ბელგია

ბელგიაში ტერაქტის მოწყობის მცდელობაში ბრალდებული ირანელი დიპლომატის სასამართლო დაიწყო

GETTY IMAGES

ბელგიაში ირანელი დიპლომატის და ბელგიელი წყვილის სასამართლო პროცესი დაიწყო. მათ საფრანგეთში ირანული დისიდენტი ოპოზიციური ჯგუფის ყრილობაზე აფეთქების მოწყობის მცდელობაში ედებათ ბრალი.

ბელგიელი სამართალდამცველების თანახმად 2018 წლის ივნისში ირანული წარმოშობის ორი ბელგიელი მოქალაქე, ცოლ-ქმარი, ამირ ს. და ნასიმე ნ. ლუქსემბურგში რესტორანში ირანელ დიპლომატს ასადოლა ასადის შეხვდნენ. მათ შეხვედრას ბელგიის პოლიცია აკვირდებოდა. პოლიციის თანახმად ასადიმ წყვილს ნახევარი კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება და დეტონატორი გადასცა, რომელიც საფრანგეთში ირანის წინააღმდეგობის ეროვნული საბჭოს ყრილობაზე უნდა გამოეყენებინათ.

რესტორანში შეხვედრიდან ორ დღეში ამირ ს. და ნასიმე ნ. ბრიუსელში დააპატიმრეს, ისინი საფრანგეთში ცდილობდნენ ჩასვლას. გერმანიის პოლიციამ ასადი ბავარიაში დააპატიმრა, ის ავსტრიაში ბრუნდებოდა. პარიზში საფრანგეთის პოლიციამ დააპატიმრა ირანელი კაცი, რომელსაც თანამზრახველობაში დასდეს ბრალი. ოთხივე დაპატიმრებულს ბრალად დაედო მკვლელობის ტერორისტული მცდელობა და  ტერორისტული აქტისთვის მზადება.

ბელგიის პოლიციის თანახმად ასაფეთქებელი ნივთიერება და დეტონატორი ნასიმე ნ.-ს ხელჩანთაში იპოვეს. პოლიცია მიიჩნევს, რომ ტერაქტის სამიზნე ირანის წინააღმდეგობის ეროვნული საბჭოს ლიდერები და ყრილობის სტუმრები იყვნენ. 2018 წელს საფრანგეთმა თავდასხმის მცდელობის ორგანიზებაში ირანის სადაზვერვო სამსახურები დაადანაშაულა. 

ბელგიელი პროკურორები თვლიან, რომ თავდასხმის გეგმა ირანის ლიდერების მიერ იყო მოწონებული. 

ირანის წინააღმდეგობის ეროვნული საბჭო ორგანიზაცია მუჯაჰედინ-ე-ხალქის (MEK) პოლიტიკური შტოა. ორგანიზაცია ოპოზიციური ირანული ჯგუფია, რომელიც ისლამური რესპუბლიკის დამხობას ემხრობა და ირანში ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევა. 1980-იან წლებში MEK-მა ირანის რეჟიმის წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმების სერია განახორციელა, ერთ-ერთს პრეზიდენტი და პრემიერმინისტრი შეეწირა. წლების მანძილზე შეიარაღებული დაჯგუფებიდან პოლიტიკურ ჯგუფად გარდაიქმნა და აქტიური ლობისტი გახდა.

პროკურატურის თანახმად, ამირ ს. MEK-ის ყოფილი წევრია. გამოძიება თვლის, რომ 2012 წელს ამირ ს. ირანის სადაზვერვო სამსახურის მიერ იყო რეკრუტირებული და მას ირანი ფულს უხდიდა.

ამირ ს. და ნასიმე ნ. აღიარებენ, რომ ასადოლა ასადისგან შეფუთვა მართლაც მიიღეს, მაგრამ უარყოფენ, რომ იცოდნენ რა იყო შეფუთვაში. ნასიმე ნ. თქმით, მას ეგონა, რომ ასადიმ ფოიერვერკები გადასცა. თავად ასადი გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარს ამბობს.

კომენტარები