კლუბები

ამას წინათ ქუჩაში ორმა ავსტრალიელმა ტურისტმა გამაჩერა. მოესმათ, მობილურით ინგლისურად რომ ვლაპარაკობდი, როდესაც რამდენიმე კილო პომიდორს (ვარდისფერს, რა თქმა უნდა) მოვათრევდი, და მიხვდნენ, რომ საქართველოში მცხოვრები უცხოელი ვიყავი. უნდოდათ გაეგოთ, სად შეიძლებოდა საღამოს გართობა, ცოტაც დალევა, ხალხის გაცნობა და საერთოდ, კარგი დროის გატარება. რამდენიმე ბარი დავუსახელე, რომლებიც, შესაძლოა, მოსწონებოდათ – შარდენზე, სადაც ხალხის თვალიერება შეიძლება და პეროვსკაიაზე, სადაც ფეთხუმი ექსპატები ლოთობენ. თუმცა, მათ ღამის კლუბი უნდოდათ: „ისეთი ადგილი, სადაც ვიცეკვებთ”.

პრობლემა ის კი არ არის, რომ თბილისში ღამის გასართობი ადგილები არ ვიცი – ყველგან ვარ ნამყოფი – უბრალოდ, ვერ ვაიძულე თავი, მერჩია მათთვის ამ ქალაქის რომელიმე ის უძვირესი ჩაკეტილი სივრცე, ტესტოსტერონით გაჟღენთილი ატმოსფეროთი, კლუბი რომ ჰქვია. მინდოდა, ამ ავსტრალიელებს ესიამოვნათ, ეგრძნოთ იმ სიძველის და უდარდელობის ხიბლი, რაც თბილისს განსაკუთრებულს ხდის. არ მინდოდა, საღამო გამაყრუებელი მინიმალ-ტექნოს სმენაში და დაცვის ჭარბწონიან ბიჭებთან ჯაჯგურში გაეტარებინათ, არც გულისამრევად ტკბილი კოქტეილების სმით გასაკოტრებლად მემეტებოდნენ.

სიმართლე გითხრათ, თბილისის კლუბები ყველაზე მეტად მაგონებს კლასიკურ ჯოჯოხეთს. ხმაური, სიცხე, კვამლი და სიბნელე – თან სავსეა საშინელი ადამიანებით. ყოველ ჯერზე, როცა კი ახალი კლუბი იხსნება, იმედი მავსებს, რომ ის მაინც იქნება ნორმალური. შეუძლებელია, ყოველთვის ცუდი გამოდიოდეს – ვფიქრობ ჩემთვის – თუმცა, ისევ ცუდი გამოდის. ძალზე სამწუხაროა, რომ თბილისის, ალბათ, საუკეთესო კლუბს, ამ წუთას, საცეკვაო მოედანი – ანუ, კლუბის ერთ-ერთი აუცილებელი ატრიბუტი – არა აქვს.

მთელ მსოფლიოში ხალხი კლუბებში იმისთვის დადის, რომ მოეშვას, დარდი დაივიწყოს და რაც სურს, ის აკეთოს. თუმცა, არა თბილისში. აქ კლუბებში ბევრად უფრო მეტი უცნაური წესია, ვიდრე ლევიანთა წიგნში: ფეხებს იქ ნუ აწყობ, სასმელი იქით ნუ მიგაქვს, აქ ნუ დადგები, უკრაინელ მეძავთან ასე ახლოს ნუ ცეკვავ და გრძელდება აკრძალვების სია. გართობა ჩემთვის ფორმაში გამოწყობილი ზორბა კაცის მიერ დატუქსვას რომ ნიშნავდეს, მაშინ ჯარში მსახურს დავიწყებდი.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოახერხებთ, დაუძვრეთ დაცვის აგრესიულ თანამშრომელს, ინტერიერის უგემოვნო დამთრგუნველ დიზაინს კი ყურადღება არ მიაქციოთ, მუსიკას თავს ვერაფრით დააღწევთ. ქართველ დიჯეის ვიღაცამ ნამდვილად უნდა აუხსნას, რომ მინიმალ-ტექნოს გარდა ბევრი სხვა რამ არის სასიამოვნო ცხოვრებაში. მაშინაც კი, თუ (ჯიუტად) მიგაჩნიათ, რომ ეს საუკეთესო გასართობი მუსიკაა, ცვლილება კარგია ისევე, როგორც დასვენება. ტექნო გერმანელებსაც კი აღარ მოსწონთ – არადა, მათი მოგონილია.

ვერ ვხვდები, რატომ ვერ ქმნიან ქართველები კლუბებს. ბოლოს და ბოლოს, ეს არის ქვეყანა, სადაც ბევრმა ადამიანმა ნამდვილად იცის, დრო კარგად როგორ გაატაროს, ქვეყანა, სადაც სასმელი არ ილევა და სადაც მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი ცეკვას, რეალურად, დაწყებით კლასებში სწავლობს – კაცი იფიქრებს, ყველა საჭირო წინაპირობა არსებობსო. მიუხედავად ამისა, ქართველების კლუბური ცხოვრება ფრანგულ როკ-მუსიკას წააგავს – იმ ერის მიერ შესრულებულ უსახურ იმიტაციას, რომელსაც უბრალოდ არ ესმის, რა არის ნამდვილი როკი.
თუ სადმე ქალაქში მოსეირნე მოწყენილ ავსტრალიელებს წააწყდით, უმჯობესია, სუფრაზე დაპატიჟოთ.

[email protected]

კომენტარები