NATO

NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრთა კონფერენციაზე შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას განიხილავენ

იენს სტოლტენბერგი

1-2 დეკემბერს ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ვიდეოკონფერენცია გაიმართება. კონფერენციამდე ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მთავარ განსახილველ თემებზე გააკეთა კომენტარი. მათ შორის არის რუსეთის მზარდი სამხედრო ძალისა და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხი.

"მინისტრები განიხილავენ ალიანსის გარშემო რუსეთის სამხედრო ძალის ზრდის საკითხს და იმას, თუ რა შეგვიძლია, გავაკეთოთ რუსეთის გაზრდილი სამხედრო აქტივობების საპასუხოდ, ამასთანავე შევინარჩუნოთ იარაღზე კონტროლის რეჟიმი - მათ შორის შეზღუდვები ბირთვულ ქობინებზე, ვინაიდან START-ის შეთანხმებას ვადა თებერვალში გასდის.

რუსეთი ცდილობს ბირთვული არსენალის მოდერნიზაციას და ახალ რაკეტებს ათავსებს. ის მეტ ძალებს გზავნის ჩვენს სამეზობლოში, დაწყებული სირიის ჩრდილოეთიდან და ლიბიიდან. ასევე ვხედავთ რუსეთის ძალების ზრდას ბელარუსისა და მთანი ყარაბაღის კრიზისის შედეგად". – თქვა მან.

სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ცალკე სესიას გამართავენ საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, რათა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებისა და პარტნიორების მხარდაჭერის საკითხი განიხილონ.

"შავი ზღვის რეგიონი ნატოსა და მისი მოკავშირეებისათვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა. ნატოს სამი წევრი - თურქეთი, ბულგარეთი და რუმინეთი მის სანაპიროზეა. ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს ღირებულ პარტნიორებთან, საქართველოსთან და უკრაინასთან. ნატო ინარჩუნებს ძალებს შავი ზღვის რეგიონში და უფრო ახლოს იმუშავებს საქართველოსთან და უკრაინასთან. ვხედავთ, რომ რუსეთი აგრძელებს ამ ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, განსაკუთრებით ყირიმის უკანონო ანექსიით და საქართველოს ნაწილებში რუსი სამხედროების განთავსებით. ჩვენ განვიხილავთ ამ პრობლემასთან გამკლავების გზებს 2 დეკემბერს, როდესაც პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს შევხვდებით". - თქვა სტოლტენბერგმა.

კიდევ ერთი თემა, რომელსაც ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ვიდეოკონფერენციის დროს განიხილავენ, ავღანეთის კონფლიქტის საკითხია.

"მნიშვნელოვანი დილემის წინაშე ვართ. გავიდეთ და გავრისკოთ, რომ ავღანეთი კიდევ ერთხელ იქცეს საერთაშორისო ტერორიზმის თავშესაფრად, თუ დავრჩეთ და გავრისკოთ უფრო ხანგრძლივი მისია განახლებული დაპირისპირებით. რა გზაც არ უნდა ავირჩიოთ, მნიშვნელოვანია, რომ ეს ერთად, კოორდინირებულად გავაკეთოთ". - თქვა სტოლტენბერგმა.

კომენტარები