კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: ვმუშაობთ, რომ ერთერთი Covid-ვაქცინა იანვრის ბოლოს შემოვიტანოთ

"მიმდინარეობს პარალელური პროცესი საგარეო საქმეთა სამინისტროს და სამთავრობო არხებით, რომ გარკვეული, რა თქმა უნდა, დამტკიცებული მარეგულირებლების და მათ შორის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, ერთერთი ვაქცინა შემოტანილი იქნეს უფრო ადრე, ამაზე მიმდინარეობს მუშაობა, იანვრის ბოლოს ან თებერვლის დასაწყისში" - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი განმარტებით, ეს შესყიდვა Covax-პლატფორმისგან დამოუკიდებლად მოხდება. საუბარია 200-300 000 დოზაზე.

რაც შეეხება Covax-პლატფორმას, მისგან საქართველო 700 000 ადამიანის სამყოფ ვაქცინას შეიძენს. თანხის ნაწილი ქვეყანამ უკვე გადაიხადა.

"ის შეისყიდის 4-5 ვაქცინას და ჩვენ ავირჩევთ. ამის შემოტანის დრო უნდა იყოს მარტ-აპრილი" - თქვა გამყრელიძემ.

NCDC-ის ხელმძღვანელის ინფორმაციით, თავდაპირველად რისკჯგუფებს აცრიან და შემოდგომამდე მოსახლეობის 20-30%-ს მოიცავენ. მანვე აღნიშნა, რომ ე.წ კოლექტიური იმუნიტეტის მისაღწევად 60%-ის აცრაა საჭირო. 

ამირან გამყრელიძემ უკვე დამტკიცებულ ვაქცინაზე ილაპარაკა, რომლითაც დიდ ბრიტანეთში უკვე დაიწყო აცრები და აღნიშნა, რომ მას -70 გრადუსიანი "ცივი ჯაჭვი" სჭირდება.

"დამტკიცების ეტაპზეა კიდევ ორი ვაქცინა. როგორც მე ვიცი, FDA მომავალ კვირაში  დაამტკიცებს მოდერნას ვაქცინას და დიდი ალბათობით, 7 იანვარს დამტკიცდება ასტრა ზენეკას და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შექმნილი ვაქცინა“ – თქვა ამირან გამყრელიძემ.

8 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 169 649 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 141 392 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 1 576 პაციენტი კი გარდაიცვალა. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 26 655.

მეოთხე თვეა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ქვეყანაში აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდებულოა. 28 ნოემბრიდან საქართველოში კომენდანტის საათი 22:00 საათის ნაცვლად 21:00 საათზე იწყება. ასევე, დიდ ქალაქებში მუშაობას აჩერებს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

რა შეზღუდვები მოქმედებს ქვეყანაში – სრულად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები