9 მაისი: დავფიქრდეთ, რას ვზეიმობთ

ამ კვირას მოკავშირეთა მიერ ნაცისტური გერმანიის დამარცხების 66-ე წლისთავი აღინიშნება. ამ გამარჯვების თარიღად დასავლეთი 8 მაისს, ხოლო აღმოსავლეთი 9 მაისს მიიჩნევს. ამ თარიღით კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე საშინელი ომის მნიშვნელოვანი თავი დაიხურა – ომი წყნარი ოკეანის ზონაში კიდევ სამი თვე გაგრძელდა. სამი თაობის შემდეგ მოკავშირეთა ეს ეპიკური გამარჯვება ნამდვილად იმსახურებს აღნიშვნას, მაგრამ უნდა დავფიქრდეთ, რას ვზეიმობთ.
 
მეორე მსოფლიო ომის დასრულება ისტორიის რთული მონაკვეთია და ბუნებრივია, ემოციურ დებატებს იწვევს. ეს დებატები იმდენადვე ეხება ამ ომის მემკვიდრეობას დღევანდელ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, როგორც თითქმის 70 წლის წინანდელ მოვლენებს. გასულ წელს, 65-ე წლისთავზე, ეს კამათი განსაკუთრებით მწვავე იყო.
 
იმის გარკვევაში, თუ რის გაკეთებაა ამ კვირაში სწორი და რის არა, შეიძლება ეს ოთხი მკვეთრად განსხვავებული მოცემულობა დაგვეხმაროს: 1) ნაცისტური გერმანია იყო ბოროტება, რომელიც უნდა განადგურებულიყო; 2) დასავლეთის ალიანსი საბჭოთა კავშირთან აუცილებელი იყო ამ მიზნის მისაღწევად; 3) სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის საბჭოთა კავშირის, დროშების ქვეშ მრავალი ერის წარმომადგენლები ღირსეულად და გმირულად იბრძოდნენ და 4) საბჭოთა კავშირი იყო ბოროტება, რომელიც უნდა განადგურებულიყო.
 
ამიტომ, სავსებით სწორია, რომ რუსეთი და ყველა ის ქვეყანა, რომელიც ახლა საბჭოთა იმპერიისაგან თავისუფალია, მონაწილეობენ ნაცისტების დამარცხების აღნიშვნაში. მეტიც, უმნიშვნელოვანესია, რომ ხოტბა შევასხათ დღეს უკვე ხანდაზმულ ასაკს მიტანებული იმ ხალხის – ავსტრალიაში არიან ისინი, საქართველოში თუ სხვაგან – სიმამაცესა და თავგანწირვას, რომლებიც მეორე მსოფლიო ომში იბრძოდნენ, და გავიხსენოთ ისინი, ვინც ომიდან ვერ დაბრუნდა.
 
8 მაისი, ამავე დროს, 1942 წელს ქერჩის სადესანტო ოპერაციის დაწყების თარიღიცაა, რომელშიც ათასობით მამაცი ქართველი დაიღუპა.
 
მადლობა ამ გმირებს და ღმერთმა აცხონოს მათი სული.
 
მაგრამ, ჩვენ არც ის საშინელებები უნდა დავივიწყოთ, რომელიც საბჭოთა რეჟიმმა ამ ომამდე, ომის მიმდინარეობისას და მისი დასრულების შემდეგ ჩაიდინა როგორც შინ, ისე გარეთ. ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ საბჭოთა კავშირმა მეორე მსოფლიო ომი, როგორც ჰიტლერის მოკავშირემ დაიწყო. და მიუხედავად იმისა, რომ 1945 წლის 8-9 მაისს, ყველა მოკავშირე ქვეყნის დედაქალაქებში ხალხი ქუჩებში ცეკვავდა – რამდენიმე თვის შემდეგაც, როდესაც იაპონია დამარცხდა – საბჭოთა კავშირის არსებობის გაგრძელება ამ ომის საშინელი მემკვიდრეობა იყო.
 
მაგალითად, მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტსა და მის პროტოკოლებთან დაკავშირებული მაქინაციების შედეგად, ესტონეთი, ლატვია და ლიტვა ჯერ საბჭოელებმა დაიპყრეს, შემდეგ ნაცისტებმა და მერე ისევ საბჭოელებმა, რამაც ამ ქვეყნებს დამოუკიდებლობა 45 წლით დააკარგვინა. საქართველოს საბჭოთა ოკუპაციაც, რომელიც 1921 წელს დაიწყო, 1991 წლამდე გაგრძელდა.
 
ამაში აღსანიშნავი და საზეიმო არაფერია.
 
შეგვიძლია პროფესიონალ ისტორიკოსებს მივანდოთ იმაზე კამათი, იყო თუ არა ცივი ომი მეორე მსოფლიო ომის გაგრძელება, მემკვიდრეობა თუ მორიგი თავი მეოცე საუკუნის ტოტალიტარიზმთან უფრო ფართო ბრძოლაში. როგორიც არ უნდა იყოს მოსაზრება, ცივი ომი აუცილებელი იყო, რადგან საბჭოთა კავშირი საფრთხე იყო მისი მოსახლეობისთვის და დანარჩენი მსოფლიოსთვის. გულახდილად თუ ვიტყვით, ისტორიული პერსპექტივის სასარგებლოდ პოლიტკორექტულობის დავიწყება რომ შეგვეძლოს, ვაღიარებდით, რომ 1991 წლის 26 დეკემბერი – დღე, როდესაც საბჭოთა კავშირმა თვითლიკვიდაცია გამოაცხადა – ისეთივე მნიშვნელოვანი თარიღია, როგორც 9 მაისი.
 
2005 წლის 25 აპრილს, რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ფედერალურ კრებას განუცხადა: „პირველ რიგში, უნდა ვაღიაროთ, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა მეოცე საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა იყო”. უდავოდ, სხვისთვის მტკივნეული და გამაღიზიანებელი განცხადებაა!
 
ორიოდ კვირის შემდეგ კი პუტინმა მოახერხა დასავლელი ლიდერების – აშშ-ის პრეზიდენტის ჯორჯ ვ. ბუშის, საფრანგეთის პრეზიდენტის ჟაკ შირაკისა და გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის – მიტყუება წითელ მოედანზე იმის საცქერლად, როგორ ჩაივლიდნენ რუსი სამხედროები საბჭოური მარშით. მას შემდეგ, 9 მაისის მოსკოვური აღლუმი საბჭოთა გამოძახილად იქცა.
 
8 მაისს დასავლეთის დედაქალაქებში სადღესასწაულო ცერემონიები იმართება, რათა გაიხსენონ ისინი, ვინც იბრძოდა და პატივი მიაგონ დაღუპულებს. გასულ წელს, მაგალითად, საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ გვირგვინით შეამკო შარლ დე გოლის მონუმენტი. ლონდონში, სამი ძირითადი პოლიტიკური პარტიის ლიდერებმა ერთად შეამკეს გვირგვინით კენოტაფი, ომში დაღუპულ ბრიტანელ მებრძოლთა მემორიალი. ხოლო ამერიკელებმა, არასამთავრობო ორგანიზაცია Honor Flight Network-ის მეცადინეობით, კვლავ უზრუნველყვეს ვეტერანების თვითმფრინავით ტრანსპორტირება ვაშინგტონში მეორე მსოფლიო ომის მემორიალთან შესაკრებად.
 
მოსკოვში, გასული წლის 9 მაისის აღლუმი პომპეზური იყო – 11 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე, ჯავშანმანქანები, საზენიტო სარაკეტო დანადგარები, არტილერია და ყველა სახის სამხედრო თვითმფრინავები წითელ მოედანზე გამოჩნდნენ. კონტინენტთაშორისი ბირთვული რაკეტის Topol-M-ის პირველი დემონსტრირებაც კი მოხდა. 
 
გასაოცარია, მაგრამ ამერიკის, ბრიტანეთის, საფრანგეთის და პოლონეთის სამხედრო კონტინგენტებიც კი გამოჩნდნენ წითელ მოედანზე. ყველაზე გასაკვირი შეერთებული შტატების მე-18 ფეხოსანთა პოლკის და ბრიტანეთის უელსური გვარდიის ხილვა იყო მას შემდეგ, რაც პუტინმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და ბრიტანეთის პრინცის, ჩარლზის, რომელიც უელსური გვარდიის პოლკოვნიკიც არის, მიწვევა გადაიფიქრა. როგორც ამბობენ, პუტინი საქართველოსთვის ბაიდენის მხარდაჭერამ და ბერეზოვსკის რუსეთში ექსტრადიციაზე ლონდონის უარმა განარისხა.
 
წელს, როგორც საინფორმაციო სააგენტო РИА Новости იუწყება, მოსკოვის 9 მაისის აღლუმში 20 ათასი სამხედრო მოსამსახურე, 100 მანქანა და დროშით დამშვენებული Mi-8 ტიპის ვერტმფრენები მიიღებენ მონაწილეობას. 
 
ასე რომ, დავფიქრდეთ, რას ვზეიმობთ. ნაციზმზე გამარჯვებას? თუ რევანშისტ რუსეთს? დასავლელმა ლიდერებმა ამას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ. არასდროს უნდა დავივიწყოთ ისინი, ვინც იბრძოდა, მაგრამ ასევე არასდროს უნდა დავივიწყოთ, რისთვის ვიბრძოდით.
 
დაბოლოს, კიდევ ერთხელ უნდა გითხრათ თქვენ, ჩვენს მშობლებს, ბებიებსა და ბაბუებს – ამერიკელებს, ქართველებს, რუსებს თუ ნებისმიერ სხვას, რომლებიც მამაცად და ღირსეულად იბრძოდით, დიდი მადლობა და ღმერთმა დაგლოცოთ.

კომენტარები