ხაბად ლუბავიჩი

ამერიკულმა სასამართლომ ებრაული ორგანიზაციის მოთხოვნით რუსული აქტივები დააყადაღა

Vosizneias

ამერიკულმა სასამართლომ ებრაული ორგანიზაციის, ხაბად ლუბავიჩის, მოთხოვნით რუსული აქტივები დააყადაღაორგანიზაცია იბრძვის, რომ რუსეთის მთავრობისგან ღირებული, შნეერსონის ბიბლიოთეკა უკან დაიბრუნოს. 

აშშ-ს ფედერალური რაიონული მოსამართლის, როის ლამბერტის გადაწყვეტილებით, ხაბად ლუბავიჩის აშშ-ში არსებული ორგანიზაცია, აგუდას ხასიდეი აბადი უფლებამოსილია აშშ-ში რუსეთის მთავრობის ფინანსურ აქტივებს ყადაღა დაადოს.

2013 წელს ლამბერტმა რუსეთს დღეში 50 000 აშშ დოლარის ჯარიმა დააკისრა, რადგან მან უარი თქვა არქივის ლუბავიჩის მსოფლიო სათაო ოფისში დაბრუნებაზე. ახლანდელი გადაწყვეტილებით, ლამბერტმა 51-გვერდიანი განმარტებითი დოკუმენტი დაწერა, თუ რატომ არ მისცემს უფლებას რუსეთს გაასაჩივროს მისი წინა გადაწყვეტილება - მოლაპარაკების დრომ ჩაიარა და საქმის ერთადერთი ნამდვილი გადაწყვეტა რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესებაა. 

ამჟამინდელი გადაწყვეტილებით, ხაბადის მოთხოვნით, 180 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების რუსულ აქტივს ყადაღა დაედება. ხაბადმა სასამართლოში გამოიძახა რუსეთის სახელმწიფო ბირთვული სააგენტოს, როსატომის მერილენდში არსებული კორპორაცია - Tenex-USA.

"წლების განმავლობაში ხაბადი ეძებდა აქტივებს, რასაც რუსეთის ფედერაცია ფლობს იმ მიზეზით, რომ დაიბრუნოს მოპარული ხაბადის კოლექცია". – ამბობს ხაბადის მხარის წარმომადგენელი, სტივენ ლიბერმანი. მისივე თქმით, ლამბერტის გადამწყვეტი განჩინების წყალობით, ხაბადს შეეძლება, მიიღოს საჭირო ინფორმაცია, რათა "რუსული აქტივების იდენტიფიცირება მოახდინოს და ყადაღა დაადოს. ეს დადგენილება ერთი ნაბიჯით გვაახლოებს რუსული კოლექციის დაბრუნებასთან".

ხაბად ლუბავიჩი არის ორგანიზაცია, მოძრაობა და ფილოსოფია. ხაბად ლუბავიჩის მოძრაობა ჰასიდიზმის განშტოებაა, რომელიც 250 წლის წინ დაარსდა და მოიცვა რუსეთი, მიმდებარე ქვეყნები და მოგვიანებით თითქმის მთელს მსოფლიოში გავრცელდა. მოძრაობის საგანმანათლებლო და სოციალური მომსახურეობის ორგანიზაცია 1940-იან წლებში დაარსდა. ხასად ლუბავიჩი დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰასიდური ჯგუფი და ებრაული რელიგიური ორგანიზაციაა.

შნეერსონის კოლექცია არის ძველი წიგნებისა და ხელნაწერების კოლექცია, რომელიც ეკუთვნის ლუბავიჩის მეექვსე სულიერ ლიდერს, რაბინ იოსებ იცხაკ შნერსონს. კოლექცია 1918 წელს ბოლშევიკურმა მთავრობამ ხელში ჩაიგდო. ლუბავიჩის სულიერმა ლიდერმა კოლექცია მოსკოვში შეინახა, რადგან იგი გაურბოდა გერმანიის არმიას, მაგრამ როდესაც 1922 წელს კოლექციის უკან დაბრუნება მოითხოვა, მთავრობამ ამაზე უარი განუცხადა და მას შემდეგ ამბობს, რომ ეს ეროვნული საგანძურია. რუსები აშშ-სთან ჩივიან, რომ 90-იანებში კონგრესის ბიბლიოთეკისთვის ნათხოვნი 7 წიგნი ხაბადს დაუბრუნეს და არა რუსებს. 

ადრე რუსებმა ხაბადის ბიბლიოთეკარი მოსკოვში მიიწვიეს, რათა აერჩია ის წიგნები, რომლებიც შნეერსონის ოჯახს ეკუთვნოდა. მან 4 651 წიგნი აარჩია, რომლებიც რუსეთის სახელმწიფო ბიბლიოთეკიდან მოსკოვში, ებრაულ მუზეუმსა და ტოლერანტობის ცენტრში გადაიტანეს. თუმცა, ყველა დოკუმენტი, წერილი, ხელნაწერი და ფოტო, რომელიც რაბინმა დატოვა და რომელიც შემდეგ წითელი არმიის ხელში გადავიდა, ახლა მოსკოვში, რუსეთის სახელმწიფო სამხედრო ისტორიულ არქივშია. რუსები ხაბადს უარს ეუბნებიან ხელნაწერებისა და წიგნების დაბრუნებაზე. 

"ამ წიგნების გათავისუფლება და მათი კანონიერი მესაკუთრეებისთვის დაბრუნება ებრაელი ხალხისთვის მნიშვნელოვანია. ეს არის დატყვევებული ადამიანის გათავისუფლების მსგავსი ვალდებულება. ეს წიგნები მოიცავენ იმ სულიერ ლიდერთა სულებს, რომელთა ნამუშევარი მათშია ასახული". – თქვა ლიბერმანმა.

კომენტარები