ეკონომიკა

თურნავა: ექსპორტის ზრდა საწინდარია იმისა, რომ ლარის პრობლემები წასრულს ჩაბარდება

ეკონომიკის სამინისტრო

ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ ექსპორტის ზრდასა და ლარის გაუფასურების საკითხზე ისაუბრა. 

თურნავას თქმით, პანდემიის მიუხედავად ექსპორტის მიმართულებით დადებითი ტენდენციები შეიმჩნევა, რაც მომავალ წელსაც გაგრძელდება და ლარის გაცვლით კურსს დაასტაბილურებს. 

"წელსაც კი, როდესაც სხვა ქვეყნებში ექსპორტი შემცირებულია. ეს ძალიან კარგი ნიშანია იმისა, რომ მომავალ წელს კიდევ უფრო გაიზრდება. სხვათა შორის 2019 წელს ჩვენ ექსპორტის რეკორდული მაჩვენებელი გვქონდა და ამასთან შედარებითაც კი ქართული წარმოების პროდუქციის ექსპორტი იზრდება. ეს იქნება ერთ-ერთი საწინდარი იმისა, რომ თუნდაც ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებული პრობლემები წარსულს ჩაბარდება. იგივე შემიძლია ვთქვა უცხოურ ინვესტიციებზეც", - განაცხადა ნათია თურნავამ.

უნდა ითქვას, რომ თურნავას განცხადების საპირისპიროდ მეტყველებს ექსპორტის სტატისტიკა. მაგალითად, წელს საქსტატის მონაცემებით, ექსპორტის მოცულობამ 3.016 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 11.3%-ით ჩამორჩება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. შედარებისთვის იგივე მაჩვენებელი გასულ წელს 3.4 მილიარდ დოლარს უტოლდებოდა. კლება ექსპორტში, დაახლოებით, 400 მილიონი დოლარია. 

რაც შეეხება ინვესტიციებს, აქ ვითარება კიდევ მძიმეა. საქმე ის არის, რომ სამი კვარტლის ჯამური მონაცემებით საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოცულობა 10-წლიან მინიმუმზეა. 

უწყების მონაცემებით, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, წლის მესამე კვარტალში ინვესტიციების მოცულობა 23%-ით არის შემცირებული. 

ეს განსაკუთრებით საყურადღებოა იმის გათვალისწინებით, რომ წლის მესამე კვარტალი, როგორც წესი ყველაზე აქტიურია და სწორედ ამ პერიოდში ხორციელდება ყველაზე მეტი ინვესტიცია. ვითარება კიდევ უფრო დრამატულია, თუ წლის პირველი სამი კვარტლის ჯამურ მონაცემებს დავაკვირდებით.

წელს საქართველოში სულ 718 მილიონი ლარის უცხოური ინვესტიციები განხორციელდა, რაც ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

წლის პირველ 3 კვარტალში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტატისტიკა წლების მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება:

  • 2010 წელი – $624.4 მილიონი;
  • 2011 წელი – $804.8 მილიონი;
  • 2012 წელი – $780 მილიონი;
  • 2013 წელი – $787.5 მილიონი;
  • 2014 წელი – $1.3 მილიარდი;
  • 2015 წელი – $1.36 მილიარდი;
  • 2016 წელი – $1.35 მილიარდი;
  • 2017 წელი – $1.44 მილიარდი;
  • 2018 წელი – $1.1 მილიარდი;
  • 2019 წელი – $946 მილიონი;
  • 2020 წელი – $718 მილიონი;

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ინვესტიციების ჯამური მოცულობა 24%-ით არის შემცირებული.

 

კომენტარები