასახადების მომატებას მოსახლეობის შეძლებული ნაწილისთვის, ხოლო კონგრესი ითხოვს სახელმწიფო ხარჯების შემცირებას), რთულად გასათვლელია. თუმცა სავარაუდოა, რომ პირველ რიგში მოხდება დაფინანსების შემცირება სახელმწიფო სოციალური დაცვის სისტემებისთვის, შემდეგ სახელმწიფო მოხელეების ანაზღაურებისთვის გათვალისწინებული ფონდებისთვის, და თუ მაინც ვერ მოხერხდა ხარჯების სათანადო დონეზე შემცირება (რაც სავარაუდოა, რომ ასეც იქნება), აშშ-ს მოუწევს გარკვეული ვალების მომსახურებაზე უარის თქმა. ეს კი, თავის მხრივ, ნიშნავს აშშ-ის სახაზინო ვალდებულებების გაუფასურებას, საკრედიტო რეიტინგში ვარდნას, დოლარის დევალვაციას, რაც საბოლოო ჯამში კატასტროფულ შედეგებს მოუტანს არა მხოლოდ აშშ-ს, არამედ მსოფლიო ეკონომიკას.

ობამა ხშირად იმეორებს, რომ ის არ არის პასუხისმგებელი არსებულ კრიზისულ მდგომარეობაზე და ყველაფერში დამნაშავე ის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა, რომელიც პრეზიდენტ ბუშისგან მემკვიდრეობით ერგო; მის მიერ გატარებულმა ერთადერთმა „სწორმა” ეკონომიკურმა პოლიტიკამ კი შექმნა ახალი და გადაარჩინა არსებული სამუშაო ადგილები, რითიც ხელი შეუწყო ეკონომიკის კრიზისიდან გამოსვლას, მართალია ნელი ტემპით, მაგრამ მაინც.

იმისათვის, რომ დავრწმუნდეთ ასეთი ტიპის განცხადებების უტყუარობაში, სასურველია ვნახოთ – რა „დახვდა” ობამას, როდესაც მან ოვალურ ოფისში შეაბიჯა, რა ღონისძიებები გაატარა მას შემდეგ და რა შედეგები მიიღო.

ორი გამოკვეთილი პრობლემა, რომლებზეც ამერიკელი ექსპერტები და პოლიტიკოსები წუხდნენ ობამას ხელისუფლებაში მოსვლამდე, იყო სახელმწიფო ვალი (9.986 ტრილიონი აშშ დოლარი) და მაღალი უმუშევრობა (7.3%). ძირითადად სწორედ ამ პრობლემების მოგვარების მიზნით, ობამას ადმინისტრაციამ დაიწყო აქტიური ქმედებების გატარება, რომლებიც გამოიხატა შემდეგში:

ეკონომიკის მასიური სტიმულირება, რომელიც მიზნად ისახავდა გაკოტრებული კომპანიების გადარჩენას, სამუშაო ადგილების შენარჩუნებას ან შექმნას და სხვა. პრეზიდენტობის მხოლოდ პირველ წელს ობამამ დახარჯა დაახლოებით 1 ტრილიონი აშშ დოლარი. მიუხედავად იმისა, რომ მისი მტკიცებით, სტიმულირებისთვის გამოყოფილი თანხის 1/3 „გადასახადების შემცირებაზე” მოდიოდა, სინამდვილეში ეს წარმოადგენდა მოსახლეობისთვის უბრალოდ დარიგებულ ფულს, ანუ სახელმწიფო ხარჯს, რომელსაც ვერ ექნებოდა იგივე ეფექტი, რაც გადასახადების შემცირებას ახლავს თან.

2013 წლისთვის დაგეგმილია ორი ყველაზე
მოცულობითი საშემოსავლო გადასახადის
განაკვეთის ზრდა თითქმის 20%-ით.

თუ გავითვალისწინებთ ახალ, ე.წ. Obamacare
გადასახადებს, რომელიც ძალაში 2013 წლიდან უნდა
შევიდეს, კაპიტალურ მოგებაზე საგადასახადო
განაკვეთი დაახლოებით 60%-ით გაიზრდება.

საერთო საგადასახადო ტვირთი კორპორატიულ
დივიდენდებზე გასამმაგდება.

ე.წ. Medicare სახელფასო გადასახადი გაიზრდება
62%-ით. აღსანიშნავია, რომ ნომინალურად ამ
გადასახადის გადამხდელია დამსაქმებელი.

მემკვიდრეობით მიღებულ ქონებაზე გადასახადი
დაუბრუნდება (გაიზრდება) 55%-იან ნიშნულს.

ობამას პრეზიდენტობის პირველ ორ წელიწადში
ფედერალური (სახელმწიფო) ხარჯები 28%-ით
გაიზარდა, ხოლო მის მიერ წარმოდგენილი 2012 წლის ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს იმავე ხარჯების დამატებით 57%-ით გაზრდას 2021 წლისთვის.

ობამა ითხოვს სახელმწიფოს ჩარევას (ახალი
რეგულაციების გზით) სხვადასხვა ბაზრებზე,
როგორებიცაა ჯანდაცვა, ფინანსური ბაზრები,
ენერგეტიკა და სხვა.


ყველა ამ გატარებული თუ დაგეგმილი ქმედების შედეგად, აშშ-ის სახელმწიფო ვალი გაიზარდა 14.4 ტრილიონ დოლარამდე, უმუშევრობა კი 9.2%-მდე. ობამას ადმინისტრაციის მიერ პროგნოზირებული 2012 წლის ბიუჯეტის დეფიციტი 1.65 ტრილიონს შეადგენს. 9 ეკონომიკური კვარტლის განმავლობაში, რაც ობამა ხელისუფლებაშია, მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა საშუალოდ 1.5%-ია. ეს მაჩვენებელი 2-ჯერ ნაკლებია, ვიდრე ამერიკის ეკონომიკის ზრდის ტემპი გასული საუკუნის 40-იან, 50-იან, 60-იან, 70-იან, 80-იან და 90-იან წლებში.

მეტი თვალსაჩინოებისთვის შეგვიძლია შედარება გავაკეთოთ პრეზიდენტ რეიგანის მიერ გატარებულ რეფორმებთან. როდესაც რეიგანი ხელისუფლებაში მოვიდა, გარდა უმუშევრობისა (10.8%, 3%-ით მეტი ვიდრე ობამას პრეზიდენტობის დასაწყისში), ამერიკის ეკონომიკა იდგა ისეთი მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე, როგორებიცაა ორნიშნა ინფლაცია (13.5%) და მაღალი საპროცენტო განაკვეთები (21.5%).
აღნიშნული პრობლემების დასაძლევად რეიგანმა გაატარა რეფორმები 4 ძირითადი მიმართულებით:

1. გადასახადების შემცირება – საშემოსავლო გადასახადის ყველაზე მაღალი განაკვეთი 70%-დან 28%-მდე შემცირდა; ყველა დონის საშემოსავლო გადასახადი შემცირდა 25%-ით; 1986 წლის საგადასახადო რეფორმის შედეგად დაბალი საშემოსავლო გადასახადები გაერთიანდა ერთ 15%-იან განაკვეთად.

2. სახელმწიფო ხარჯების შემცირება – 1983 წელს აშშ-ის ფედერალური ხარჯები შეადგენდა მთლიანი შიდა პროდუქტის 23.5%-ს, 1988 წელს – 21.3%-ს, ხოლო 1989 წელს – 21.2%-ს. ბიუჯეტის დეფიციტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 1986 წელს დაფიქსირდა და 221 მილიარდი შეადგინა.

3. მკაცრი მონეტარული პოლიტიკა – რეიგანის ადმინისტრაცია აკონტროლებდა ახალი ფულის მიწოდებას ეკონომიკისთვის, რათა შემცირებულიყო ინფლაციის დონე.

4. დერეგულაცია – რეიგანმა მოახდინა ეკონომიკის სხვადასხვა სექტორების, მათ შორის ენერგეტიკული სექტორის, დერეგულაცია, რის შედეგადაც, სხვადასხვა გათვლებით, აშშ-ის მოქალაქეები იგებდნენ 100 მილიარდს ყოველწლიურად დაბალი ფასების ხარჯზე.

ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ რეიგანის მიერ 1980-იან წლებში გატარებული ეკონომიკური პოლიტიკა ობამას ქმედებების 180 გრადუსით საპირისპიროს წარმოადგენდა. ამ პოლიტიკის შედეგებიც რადიკალურად განსხვავებული იყო:

ბევრი მკვლევრის აზრით, რეიგანის რეფორმები
წარმოადგენს ყველა დროის ყველაზე წარმატებულ
ეკონომიკურ ექსპერიმენტს. ეკონომიკის გაჯანსაღება ოფიციალური მონაცემებით დაიწყო 1982 წლის
ნოემბერში, უწყვეტად გაგრძელდა 92 თვის
განმავლობაში, და შეწყდა 1990 წლის ივლისში, როდესაც მოხდა გადასახადების გაზრდა.

კერძო ინვესტიციების ოდენობა, რომელიც მუდმივად
კლებულობდა 9 კვარტლის განმავლობაში, იზრდებოდა
საშუალოდ 6.7%-ით კვარტალში.

საბიუჯეტო შემოსავლები კაპიტალურ მოგებაზე
გადასახადიდან გაორმაგდა 2005 წლისთვის
(მიუხედავად განაკვეთის 25%-იანი შემცირებისა).

პირველი 7 კვარტლის განმავლობაში ეკონომიკა
საშუალოდ იზრდებოდა 7.1%-ით, ხოლო 1989
წლისთვის უმუშევრობა შემცირდა 5.3%-მდე.

6 თვის შემდეგ ეკონომიკამ გადაასწრო მანამდე არსებულ
მთლიანი შიდა პროდუქტის ყველაზე მაღალ მაჩვენებელს (ობამას რეფორმების შედეგად ეს 3 წლის შემდეგაც
ვერ მოხერხდა).

ინფლაცია შემცირდა 1982 წლისთვის
6.2%-მდე (განახევრდა), ხოლო 1983 წლისთვის –
3.2%-მდე (კვლავ განახევრდა).

1982-დან 1989 წლამდე ერთ სულ მოსახლეზე რეალური
შემოსავალი (იგივე „ცხოვრების დონე”) გაიზარდა 18%-ით.

იმავე პერიოდში შეიქმნა 20 მილიონი ახალი სამუშაო ადგილი.


ის, რომ ეკონომიკის ლიბერალიზაცია, გამოხატული გადასახადებისა და, შესაბამისად, სახელმწიფო ხარჯების შემცირებაში, ხელს უწყობს დანაზოგებისა და ინვესტიციების ზრდას, ბიზნესების გაფართოებასა და ახალი ბიზნესების (ანუ სამუშაო ადგილების) შექმნას, რაც დადებითად აისახება როგორც ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, ისე თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე, დადასტურებულია როგორც თეორიულად, ისე (არაერთგზის) ემპირიულადაც. შედეგები, რომლებიც პრეზიდენტ რეიგანის რეფორმებმა მოიტანა, ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია.

თუმცა, დღეს აშშ-ის პრეზიდენტი ობამაა; პრეზიდენტი, რომელიც ხარჯავდა ფულს, რომელიც არ ჰქონდა, ხოლო ამ ხარჯების დასაფარად ბეჭდავდა ახალ ფულს და იღებდა სესხებს. ყველა ამ სიკეთესთან ერთად კი, დაგეგმა გადასახადების ზრდა, რათა „დიდი მთავრობის” გაზრდილი მადა დააკმაყოფილოს. ასეთი პოლიტიკის მოკლევადიანი შედეგები უკვე სახეზეა, ხოლო გრძელვადიანი – ცნობილია. დღეს კი ყველაზე აქტუალური კითხვაა – რა მდგომარეობაში იქნება აშშ 2012 წლის 6 ნოემბერს, შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნების დღეს?

კომენტარები